Accessibility links

logo-print logo-print

ბიძინა ივანიშვილი: მე არც მხარდამჭერი არ ვიქნები „ქართული ოცნების“


პოლიტიკიდან საბოლოოდ წასვლის შესახებ ილაპარაკა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა „პირველ არხთან“ ინტერვიუში. ის ამბობს, რომ კონსულტაციებსაც კი არ გაუწევს მმართველ პარტიას.

„მე აღარ ვაპირებ კონსულტაციების გაწევას გუნდისთვის, გუნდის წევრებმა ეს ძალიან კარგად იციან, დიდმა ნაწილმა, ლიდერების ნაწილმა. რამდენიმე საბჭო გვქონდა, საგარეოს თემებზე ვხვდებოდით პარტიაში, ეკონომიკური საბჭო, რამდენიმე საბჭო და საბჭოს წევრებთან მე მქონდა საუბარი დიდი ხნის განმავლობაში იმის შესახებ, რომ მე მივდიოდი. მაქსიმალურად ვახსენებდი, რომ თუ რამე უნდა გუნდს ჩემგან, აქვე შეგიძლიათ გადააზუსტოთ, რამეთუ მე სიტყვას არ დავარღვევ, საჯაროდ ვიტყვი, რომ ყოველგვარი კონსულტაციები შეწყდება პოლიტიკურ თემაზე. პირადი, ახლა ადამიანები ვართ და შეიძლება, კითხვებიც დაისვას და დაბადების დღეც შეიძლება მივულოცოთ. ძალიან კარგი ხალხი დავტოვე გუნდში, ძალიან საყვარელი და მეგობრული. მეგობრები, ჩემი ახალგაზრდა მეგობრები, რომლებიც ძალიან მიყვარს და ძალიან პატივს ვცემ. მეგობრული ურთიერთობები შეიძლება, იყოს ყოფით და ცხოვრების დონეზე, მაგრამ არა პოლიტიკურ თემებზე. მათ ძალიან კარგად იციან და თვითონაც შეასრულებენ, არც დამირეკავენ, არცერთნაირი კრიტიკა ჩემგან არ მოხდება, არ მოხდება ჩემი საჯარო გამოსვლა. როდესაც გავიხსენე 2011 წელი, მხედველობაში მქონდა, რომ მე საჯაროობაას ვწყვეტ. ალბათ ბოლო ინტერვიუ იქნება თქვენთან. რამდენიმე უცხოურ მედიას აქვს სურვილი და შეიძლება ხვალ-ზეგ ეს გავაკეთო.

მე დავუბრუნდები ყოფით ცხოვრებას, რომელიც მე ძალიან მომწონს და ძალიან მომწონდა. მე არც მხარდამჭერი არ ვიქნები „ქართული ოცნების“. მაქსიმალური ჩემი მოქალაქეობრივი აქტიურობა იქნება არჩევნებში ხმის მიცემა და იქ ჩემი პოზიციის დაფიქსირება“, - ამბობს ბიძინა ივანიშვილი. როგორც ის აღნიშნავს, „ქართული ოცნებისთვის“ არანაირი შენიშვნის მიცემას არ აპირებს. მისი თქმით, არაერთხელ უთქვამს გუნდის წევრებისთვის, რომ ნუ დაელოდებიან მისგან შენიშვნების მიღებას - ისინი იქნებიან აბსოლუტურად თავისუფლები.

ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება 2021 წლის 11 იანვარს მეორედ მიიღო და ამ თემასთან დაკავშირებით ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც მედიაზე, ოპოზიციასა და „ქართული ოცნების“ მიღწევებზე საუბრობს.

საქართველოს უმდიდრესმა ადამიანმა, ბიძინა ივანიშვილმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 2012 წლის აპრილში შექმნა. იმავე წლის ოქტომბრის არჩევნებში კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ დაამარცხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ხელისუფლებაში მოვიდა.

2012-2013 წლებში ბიძინა ივანიშვილი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 2013 ნოემბერში განაცხადა, რომ პოლიტიკიდან სამოქალაქო სექტორში მიდიოდა. ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის შესახებ მუდმივი განცხადებების ფონზე, პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნდა 2018 წელს და პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გახდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG