Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის საელჩო ქართველ პოლიტიკოსებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის


ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს, რომლითაც ეხმაურება 6 იანვარს კაპიტოლიუმში შეჭრას და მომხდარს შოკისმომგვრელსა და მიუღებელს უწოდებს.

მეამბოხეებმა 6 იანვარს ჩაშალეს კონგრესის გაერთიანებული სხდომა, რომელზეც ამტკიცებდნენ საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვებას.

„ამერიკის შეერთებული შტატების კაპიტოლიუმში შეჭრა შოკისმომგვრელი იყო, პასუხისმგებელი პირების ძალადობრივი ქმედებები კი - სრულიად მიუღებელი. როგორც სახელმწიფო მდივანმა პომპეომ განაცხადა, უკანონობა და საზოგადოებრივი არეულობა ყოველთვის მიუღებელია. ჩვენი დემოკრატიული პროცესის მსგავსი გამოცდები შეახსენებს მსოფლიოს, რომ დემოკრატია არ უნდა იყოს აღქმული, როგორც ნაბოძები; მას სჭირდება სიფხიზლე, მძიმე შრომა და თითოეული მოქალაქის მიერ მოფრთხილება“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელშიც ვკითხულობთ, რომ ამერიკულმა ინსტიტუტებმა დემოკრატიის ერთგულების მაგალითი უჩვენეს.

„ამერიკის ინსტიტუტები მყარად დადგა, რამაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ძლიერი ინსტიტუტები და კანონის უზენაესობისადმი ერთგულება სტაბილური და მოქმედი დემოკრატიის საფუძველია. წესრიგი აღდგა, აშშ-ის კონგრესმა ამერიკელი ხალხის სახელით კონსტიტუციით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა და პრეზიდენტად არჩეული ბაიდენის გამარჯვება დაამოწმა. თითქმის 250 წელია, ამერიკელები იღწვიან „უფრო სრულყოფილი ქვეყნის" შესაქმნელად, რომელიც დაფუძნებულია პატივისცემაზე, ტოლერანტობასა და კანონის უზენაესობაზე. ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ ამ მიზნის მისაღწევად შრომა არასოდეს დამთავრდება“, - წერია განცხადებაში, სადაც ასევე გამოხატულია მადლიერება საქართველოს პოლიტიკური სპექტრის მხრიდან ნაჩვენები მხარდაჭერის გამო.

„გვსურს, მადლობა გადავუხადოთ ჩვენს ქართველ მეგობრებს მთელი პოლიტიკური სპექტრიდან მათი მხარდაჭერისთვის. 2021 წელს მოუთმენლად ველით აშშ-საქართველოს დადებით, წარმატებულ სტრატეგიულ პარტნიორობას“, - ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

6 იანვარს, ვაშინგტონში, დონალდ ტრამპის მხარდამჭერთა საპროტესტო აქციების დროს, დემონსტრანტების ნაწილი კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრა. ამ დროს მიმდინარეობდა კონგრესის ორივე პალატის გაერთიანებული სხდომა, რომელზეც 2020 წლის 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დადასტურების საკითხი განიხილებოდა. შენობაში შეჭრილები მოითხოვდნენ, რომ კონგრესს არ ეღიარებინა არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება.

პოლიციას რამდენიმე საათი დასჭირდა კაპიტოლიუმის შენობაში წესრიგის აღსადგენად, რის შემდეგაც სხდომა გაგრძელდა და კონგრესმა ჯო ბაიდენის გამარჯვება დაადასტურა.

აშშ-ის დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს წინ უძღოდა დონალდ ტრამპის არაერთი განცხადება, რომ ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა.

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპი დაადანაშაულა ამერიკული დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრასა და წამქეზებლობაში, რასაც ძალადობა მოჰყვა.

XS
SM
MD
LG