Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარიას თქმით, არავის ემახსოვრება, ვინ შევიდა პარლამენტში, ემახსოვრებათ პანდემიასთან ბრძოლა


პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, პოლიტიკურ კრიზისზე გაცილებით მნიშვნელოვანი საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური და ეკონომიკური კრიზისია. მისი სიტყვებით, „გაივლის დრო და არავის ემახსოვრება ის, რასაც ახლა თქვენ პოლიტიკურ კრიზისს ეძახით“. ასე უპასუხა მან მთავრობის ადმინისტრაციოში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მედიის შეკითხვას.

„მერწმუნეთ, გაივლის დრო და არავის ემახსოვრება ის, რასაც ახლა თქვენ პოლიტიკურ კრიზისს ეძახით, მეტსაც გეტყვით, არავის ემახსოვრება, კონკრეტულად ვინ შევიდა პარლამენტში ან ვინ თქვა უარი შესვლაზე. ყველას ემახსოვრება ერთადერთი რამ - როგორ გაუმკლავდება ქვეყანა ეპიდემიას და როგორ გაუმკლავდება ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი სიტყვებით, პრიორიტეტების ნუსხაში ეს ორი საკითხი დგას პირველ რიგებში და შემდეგ მოდის სხვა ყველაფერი.

კითხვაზე, რას სთავაზობს „ქართული ოცნება“ ოპოზიციას პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, გიორგი გახარიამ უპასუხა, რომ ის მოლაპარაკებების პროცესში არ მონაწილეობს, თუმცა პირადად ოპოზიციას პარლამენტში შესვლას სთავაზობს.

„შეთავაზება მექნებოდა ერთი, ჩემგან პირადად, დროზე შევიდნენ პარლამენტში. შევიდნენ დროზე პარლამენტში და ჩვენმა მოქალაქეებმა რა მოვალეობა, ვალდებულება და პასუხისმგებლობაც დააკისრეს, ის პასუხისმგებლობა აიღონ თავის თავზე და შეასრულონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი მოქალაქეები შესაბამის შეფასებას მისცემენ შემდგომ არჩევნებზე, დარწმუნებული ვარ ამაში, ყველანაირი ირონიის გარეშე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მანვე დააზუსტა რომ არ უთქვამს, რომ ყველას დაავიწყდება პოლიტიკური კრიზისის საკითხი, გიორგი გახარიას განმარტებით, იქნებიან ადამიანები, ვისთვისაც პრიორიტეტების ნუსხაში ეს საკითხია მნიშვნელოვანი, მისთვის კი მოქალაქეთა ჯანმრთელობა და სამუშაო ადგილებია პირველ ადგილზე.

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების მიზეზით, ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია. არჩევნებში დეპუტატის მანდატები სულ 9 პარტიამ მოიპოვა, თუმცა საპარლამენტო საქმიანობას მხოლოდ მმართველი „ქართული ოცნება“ განაგრძობს.

XS
SM
MD
LG