Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით უკვე 10 ათასზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა


რუსეთის სამხედრო-საველე ჰოსპიტალი სოხუმში
რუსეთის სამხედრო-საველე ჰოსპიტალი სოხუმში

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილმა ოპერატიულმა შტაბმა კორონავირუსის 141 ახალი შემთხვევა დაადასტურა. მისივე ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ სოხუმში გახსნილ მობილურ ჰოსპიტალში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული კიდევ 1 პაციენტი.

აფხაზეთში აპრილიდან აღრიცხული აქვთ კორონავირუსის 10 102 შემთხვევა, მათგან 7808 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 143 ადამიანი.

დაუზუსტებელი მონაცემებით, საქართველოს ამ ოკუპირებულ რეგიონში ცხოვრობს დაახლოებით 240 ათასი ადამიანი.

დეკემბრის ბოლოს კორონავირუსი დაუდასტურდა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას და დე ფაქტო პრემიერ-მინისტრ ალექსანდრ ანქვაბს. ბჟანიას ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირდა, ანქვაბი კი ჯერ გუდაუთის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო შემდეგ მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში. 11 იანვარს კორონავირუსი დაუდასტურდა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ დაურ კოვეს.

12 იანვარს, დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ასლან ბჟანია კორონავირუსისგან განიკურნა. იმავე დღეს ბჟანიამ ხელი მოაწერა შეზღუდვების 10 თებერვლამდე გაგრძელების „განკარგულებას“. ოკუპირებულ აფხაზეთში დაკეტილია საბავშვო ბაღები და სკოლები, კულტურული და სპორტული დაწესებულებები, რესტორნებს და კაფეებს კი მხოლოდ მიტანის სერვისით მუშაობის უფლება აქვთ. მასობრივი თავშეყრის ადგილებში, ტრანსპორტსა და სამუშაო ადგილებზე სავალდებულოა დამცავი ნიღბების გამოყენება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG