Accessibility links

logo-print logo-print

აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილედ აჭარის სავაჭრო პალატის ყოფილი თავმჯდომარე დანიშნეს


საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა გოგა კოხრეიძემ დღეს, 8 იანვარს, თანამშრომლებს თავისი ახალი მოადგილე, ნიკა ჩხარტიშვილი წარუდგინა. ის მანამდე აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე იყო.

რადიო თავისუფლებას რეგიონული მაუწყებლის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში უთხრეს, რომ ჩხარტიშვილი დირექტორის გოგა კოხრეიძის 31 დეკემბერს გამოცემული ბრძანებულების საფუძველზე დაინიშნა. „კოხრეიძემ გადაწყვიტა, რომ მენეჯმენტში დახმარება სჭირდება“, - თქვა ემზარ პაქსაძემ, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსმა.

გოგა კოხრეიძე აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად 2019 წლის 22 ნოემბერს აირჩიეს „ქართული ოცნების" კვოტით მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოში წარდგენილი სამი პირის მხარდაჭერით. მალევე მაუწყებლის 80-მდე ჟურნალისტმა კოხრეიძე ჩარევაში დაადანაშაულა და შექმნა ალტერნატიული პროფკავშირული გაერთიანება შრომითი უფლებებისა და სიტყვის თავისუფლების დასაცავად.

ახალშექმნილმა პროფკავშირებმა გაფიცვის უფლება გასული წლის მარტში მოიპოვეს, თუმცა განზრახვა პანდემიის გამო გადაიფიქრეს. თავის მხრივ, გოგა კოხრეიძემ ალტერნატიული პროფკავშირების წევრი ჟურნალისტების ნაწილი სამსახურიდან გაათავისუფლა, ნაწილს უფლებამოსილება შეუცვალა, ნაწილი კი სხვა პოზიციაზე გადაიყვანა. გოგა კოხრეიძის წინააღმდეგ ჟურნალისტებს 15 სარჩელი აქვთ შეტანილი ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ისინი დირექტორს შრომითი უფლებების დარღვევას ედავებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG