Accessibility links

logo-print logo-print

ივერი მელაშვილის წერილის საკითხზე ადვოკატს პასუხობს სპეციალური პენიტენციური სამსახური


ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაპატიმრებული ივერი მელაშვილის ადვოკატი „ფეისბუკზე" წერს, რომ ციხის ადმინისტრაციამ მისი დაცვის ქვეშ მყოფს წერილის გადმოცემის უფლება არ მისცა.

„N8 დაწესებულების ნაწილის ადმინისტრაციამ ივერი მელაშვილს არ მისცა უფლება ჩემთვის, ადვოკატისთვის გადმოეცა საქმესთან დაკავშირებით მის მიერ მომზადებული წერილობითი ანალიზი, რითაც უხეშად დაარღვია დაცვის უფლება.

ეს მაშინ, როდესაც პროკურატურა მასალებს არ გვაძლევს სრულად, ბრალდებულთან შეხვედრა ბარიერების მიღმა ხდება, ხოლო ადმინისტრაცია უკვე საქმეზე ბრალდებულის წერილობით მოსაზრებების ადვოკატისთვის გადაცემას ბლოკავს", - დაწერა მარიკაშვილმა.

სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ბრალდებულ ივერი მელაშვილის უფლებები არ დარღვეულა, ვინაიდან პატიმრის პირადი ხასიათის კორესპონდენციის ადრესატისთვის გაგზავნას პენიტენციური დაწესებულება უზრუნველყოფს.

„პატიმრობის კოდექსის მე-16 მუხლის თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს შეუზღუდავი რაოდენობით გაგზავნოს და მიიღოს წერილები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელზე შემოსული წერილის მისთვის ჩაბარებას, აგრეთვე ბრალდებულის/მსჯავრდებულის წერილის ადრესატისთვის გაგზავნას უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულება", - ნათქვამია განცხადებაში.

სპეციალური პენიტენციური სამსახური, აგრეთვე, განმარტავს, რომ ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია დაუბრკოლებლად შეხვდეს ადვოკატს, მაგრამ ეს არ გულისხმობს რომ ადვოკატმა გამოიტანოს სხვა პირებთან გასაგზავნი კორსპოდენცია დაუბრკოლებლად, ამასთან, ადვოკატთა შესახებ კანონის თანახმადაც, პირადი ხასიათის კორესპონდენციის ადრესატამდე მიტანა სცილდება საადვოკატო საქმიანობის ფარგლებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ივერი მელაშვილს აქვს შესაძლებლობა მისთვის სასურველ ადრესატს გაუგზავნოს წერილი, რომლის ადრესატისთვის გაგზავნას საფოსტო გზავნილის სახით უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულება.

პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის საქმეზე სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. არც ერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს, გამოძიებასთან არ თანამშრომლობს და ამ დრომდე წინასწარ პატიმრობაში რჩება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG