Accessibility links

logo-print logo-print

ვილნიუსის სისხლისღვრიდან 30 წლის შემდეგ რუსეთი ისტორიის გადაწერას ცდილობს


1991 წლის 13 იანვარს, დილით, ლიეტუველები დაიძრნენ დედაქალაქ ვილნიუსის სატელევიზიო ანძისკენ, სადაც ისინი გმირულად აღუდგნენ წინ საბჭოთა ჯარებს, რომელთა მიზანი იყო, ჩაეხშოთ ბალტიის ქვეყნის სწრაფვა დამოუკიდებლობისკენ. ამ მოვლენების დროს ათზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ასობით დაიჭრა.

1989 წელს ბერლინის კედლის დაცემამ და აღმოსავლეთ ევროპის კომუნისტური რეჟიმების დამხობამ ნათელყო, რომ საბჭოთა კავშირი დიდხანს ვეღარ გააგრძელებდა არსებობას, რაც დადასტურდა კიდეც 1991 წლის ბოლოს. მანამდე რამდენიმე თვით ადრე მოსკოვმა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შემავალი ბალტიის სამი რესპუბლიკის დამოუკიდებლობა აღიარა.

ლიეტუვის დამოუკიდებლობის დღე 13 იანვარი არის. ეს ის დღეა, როცა 1991 წელს ლიეტუველი ხალხი საბჭოთა ტანკებს აღუდგა წინ საკუთარი დამოუკიდებლობის დასაცავად.

„ეს ჩვენი გამარჯვების დღეა. ცხადია, ეს ტრაგიკული დღე იყო, ვინაიდან 14 ადამიანი დაიღუპა, მაგრამ ჩვენ ჩვენი დამოუკიდებლობა დავიცავით,“ ამბობს ვილნიუსის პოლიტიკური ანალიზის ცენტრის უფროსი მკვლევარი მარიუს ლაურინავიჩიუსი.

მაგრამ კრემლისთვის ეს სულაც არ არის საზეიმო დღე.

ბორის ელცინი, რომელიც 1991 წლის ივნისში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს, სსრკ-ს 15 დამოუკიდებელ სახელმწიფოდ დაშლის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა იყო.

კრემლის კრიტიკოსთა თქმით, პუტინი წარსულის ხელახლა დაწერას ცდილობს.

მისგან განსხვავებით, რუსეთის დღევანდელმა პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ვილნიუსში საბჭოთა ჯარების მოქმედების დაცვა პრიორიტეტად აქცია. განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება ბალტიისპირა ქვეყნებთან ურთიერთობებს მეორე მსოფლიო ომისა და მის შემდგომ პერიოდში. კრემლის კრიტიკოსთა თქმით, პუტინი წარსულის ხელახლა დაწერას ცდილობს. მრავალი ლიეტუველისთვის ისტორიის ეს გადაწერა 1991 წელს დამოუკიდებლობისთვის მათი ბრძოლის ეპიზოდსაც შეეხება.
11 იანვარს ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ტვიტერში დაწერა: „ისტორიის გამყალბებლები განაგრძობენ საკუთარი ხელებიდან სისხლის ჩამორეცხვას და ჩვენი დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთა სიკვდილისთვის პასუხისმგელობისგან თავის არიდებას.“


იანვრის მოვლენები

1990 წლის 11 მარტს ლიეტუვის უმაღლესმა საბჭომ დამოუკიდებლობის გამოცხადებას დაუჭირა მხარი. საბჭოთა კავშირი, რომლის პრეზიდენტი იყო მიხაილ გორბაჩოვი, ეკონომიკური და პოლიტიკური მეთოდებით შეეცადა ხელი შეეშალა ლიეტუველთა მისწრაფებისთვის, თავი გაეთავისუფლებინათ მოსკოვისგან, რომელმაც 1940 წელს მოახდინა ბალტიისპირა ქვეყნების ანექსირება.

როცა მოსკოვის მცდელობებმა შედეგი ვერ გამოიღო, 1991 წელის 11 იანვარს საქმეში ჩაერთნენ ლიეტუვაში განლაგებული საბჭოთა ჯარები. მანამდე რამდენიმე დღით ადრე ქვეყანაში ჩავიდნენ კგბ-ს შენაერთებიც. მათი მიზანი იყო ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში ხელში ჩაეგდოთ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები. დაპირისპირების კულმინაცია იყო 13 იანვრის იერიში სატელევიზიო ანძასა და ერთადერს ტელეარხზე.

ლიეტუველები დილაადრიან მოგროვდნენ საბჭოთა ჯარებისგან საკუთარი ტელევიზიის დასაცავად. საბჭოთა ტანკებმა გადაუარეს უიარაღო დემონსტრანტებს, რომლებიც საკუთარი სხეულებით ცდილობდნენ შენობის დაცვას, შემდეგ კი ჯარებმა ცეცხლი გახსნეს.

საბჭოთა ჯარებმა 14 სამოქალაქო პირი მოკლეს 1991 წლის იანვრის ტრაგიკული მოვლენების დროს, 13 მათგანი ტელევიზიაზე იერიშისას დაიღუპა. 700-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა.

ეს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული ყველაზე სისხლიანი აქტი იყო თბილისის 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების შემდეგ. ლიეტუვაში შეწყდა ტელე და რადიომაუწყებლობა.

ეს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული ყველაზე სისხლიანი აქტი იყო თბილისის 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების შემდეგ.„ჩვენ მივმართავთ ყველას, ვისაც ესმის ჩვენი. შესაძლოა (ჯარმა) გაგვტეხოს ძალით ან პირი დაგვიხშოს. მაგრამ ვერავინ გვაიძულებს, უარი ვთქვათ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაზე,“ გამოაცხადა დიქტორმა, სანამ სადგური გაითიშებოდა.


სამართლის ძიებაში

ლიეტუვა, რომელიც ნატოსა და ევროკავშირის წევრი გახდა ლატვიასა და ესტონეთთან ერთად, წლების განმავლობაში ცდილობდა სისხლისღვრისთვის პასუხისმგებელთა გასამართლებას.

ეს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული ყველაზე სისხლიანი აქტი იყო თბილისის 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების შემდეგ.

2019 წლის მარტში ლიეტუვის სასამართლომ 67 ყოფილი საბჭოთა ოფიცერი და ხელისუფლების წარმომადგენელი ცნო სამხედრო დამნაშავედ 1991 წლის მოვლენებთან დაკავშირებით. მათ შორის ყველაზე მაღალი რანგის იყო საბჭოთა კავშირის ყოფილი თავდაცვის მინისტრი დმიტრი იაზოვი, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. თითოეულ მათგანს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა, ერთის გარდა ყველას - დაუსწრებლად. რუსეთმა უარი თქვა სასამართლოსთან თანამშრომლობაზე. მოსამართლეთა წინაშე მოწმედ გამოსვლაზე უარი თქვა მიხაილ გორბაჩოვმაც.

სასამართლო განაჩენების გამოქვეყნებიდან ერთ დღეში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პროცესსა და გამოტანილ განაჩენებს „უკიდურესად არამეგობრული და ძირითადად პროვოკაციული“ უწოდა.
გარდა ამისა, მოსკოვმა ამ სასამართლო პროცესში ჩართული მოსამართლეების წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაიწყო, რაც 2019 წლის ნოემბერში მკაცრად დაგმო ევროპის პარლამენტმა როგორც „მიუღებელი გარეშე გავლენა“ და „პოლიტიკურად მოტივირებული.“


ისტორიის გადაწერა?

რუსეთსა და ბალტიის ქვეყნებს შორის დაძაბულობა დიდწილად მომდინარეობს ე.წ. მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტიდან, საბჭოთა კავშირსა და ნაცისტურ გერმანიას შორის 1939 წელს დადებული თავდაუსხმელობის ხელშეკრულებიდან, რომლის საიდუმლო დანართის მიხედვით, ჰიტლერმა და სტალინმა გავლენის სფეროებად გაინაწილეს აღმოსავლეთი ევროპა და ამით გზა გაუხსნეს საბჭოთა კავშირის მიერ ბალტიისპირა ქვეყნების ოკუპაციას.

უკანასკნელ წლებში რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები თავგამოდებით იცავდნენ პაქტს, რომელიც საბჭოთა კავშირმა დაგმო 1989 წელს. 2020 წელს ჟურნალ National Interest-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ვლადიმირ პუტინმა უკუაგდო საბჭოთა კავშირის მოქმედების კრიტიკა და განაცხადა, რომ ბალტიის ქვეყნების ოკუპაცია „თანხმობით“ მოხდა და ოკუპაციის კრიტიკოსებს ისტორიის გადაწერის მცდელობაში დასდო ბრალი.
ლიეტუვის ხელისუფლების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ის, თუ როგორ დამოკიდებულებას ავლენს რუსეთი 1991 წლის მოვლენების მიმართ, როგორც ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, არის ნაწილი „კრემლის დეზინფორმაციისა და ისტორიული რევიზიონიზმის ფართო კამპანიისა, რომელიც მიმართული არა მხოლოდ ლიეტუვის, არამედ ზოგადად დასავლეთის დემოკრატიული სახელმწიფოების წინააღმდეგ.“

1991 წლის მოვლენებთან დაკავშირებით რუსეთის პროპაგანდისტული ძალისხმევა მრავალასპექტიანია, მიიჩნევს საგარეო ურთიერთობების საკითხში ევროპის კომისიის წარმომადგენელი პეტერ სტანო.

დაბნეულობას თესავენ, რათა აღარავინ იყოს დარწმუნებული, რომელ ფაქტებს უნდა ვენდოთ და რომელს - არა.

„პირველ ყოვლისა ისინი ლიეტუველებს ბრალს სდებენ მაშინდელი საბჭოთა რეჟიმის მიმართ პროვოკაციაში; ისინი აცხადებენ, რომ ლიეტუველებმა, ფაქტობრივად, თავად მოკლეს საკუთარი ხალხი; მათი თქმით, არ ყოფილა მსხვერპლი; ისინი ამბობენ, რომ დღემდე უცნობია, სინამდვილეში რა მოხდა იმ დღეს; რომ ლიეტუვა ტოტალიტარულ ქვეყნად იქცევა, როცა 1991 წლის მოვლენებს ეხება; ანდა ისინი ცდილობენ ლიეტუვის დამოუკიდებლობის აღდგენა წარმოადგინონ საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან ერთგვარი ცალმხრივი წესით გასვლა,“ განუცხადა სტანომ რადიო თავისუფლებას.

მისი თქმით, ეს კრემლის მომხრე აქტორთა მოქმედების სტანდარტული სცენარია. ისინი დაბნეულობას თესავენ, რათა აღარავინ იყოს დარწმუნებული, რომელ ფაქტებს უნდა ვენდოთ და რომელს - არა.

მაგალითად, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების სამსახური (EEAS) ასეთ მედიასაშუალებად გამოყოფს რუსეთის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ Sputnik-ს, რომელიც უწყების თანახმად, „დეზინფორმაციას“ ავრცელებს ლიეტუვის 30 წლის წინანდელი მოვლენების შესახებ.

„Sputnik-ის მიერ წარმოდგენილი ‘ვერსია’ ხელახლა იყენებს საბჭოთა დეზინფორმაციას. მისი მიზანია: შექმნას ილუზია, რომ 13 იანვრის მოვლენებზე აზრთა დიდი სხვადასხვაობაა და რომ სიმართლე უცნობია,“ ვკითხულობთ უწყების მიერ 2020 წლის იანვარში გამოქვეყნებულ განცხადებაში.


საბჭოთა ვერსიის ტყვეობაში?

ცივი ომის ისტორიის მკვლევარი სერგეი რადჩენკო, რომელიც უელსში, კარდიფის უნივერსიტეტში მუშაობს, მიიჩნევს, რომ პუტინს სრულიად სხვა ვერსიის განვითარება შეეძლო.

ელცინმა, რომელიც იმ დროს რუსეთის ფედერაციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და მიხაილ გორბაჩოვის მეტოქე იყო, დაგმო ვილნიუსის ხოცვა-ჟლეტა. ის არ ყოფილა ერთადერთი. 13 იანვარს ათიათასობით ადამიანი შეგროვდა მოსკოვში, მანეჟის მოედანზე, რათა პროტესტი გამოეხატა ლიეტუვაში მომხდარის წინააღმდეგ. 1991 წლის 7 სექტემბერს ელცინმა, რომელიც ივნისში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის დამოუკიდებლობა ცნო და იმავე თვეში სამივე ქვეყანა გაეროს წევრი გახდა.

„ერთი მხრივ, რუსეთს ლიეტუვასთან დაკავშირებით იოლად შეუძლია გამოძვრეს მდგომარეობიდან იმის მტკიცებით, რომ ის ეწინააღმდეგებოდა ვილნიუსის რეპრესიებს და რომ პასუხისმგებელი იყო საბჭოთა კავშირი,“ უთხრა რადჩენკომ რადიო თავისუფლებას. „მას ისიც კი შეუძლია თქვას, რომ ბალტიელების დამოუკიდებლობაში მთავარი წვლილი აქვს შეტანილი და ამგვარად მორალური ავტორიტეტის პოზიცია დაიკავოს. მაგრამ ვინაიდან პუტინმა გადაწყვიტა დაიცვას საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობა, ის თანმიმდევრულად იცავს მას ბალტიისპირეთშიც... სადაც ყველაზე იოლი იქნებოდა მისი უარყოფა.“

როდჩენკოს თქმით, პუტინი „პოლარიზაციის“ გზას ადგას, რაც „ართულებს ნიუანსების გათვალისწინებას.“

„ასე რომ, თუკი საბჭოთა კავშირის განდიდებას გადაწყვეტთ, ბოლომდე უნდა მისდიოთ ამ გზას. და მისი მთელი სისასტიკე, მისი საშინელი ბოროტმოქმედებები და მისი ყველაზე მტკივნეული მემკვიდრეობაც თქვენი საკუთარი ხდება, მიუხედავად იმისა, ვინ ხართ თქვენ. ვინაიდან ამას თუ არ გააკეთებთ, ისე გამოჩნდება, თითქოს დათმობაზე მიდიოდეთ მტრის ნარატივთან,“ განაცხადა როდჩენკომ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG