Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუკების მოძიებისთვის ივანიშვილმა მადლობა გადაუხადა ბიზნესმენ დავით ხიდაშელს


ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი

დავით გარეჯთან დაკავშირებული რუკების შესახებ ილაპარაკა „ქართული ოცნების" დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა. მან „პირველ არხთან" ინტერვიუში რუკების მოპოვებისთვის მადლობა გადაუხადა ბიზნესმენ დავით ხიდაშელს.

„მე ვისარგებლებ შემთხვევით და არ შემიძლია, მადლობა არ გადავუხადო დავით ხიდაშელს. დათო ხიდაშელმა, რომელმაც ის რუკები მოიპოვა, მე ვიცი მეტი, როგორი საშუალებებით მოიპოვა მან ეს რუკები სხვადასხვა ქვეყნებიდან. საკუთარი კაპიტალიც საკმაოდ ბევრი დახარჯა და იმის იქითაც ქვეყანას საკმაოდ ბევრს ახმარს.

თუკი ვინმეს აქვს იმის განცდა, რომ მე რამე განსაკუთრებული გავაკეთე, არანაკლები ქველმოქმედია ჩემზე და არანაკლები პატრიოტი და არანაკლები დამსახურება აქვს ქვეყნის წინაშე. მის ყველა ქმედებას მე აბსოლუტურად გმირობად ვთვლი.

რაც მან გაუკეთა ქვეყანას, მე ვთვლი, რომ ეს არის ჭეშმარიტი გმირობა. ჩვენ ჩვენს მეზობელთან კამათსაც გადაგვარჩინა და სირცხვილსაც, რომ ჩვენი კულტურის ძეგლი ლამის შუაზე იჭრებოდა, ამასაც გადაგვარჩინა. ეს გააკეთა ლამის გულწრფელად. თავისი გონებით, შემართებით, თავისი რესურსებით. მე პირადად უამრავი მადლობა გადავუხადე მას. სულ ვთვლი, რომ ვალი მიმყვება-მეთქი მაგ კაცის", - თქვა ბიძინა ივანიშვილმა.

დავით ხიდაშელმა 2020 წლის 13 ოქტომბერს ილაპარაკა, როგორ მოიძია რუკები ბიძინა ივანიშვილის თხოვნის შემდეგ.

დავით ხიდაშელი
დავით ხიდაშელი

2020 წლის 29 სექტემბერს საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარი იყო, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია [აღსანიშნავია, რომ ამჟამად თავდაცვის მინისტრის თანამდებობას ირაკლი ღარიბაშვილი იკავებს, რომელიც 2014 წელს პრემიერ-მინისტრი იყო], რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას.

2020 წლის 7 ოქტომბერს ამ საქმეზე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საქმეზე კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავეს. გამოძიების თანახმად, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრების, ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების, დაახლოებით 3500 ჰექტარი ფართობის დაკარგვის საფრთხე შეიქმნა.

გენერალური პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ არა 1938 წლის, არამედ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება საქართველოს ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

დაკავებულები დანაშაულს არ აღიარებენ. ოპოზიციური პარტიები მელაშვილისა და ილიჩოვას პოლიტპატიმრებად მიიჩნევენ და მათი გათავისუფლების საკითხს ხელისუფლებასთან მიმდინარე მოლაპარაკებაზე ერთ-ერთ პუნქტად აყენებს.

ყველაზე პოპულარული

XS
SM
MD
LG