Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიუ-იორკის სასამართლომ 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა საქართველოდან ექსტრადირებულ რუს ჰაკერს


ნიუ-იორკის მანჰეტენის სასამართლომ 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა 37 წლის მოსკოველ ანდრეი ტიურინს. ის დამნაშავედ ცნეს კომპიუტერულ ქსელებში უკანონოდ შეღწევაში, საბანკო თაღლითობასა და ონლაინ აზარტულ თამაშებთან დაკავშირებულ დანაშაულში.

ნიუ-იორკის პროკურატურის ინფორმაციით, ტიურინი თანამზრახველებთან ერთად მონაწილეობდა ჰაკერულ კამპანიაში, რომლის მსხვერპლი გახდა არაერთი ამერიკული ფინანსური დაწესებულება, საბროკერო ფირმა და სხვა კომპანიები.

გამოძიების თანახმად, სხვადასხვა დანაშაულებრივი სქემის მეშვეობით, ტიურინმა და მისმა თანამზრახველებმა მიიღეს ასეულობით მილიონი დოლარის უკანონო შემოსავალი. პირადად ანდრეი ტიურინმა 19 მილიონ დოლარზე მეტი.

პროკურატურის ინფორმაციით, 2014 წელს ტიურინმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ამერიკული ბანკის JP Morgan Chase-ის 80 მილიონი კლიენტის პირადი მონაცემების მოპარვაში.

აშშ-ის მიერ ძებნილი ანდრეი ტიურინი, რომელიც თავს საქართველოს აფარებდა, ქართველმა სამართალდამცავებმა 2017 წელს დააკავეს. 2018 წლის სექტემბერში საქართველომ რუსი ჰაკერი აშშ-ს გადასცა.

ტიურინის ერთ-ერთ თანამზრახველად მიჩნეულია ისრაელის მოქალაქე გერი შალომი, რომელიც 2015 წელს ისრაელში დააკავეს და ერთი წლის შემდეგ აშშ-ს გადასცეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG