ისრაელში უკანასკნელ ორ წელში მეოთხედ გაიმართება საპარლამენტო არჩევნები მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს კოალიციურმა მთავრობამ ვერ მოახერხა ბიუჯეტზე შეთანხმება. ისრაელის პარლამენტი, ქნესეთი, ავტომატურად დაიშალა 23 დეკემბერს, მას შემდეგ, რაც წუხელ ამოიწურა ბიუჯეტის დამტკიცების ვადა.
არჩევნები მარტში შედგება. ნეთანიაჰუმ, რომლის წინააღმდეგაც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული კორუფციის ბრალდებით, და მისმა მეტოქემ, ბენი განცმა, ერთმანეთს დასდეს ბრალი მთავრობის დამხობის გამო.
მას მერე, რაც 2019 წლის აპრილის შემდეგ გამართულმა სამმა არჩევნებმა ვერ გამოავლინა გამარჯვებული, ნეთანიაჰუს მემარჯვენე ლიკუდი და განცის ცენტრისტული ლურჯ-თეთრი პარტია მაისში შეთანხმდნენ ერთობის მთავრობის შექმნაზე, რათა ქვეყანას თავი გაერთვა უპრეცედენტო პრობლემებისთვის ჯანდაცვასა და ეკონომიკაში.
კოალიცია თავიდანვე ვერ ფუნქციონირებდა უნდობლობის, პირადი მეტოქეობისა და პოზიციათა ღრმა განსხვავებების გამო, რაც დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გაღრმავდა.