Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2020 წლის ყველაზე საჭირო ნივთები


2020 წელს განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა რამდენიმე ნივთმა, რომელიც მანამდე სრულიად ხელმისაწვდომი და არცთუ მოთხოვნადი იყო.

ნიღაბი, ხელთათმანები და სადეზინფექციო სითხე

პანდემიის პირველი თვის განმავლობაში, სანამ ახალ მარაგს შემოიტანდნენ, ვერც ერთ ამ ნივთს იოლად ვერ იშოვიდით. შემდეგ დეფიციტი მოიხსნა, თუმცა გაორმაგებული ფასი დარჩა. ნიღბის ყიდვიდან მის გაკეთებამდე გრძელი გზა იყო. მართალია, კანონი ნიღბის ტარებას ითხოვდა, მაგრამ ბევრი მხოლოდ ფორმალურად ემორჩილებოდა წესებს.

როცა ვამბობდი, რომ ვერ დაითვლით-მეთქი [კუბოებს], ვითვლით ახლა?! დავითვალოთ რამდენია, 1200-ზე მეტია. ეს არის დასათვლელი ამ პატარა ქვეყნისთვის?! რა იყო საჭირო? ნიღაბი უნდა გვეტარებინა და დისტანცია უნდა დაგვეცვა“, - თქვა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ „ტვ პირველის“ ეთერში მას შემდეგ, რაც დაავადებულთა რიცხვი ათობით ათასს გადასცდა.

საწოლი საწოლფონდიდან

ჯერ კიდევ ნოემბერში ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებდა, რომ საავადმყოფოებში კოვიდით ინფიცირებული პაციენტებისთვის გამოყოფილი ადგილების რაოდენობა ორჯერ უფრო დიდ ქვეყანასაც კი გასწვდებოდა. 3 დეკემბერს 7 103 „საწოლი იყო მობილიზებული”. აქედან დატვირთული იყო 6 329, დანარჩენი 538 კი - თავისუფალი. საავადმყოფოებში მკურნალობდა 6 561 ადამიანი.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებდნენ, რომ რეალურ დეფიციტს მედპერსონალი წარმოადგენდა და არა ინვენტარი, თუმცა წლის ბოლოს კოვიდდაავადებული პირის საავადმყოფოში მოსათავსებლად ავადმყოფის ახლობლებს მთელი რიგი ბატალიების გადატანა უწევდათ.

ნოემბერში ლიკას ორივე მშობელი ავად გაუხდა. თავიდან სახლში მკურნალობდნენ, თუმცა მოგვიანებით დედას, რომელიც 69 წლისაა, ჰოსპიტალში გადაყვანა დასჭირდა. აქ დაიწყო ბრძოლა გადარჩენისათვის:

მე-11 დღეს მისი მდგომარეობა დამძიმდა. სუნთქვის უკმარისობა ჰქონდა. პატარა ქალაქში ცხოვრობენ, სადაც ცხელების ცენტრი არ არის და, შესაბამისად, არც რამე საშუალება, რომ თუნდაც გადასხმა გაეკეთებინათ. დავიწყეთ 112-ში რეკვა. სამი ადამიანი ვრეკავდით, მათ შორის თვითონ დედაჩემიც. დღის განმავლობაში თითოეულმა, დაახლოებით, 8-9-ჯერ დავრეკეთ, ესეც მხოლოდ იმისთვის, რომსასწრაფომოსულიყო. ამავე დროს დავიწყეთ საავადმყოფოში ადგილის ძებნა, რომელიც ასევე არ იყო. ბოლოს ნაცნობობით და იმის გამო, რომ ჩვენს ოჯახს ქალაქში მეტ-ნაკლებად იცნობენ, ერთ არცთუ საუკეთესო საავადმყოფოში გამოძებნეს საწოლი“, - ამბობს ლიკა.

ზუმი, თიმსი და ლეპტოპი

პანდემიის პირობებში საქართველოს მოსახლეობა, დანარჩენი მსოფლიოს მსგავსად, იმ პროგრამების მოხმარებაზე გადავიდა, რომლებიც დისტანციური ურთიერთობებისთვის არის შექმნილი. თუმცა გადავიდნენ მხოლოდ ისინი, ვისაც ინტერნეტი და კომპიუტერი ჰქონდა. გაეროს ბავშვთა ფონდისა (UNICEF) და საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) ახალი ერთობლივი ანგარიშის მიხედვით, საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო სკოლების დახურვა შეეხო, დაახლოებით, 661 500 ბავშვს, რომლებსაც მოუწიათ გადასვლა ვირტუალურ რეჟიმში სწავლაზე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სასკოლო ასაკის ბავშვების 15 პროცენტს სახლში ინტერნეტი არა აქვს.

ვიდეოთვალი და მიკროფონი

ვიდეოთვალი ყველას დასჭირდა, ვინც კი სახლიდან მუშაობდა ან სწავლობდა. მისი ფასი საშუალოდ 70 ლარი იყო და ძირითადად ონლაინმაღაზიების საშუალებით უკვეთდნენ, ადგილზე კი კურიერს მიჰქონდა. პრობლემა აღმოჩნდა მისი მოხმარება და ოჯახის წევრების გაკონტროლება, რომ ჩართვისას კადრში არ შემოჭრილიყვნენ.

ბავშვის ფეხსაცმელი, პარიკმახერი და გადაადგილების საშუალება

ბავშვის ფეხსაცმელი განსაკუთრებით პირველი ლოკდაუნის დროს გახდა საჭირო, რომელსაც მოსახლეობა გამოცდილების გარეშე და, შესაბამისად, მოუმზადებელი შეხვდა. ბავშვებს ფეხსაცმელებიც დაუპატარავდათ და ტანსაცმელიც დაეხათ, მაგრამ სანამ შეზღუდვები არ მოიხსნა და მაღაზიები არ გაიღო, მშობლები ახალი ნივთების შეძენას ვერსად ახერხებდნენ.

შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ხალხის ნაწილი მაღაზიებს მიაწყდა, მეორე ნაწილი კი - სილამაზის სალონებს, რომლებიც პირველი ლოკდაუნის დროს ასევე დახურული იყო. პარიკმახერის მომსახურებით სარგებლობას მხოლოდ სახლში ახერხებდნენ, ისიც მხოლოდ ისინი, ვისაც უცხო ადამიანის სტუმრობის და, შესაბამისად, ვირუსის არ ეშინოდა.

რადგანაც ლოკდაუნის დროს მკვეთრად შეიზღუდა გადაადგილების საშუალება, ხალხმა ისეთი სატრანსპორტო საშუალებების ძიება დაიწყო, რომელსაც აკრძალვა არ ეხებოდა. ამ დროს ბევრს გაახსენდა ველოსიპედი, რომელსაც მანამდე არ იყენებდა, ზოგმა კი ცხენიც გამოიყვანა თავლიდან.

უკვე მეორე ლოკდაუნის დროს ქალაქები მთლიანად არ ჩაკეტილა. სატრანსპორტო საშუალებებიდან აკრძალვა მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტს შეეხო. ღია დარჩა სილამაზის სალონები და აგრობაზრობებიც.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG