Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივერი მელაშვილი ციხიდან წერილს ავრცელებს


ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაპატიმრებული ივერი მელაშვილი ციხიდან წერილს ავრცელებს - „ახალი წლის მოსალოცი ციხიდან“.

მელაშვილი მიმართავს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს: „ჩემს წილად საკუთარ მაგალითზე გამოვცადე თქვენი მთავრობისა და მართლმსაჯულების უსამართლობა - ამიტომაც ვზივარ ციხეში. მაგრამ, უფრო მთავარი სხვა რამეა. ჩემს წინააღმდეგ აღძრული საქმე ემსახურება ორ მიზანს: წინასაარჩევნო ტრიუკის ჩატარებას, პოლიტიკური ოპონენტების გასაშავებლად, ბინძური და უღირსი მეთოდით და საქართველოს პარტნიორ ქვეყანასთან ურთიერთობების გაფუჭებას, ჩვენი მტრის - რუსეთის ფედერაციის საამებლად. ეს ორივე მიზანი უკიდურესად საზიანოა ჩვენი ქვეყნისთვის.

არ მგონია, რომ ჩემი მოლოცვა მნიშვნელოვანი იყოს თქვენთვის, მაგრამ მაინც მინდა გისურვოთ, რომ მალე, მოესწროთ ყოველივეს, რასაც იმსახურებთ: სიკეთისთვის -სიკეთეს, მადლისთვის - მადლს, სიყალბისთვის - სიყალბეს, ბოროტებისთვის -ბოროტებას, სიძულვილისთვის - სიძულვილსა და რისხვას და ა.შ.

თქვენც გილოცავთ ახალ წელს ივანიშვილის მთავრობის, მართლმსაჯულების სისტემის, პარლამენტის და მასმედიის პასუხისმგებელო პირებო და მისი დავალებების შემსრულებლებო! თქვენც მინდა გისურვოთ ყველაფერი იმის ასრულება, რასაც იმსახურებთ“.

ივერი მელაშვილის მისალოც წერილს სხვა ადრესატების ჰყავს: „ვულოცავ დამდეგ ახალ წელს საღად მოაზროვნე საზოგადოებას, ოპოზიციურ პარტიებსა და ოპოზიციურად განწყობილ მასმედიის საშუალებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სხვადასხვა გაერთიანებებსა და კავშირებს. გისურვებთ გაერთიანებული ძალით წარმატების მიღწევას, ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავლის შექმნის საქმეში. მიგულეთ თქვენს გვერდით, ქვეყნის სასიკეთო, საერთო საქმეში.

ვულოცავ ახალ წელს მის უდიდებულესობა ქართველ ხალხს. ხალხო, ეს ქვეყანა ჩვენია, სხვა სამშობლო ჩვენ არ გვაქვს, ჩვენ ვართ მთავარი გადამწყვეტი იმისა, თუ როგორი მომავალი უნდა გვქონდეს ჩვენც, ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს, ჩვენ უნდა ვუკარნახოთ და მოვთხოვოთ მთავრობას, თუ როგორ გარემოში გვსურს ცხოვრება- ცივილიზირებულ გარემოში, თუ დაჩაჩანაკებულ, გაღარიბებულ და უპერსპექტივო გარემოში. განვითარება, ცივილიზაცია, მატერიალური სიუხვე და უსაფრთხოება დასავლეთის მიმართულებისკენ სვლა, მათი ღირებულებების გათავისებასა და განვითარებისკენ სწრაფვაში. გვატყუებენ ისინი, ვინც რუსული ორიენტაციისკენ გვიბიძგებენ“.

მელაშვილი 2020 წლის 31 ოქქტომბრის არჩევნებსაც ეხმაურება. „ის, რა შედეგიც ამ განვლილ არჩევნებში დაიდო, დიდწილად ჩვენს საზოგადოებაში, ამ დუხჭირ და უპერსპექტივო გარემოში დამკვიდრებული ნიჰილიზმის შედეგია. მავანი სპეციალურად ამკვიდრებს ასეთ გარემოს, ვინაიდან კარგას ესმის, რომ უიმედო მასის მართვა იოლია.

ამიტომაც, გისურვებთ ამოიკვეთოთ უიმედობა! კრიტიკულად შეხედეთ დაპირებებსა და ტყუილებით გაჯერებული ანგარიშებს. გააანალიზეთ პერსპექტივები, ნუ შეგაშინებთ სიახლეები და თამამად მიიღეთ გადაწყვეტილებები. გადაწყვეტილებების მიღება - ეს მთავარია, რაზედაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვთქვათ უარი. ეს საჭიროა იმისთვის, რომ ვიყოთ არა მხოლოდ მასა, არამედ თავისუფალი ხალხის საზოგადოება, რომელიც თავად იღებს გადაწყვეტილებებს და საზღვრავს თავის მომავალს“, - წერს მელაშვილი, რომელიც საკუთარ თავს უწოდებს „ამ მთავრობის უკანონო პატიმარსა და ბრალდებულს.

პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის საქმეზე სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. არცერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს, გამოძიებასთან არ თანამშრომლობს და ამ დრომდე მათ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ პატიმრობა.

მელაშვილისა და ილიჩოვას გათავისუფლების საკითხს ხელისუფლებასთან მიმდინარე მოლაპარაკებაზე ერთ-ერთ პუნქტად აყენებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG