Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანმოს დირექტორი: მზად ვარ მხარდაჭერისთვის, რომ საქართველომ კოვიდვაქცინის პირველი დოზები რაც შეიძლება ადრე მიიღოს


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ტელეფონით ესაუბრა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, ტედროს ადანომ ღებრეისუსს, რომლის დროსაც საუბარი შეეხო კოვიდვაქცინაციის პროცესის დაწყებას მსოფლიოში და პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილი სპეციალური კომისიის საქმიანობას, რომელიც აქტიურ რეჟიმში მუშაობს როგორც საქართველოში ვაქცინის დროული შემოტანის, ისე ინფრასტრუქტურული და ლოგისტიკური საკითხების მოგვარების კუთხით.

საუბრის დროს ყურადღება გამახვილდა იმ ფაქტზე, რომ გარდა COVAX-პლატფორმისა, აქტიურ ფაზაშია მოლაპარაკებები საერთაშორისო პარტნიორებსა და ვაქცინის მწარმოებლებთან, რომელსაც სახელმწიფო, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ჩართულობით აწარმოებს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებში, რათა ქვეყანამ ვაქცინის პირველი დოზები რაც შეიძლება ადრე მიიღოს.

აღინიშნა, რომ საქართველოსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთი მაგალითია ჯანმოს ევროპის რეგიონული დირექტორის ვიზიტი საქართველოში, რომელიც გასულ კვირას შედგა.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ საქართველო მომავალშიც განაგრძობს მჭიდრო პარტნიორობას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან, როგორც СOVID-19-ის მართვის ნაწილში, ისე ჯანდაცვის სფეროში სამომავლო რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით.

XS
SM
MD
LG