Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი ივანიშვილის შესახებ: იგი თავად მართავდა ძალაუფლებას და თავად თქვა მასზე უარი


ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან მეორედ წასვლის შესახებ განცხადება შეაფასა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ღარიბაშვილმა თქვა: „ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი გადაწყვეტილება ადასტურებს იმას, რომ მას არასოდეს არ მართავდა ძალაუფლება, როგორც ეს მმართველების შემთხვევაში ყოფილა და ჩვენ არაერთი ისტორია ვიცით კაცობრიობის არსებობის მანძილზე. მისი დღევანდელი გადაწყვეტილება ადასტურებს იმას, რომ იგი თავად მართავდა ამ ძალაუფლებას. მაგალითი და პრეცედენტი არ მოიძებნება იმისა, რომ ადამიანს გაემარჯვებინოს, მესამე ვადით ხელისუფლებაში დარჩა და ამის შემდეგ თავად, საკუთარი ნებით და საკუთარი სურვილით განაცხადა უარი. ამ ფენომენს სჭირდება ჯერ ერთი, კიდევ გავიმეორებ, კარგად დაფიქრება, შეფასება და ამის შემდეგ დაფასება“.

ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება დღეს მეორედ მიიღო და ამ თემასთან დაკავშირებით ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც მედიაზე, ოპოზიციასა და „ქართული ოცნების“ მიღწევებზე საუბრობს.

საქართველოს უმდიდრესმა ადამიანმა, ბიძინა ივანიშვილმა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ 2012 წლის აპრილში შექმნა. იმავე წლის ოქტომბრის არჩევნებში კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ დაამარცხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ხელისუფლებაში მოვიდა.

2012-2013 წლებში ბიძინა ივანიშვილი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 2013 ნოემბერში განაცხადა, რომ პოლიტიკიდან სამოქალაქო სექტორში მიდიოდა. ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის შესახებ მუდმივი განცხადებების ფონზე, პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნდა 2018 წელს და ისევ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გახდა.

XS
SM
MD
LG