Accessibility links

logo-print logo-print

ომბუდსმენი მოუწოდებს პარლამენტს, არ მიიღოს პარტიების დაფინანსების შეწყვეტის ცვლილებები


ნინო ლომჯარია, სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველი უარყოფითად აფასებს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებების პროექტს, რომელსაც დაჩქარებული წესით განიხილავს პარლამენტი.

ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, იმ პარტიებს, რომლებიც არ აითვისებენ მათთვის განკუთვნილი პარლამენტის წევრის მანდატს ან მანდატების ნახევარს, არ მიეცემათ საბიუჯეტო დაფინანსება. გარდა ამისა, ასეთ პარტიებს აღარ გამოეყოფათ უფასო საეთერო დრო წინასაარჩევნო პერიოდში.

ვრცელ განცხადებაში, რომელსაც სახალხო დამცველი აქვეყნებს, აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველს მსგავსი საკანონმდებლო ცვლილებები ადამიანის უფლებების ჭრილში უკვე შეფასებული აქვს.

„კერძოდ, 2008 წლის I ნახევრის ანგარიშში, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ პარლამენტში შესვლაზე უარის თქმის გამო ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისათვის საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტა სერიოზულ დარტყმას აყენებდა ქვეყანაში გაერთიანების თავისუფლებას და კანონში შეტანილ შესაბამის ცვლილებას პარტიების მიმართ გამოყენებულ სანქციად აფასებდა. აღნიშნული შეფასებები დღესაც აქტუალურია”, - წერია განცხადებაში.

ომბუდსმენი მოუწოდებს პარლამენტს, არ მიიღოს წარმოდგენილი ცვლილებები, რადგან ის არღვევს პოლიტიკური პარტიებისთვის საქართველოს კანონმდებლობით უზრუნველყოფილ უფლებრივ გარანტიებს.

„ინიცირებული ცვლილებები პოლიტიკური პარტიების თავისუფლებასთან ერთად მათ საკუთრების უფლებასაც ზღუდავს. მოქმედი კანონის შესაბამისად, ოპოზიციურ პარტიებს დაკმაყოფილებული აქვთ მათთვის წაყენებული ყველა მოთხოვნა - მიღებული აქვთ ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1% მაინც და წარდგენილი აქვთ წერილობითი თანხმობა, რაც საბიუჯეტო დაფინანსების მისაღებადაა საჭირო. ევროსასამართლოს განმარტებით, „საკუთრება“ მოიცავს მოთხოვნებსაც, ხოლო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია იცავს ლეგიტიმურ მოლოდინს მათი შესრულების თაობაზე. ინიცირებული კანონპროექტი მიზნად ისახავს უკვე დამდგარი მოთხოვნის გაუქმებას ოპოზიციური პარტიებისათვის, რაც საკუთრების შეზღუდვად უნდა იქნეს მიჩნეული. იგივე შეეხება პოლიტიკური პარტიებისათვის უფასო საეთერო დროით სარგებლობის შესაძლებლობის გაუქმებასაც”, - აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში. განცხადების თანახმად, მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო კანონმდებლობა, მათ შორის პარტიების დაფინანსებასთან თუ უფასო საეთერო დროის გამოყოფასთან დაკავშირებული რეგულაციები პარტიებს შორის იყოს შეთანხმებული და არ იყოს მხოლოდ ერთი სუბიექტის მიერ ექსკლუზიურად განსაზღვრული.

პარლამენტმა 23 დეკემბერს პირველი მოსმენით მიიღო კანონი, რომლითაც პარტიებს, რომელთა დეპუტატებიც მანდატზე უარს იტყვიან, დაფინანსება შეუწყდებათ. სხდომაზე გადაწყდა, რომ საკითხს მეორე მოსმენით იმ დრომდე არ განიხილავენ, სანამ ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის დასკვნები არ დაიდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG