Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსზე აცრილი სანტა კლაუსი მარხილით შეუდგა თავის ყოველწლიურ მოგზაურობას


NORAD-ში თვალს ადევნებენ სანტა კლაუსის გადაადგილებას
NORAD-ში თვალს ადევნებენ სანტა კლაუსის გადაადგილებას

სანტა კლაუსი, რომელსაც COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრა ჩაუტარდა, ამერიკელი და კანადელი სამხედროების მეთვალყურეობის ქვეშ ხუთშაბათიდან, შობის წინა დღით, შეუდგა თავის მოგზაურობას დედამიწის ზურგზე.

სააგენტო „როიტერსის“ თქმით, ამის შესახება განაცხადა აშშ-ის წამყვანმა ინფექციონისტმა, ენტონი ფაუჩიმ:

„მე გავემგზავრე ჩრდილოეთ პოლუსზე და თავად გავუკეთე აცრა სანტა კლაუსს. ის მზად არის მოგზაურობისთვის“, - განაცხადა ამ კვირაში ფაუჩიმ ტელეკომპანია CNN-ის ეთერში.

შტატ მენის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, ნირავ შაჰმა, დაადასტურა, რომ მისმა სააგენტომ მიიღო ლაბორატორიული ანგარიში ჩრდილოეთ პოლიუსიდან, რომელიც მოწმობს, რომ სანტა კლაუსს აქვს ანტისხეული და ის უარყოფითია ვირუსზე.


ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის სარდლობა (NORAD), ასევე აშშ-ისა და კანადის გაერთიანებული სარდლობა 65-ე წელია ადევნებს თვალს სანტა კლაუსის ირმებიანი მარხილით მოგზაურობას.

NORAD-ი ონლაინრეჟიმში, www.noradsanta.org-ზე აახლებს რეალურ დროში მიღებულ გამოსახულებას და სანტა კლაუსის ცხელ ხაზზე პასუხობს ბავშვების შეკითხვებს.


ტრადიციას საფუძველი ჩაეყარა 1955 წელს, როდესაც პატარა გოგონამ, სანტა კლაუსის ნაცვლად, სამხედრო უწყებაში დარეკა. ზარს პირადად უპასუხა აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალმა, პოლკოვნიკმა გარი შოუნმა, რომელმაც გოგონა დაამშვიდა, სანტა კლაუსი უკვე გზაშიაო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG