Accessibility links

site logo site logo

ირაკლი აბუსერიძე: „უსაფუძვლო ბრალდებებს არ გადავაყოლებთ ქართული რაგბის მომავალს“


ირაკლი აბუსერიძე

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტ ირაკლი აბუსერიძის განცხადებით, 30 დეკემბერს, საარჩევნო ყრილობა კანონის სრული დაცვით ჩატარდა. „ბორჯღალოსნების“ ყოფილმა კაპიტანმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ყრილობას რაგბის კავშირის წესდება არ დაურღვევია და საჯარო რეესტრი საჭირო დოკუმენტაციის მიღებისა და განხილვის შემდეგ, ყრილობის გადაწყვეტილებას აუცილებლად დაარეგისტრირებს.

საარჩევნო ყრილობაზე, ხმის უფლების მქონე დელეგატთა უმრავლესობამ მხარი ირაკლი აბუსერიძეს დაუჭირა. მეორე კანდიდატმა - გოჩა სვანიძემ ახალ პრეზიდენტს წარმატებები უსურვა. მესამე კანდიდატი - ლაშა ხურციძე კი არჩევნებს არც დასწრებია, პროტესტის ნიშნად. ის აცხადებდა, რომ ყრილობა არალეგიტიმური იყო, რადგან მთელი რიგი დარღვევებით ტარდებოდა.

ორი დღის წინ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ირაკლი აბუსერიძეს რეგისტრაცია შეუჩერა, წესდებით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევის გამო.

„რაგბის კავშირის უმაღლესმა ორგანომ - საარჩევნო ყრილობამ, წესდების სრული დაცვით ამირჩია კავშირის პრეზიდენტად, მაგრამ პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის (ლაშა ხურციძის) მიერ შეტანილი საჩივრის საფუძველზე, საჯარო რეესტრმა რამდენიმე დღის წინ შეგვიჩერა რეგისტრაცია, ტექნიკური ხარვეზის მიზეზით. გარწმუნებთ, ყველაფერი კანონიერად მოხდა, წესდება არ დაგვირღვევია და ამას აუცილებლად დავამტკიცებთ. აქტიურად ვმუშაობ იურისტებთან ერთად. საჯარო რეესტრმა მოითხოვა დამატებითი დოკუმენტაცია, რომელსაც მომავალ კვირაში მივაწვდით და მჯერა, ეს პროცესი სასიკეთოდ დასრულდება“ – განაცხადა აბუსერიძემ.

რაგბის კავშირის პრეზიდენტი იმედგაცრუებულია იმ დელეგატებით, რომლებიც 30 დეკემბრის საარჩევნო ყრილობას არალეგიტიმურს უწოდებენ.

„იმ ხალხის ნაწილი, რომელთაც თავად დაუჭირეს მხარი ამ ყრილობის ჩატარებას და თავიანთი სურვილი ხელმოწერითაც დაადასტურეს, ახლა ამბობენ, რომ ყრილობა არ უნდა ჩატარებულიყო. 7 დეკემბერს, პრეზიდენტობის სამივე კანდიდატი, მათ შორის, ლაშა ხურციძეც, ვითხოვდით ყრილობის გამართვას. რამდენიმე დღეში კი ხურციძემ სამარცხვინოდ შეიცვალა პოზიცია. სამწუხარო რეალობაა. ქართული რაგბის მომავალს ამ უსაფუძვლო ბრალდებებს არ გადავაყოლებთ“ - დასძინა ირაკლი აბუსერიძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG