Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კომუნიკაციების კომისიამ "ქართული ოცნების" საჩივრის საფუძველზე სანქცია დააკისრა"მთავარ არხს"


კომუნიკაციების კომისიამ "მთავარი არხი" "ქართული ოცნების" საჩივრის საფუძველზე დაასანქცირა. იმის გამო, რომ ბოლო 1 წელში ეს პირველი დარღვევა იყო, არხი მხოლოდ გააფრთხილეს. გადაწყვეტილება კომისიამ ერთ ხმად მიიღო. პარტია დავობდა, რომ არხმა მათ მეორე ტურის წინ კანონდარღვევით უთხრა უარი უფასო საარჩევნო რგოლების განთავსებაზე.

სხდომაზე "მთავარი არხის" იურისტმა, თამთა მურადაშვილმა დაადასტურა, რომ მათ არ განათავსეს "ქართული ოცნების" სარეკლამო რგოლები, თუმცა მიაჩნია, რომ კანონმდებლობა არ დაურღვევიათ. მისი თქმით, კანონმდებლობა მაუწყებლებისგან მოითხოვს დისკრიმინაციულად არ დაუთმოს პოლიტიკურ პარტიებს სარეკლამო დრო. მისი თქმით, ეს დილემა არ არსებობდა, რადგან არხს საერთოდ არ გამოუყვია უფასო სარეკლამო დრო პოლიტიკური პარტიებისთვის.

"გარემოებების გათვალისწინებით, რადგან სხვა არხები აძლევდნენ პარტიებს უფასო დროს, ამიტომ ჩავთვალეთ, რომ ამის გათვალისწინებით პარტიები არ იქნებოდნენ მძიმე მდგომარეობაში... ამ დროში ცესკოს ფასიან რეკლამაზეც კი ვთქვით უარი - ესეც ჯდებოდა გამოხატვის თავისუფლებაში... სიჩუმე ავირჩიეთ პროტესტის ფორმად და ვფიქრობთ, რომ ეს ჯდება გამოხატვის თავისუფლებაში", - თქვა "მთავარი არხის" იურისტმა, თამთა მურადაშვილმა.

კომუნიკაციის კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა სხდომაზე თქვა, რომ კანონდარღვევა ცალსახაა:

"მგონი, სადავო არაფერია. დარღვევა სახეზეა. ნებისმიერი ეროვნულ მაუწყებელს აქვს ვალდებულება უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსების. განხილვის შედეგად ახალი არაფერი თქმულა".

როგორც სხდომაზე გაირკვა, კომუნიკაციების კომისიას "ქართულმა ოცნებამ" "მთავარი არხიდან" რეკლამის განთავსებაზე უარის მიღებიდან 1 თვის თავზე გაასაჩივრა, როცა უკვე შეუძლებელი იყო დარღვევის გამოსწორება და ვეღარ განათავსებდა არხი უფასო რეკლამას.

XS
SM
MD
LG