Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფელ ბუკნარში რელიგიურ დაპირისპირებას ეხმაურება ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია


საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია ეხმაურება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში განვითარებულ მოვლენებს.

„ქვეყანას, სადაც ახალგაზრდებს ლოცვისათვის​ თავს უტეხავენ, მომავალი არა აქვს!" - ვკითხულობთ განცხადებაში.

როგორც ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია აღნიშნავს, ადამიანისმოძულეობისა და ირაციონალური შიშის ურჩხულმა კიდევ ერთხელ წამოყო თავი საქართველოში. ქვეყანაში, რომელიც დეკლარირებულად ევროპული ორიენტაციისაა, ახალგაზრდებს თავს უტეხენ ლოცვის გამო.

„საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპატის სახელით, ბოდიშს ვუხდით ქართველ მუსლიმებს, რომ მათ კიდევ ერთხელ მიაყენეს შეურაცხყოფა ღმერთისა და ქრისტიანობის სახელით. ძალიან ვწუხვართ, და ვთხოვთ მათ, რომ თუ შეუძლიათ, იმ ღმერთის სახელით, რომელიც მუსლიმებს, ქრისტიანებსა და ებრალებს საერთო გვყავს, კიდევ ერთხელ გვაპატიოთ ეს დანაშაული, რომლიც კიდევ ერთი უკიდურესად სამარცხვინო ლაქაა საქართველოს ინტერრელიგიურ რეალობაში", - ნათქვამია განცხადებაში.

ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია ხელისუფლებას მიმართავს, რომ დაუყოვნებლივ გამოიძიოს და სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს არა მარტო ბუკნარში მომხდარ ინციდენტზე, არამედ ყველა იმ ინციდენტზე, რომელიც დღემდე მომხდარა და რომელშიც ხელისუფლებაც ყოფილა პირდაპირ თუ ირიბად ჩარეული. „ისტორია არ გვაპატიებს არც თქვენ და არც ჩვენს კულტურას ფობიების გაღვივებასა და ხელშეწყობას, თუ მოქმედებით თუ უმოქმედობით", - აღნიშნულია განცხადებაში.

ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია, ასევე, მიმართავს საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც, განცხადების თანახმად, წააქეზეს მუსლიმების წინააღმდეგ: „ეს ქვეყანა ყველასია, ამ ქვეყანაში ყველას აქვს თავის რწმენის აღმსარებლობის უფლება, ყველას აქვს უფლება თავისი საკულტო ნაგებობა ისე მოაწყოს და ისე ააშენოს, როგორც ამას მისი რელიგია ითხოვს. საქართველო არ არის დაყოფილი მუსლიმებისა და ქრისტიანების მიწებად. ეს ქვეყანა საქრთველოს მოქალაქეებისაა, მათი რწმენის, ეთნიკური წარმომავლობისა და კულტურის მიუხედავად.

ჩვენ მივმართავთ, ასევე, იმ სარწმუნოების მესვეურებს, რომელთანაც თავს აიგივებენ სხვადასხვა ჯურის რელიგიური მოძალადეები: დაგმეთ საჯაროდ ძალადობა და ხელს ნუ შეუწყობთ საქართველოს მოქალაქეებს შორის შუღლის გაღვივებას. ეს თქვენი უწმიდესი მოვალეობაა", - აცხადებს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია.

სოფელ ბუკნარში მომხდარ რელიგიურ დაპირისპირებას ეხმაურება ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC). ორგანიზაცია სახელმწიფოს კონფლიქტის დეესკალაციისა და ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვისკენ მიმართული ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

„სოფელ ბუკნარში მუსლიმი თემი უკვე რამდენიმე ათეული წელია ცხოვრობს, სადაც ისინი გურიისა და აჭარის მაღალმთიანი სოფლებიდან სხვადასხვა პერიოდში (პირველად 50-70 წლის წინ) დასახლდნენ. ამ დროისთვის ისინი ადგილობრივი თემის ნახევარს წარმოადგენენ. მუსლიმი თემი 2007 წლიდან ითხოვს მეჩეთის მშენებლობას სოფელში, თუმცა ისინი დაბრკოლებებს წააწყდა და მეჩეთის სივრცის ორგანიზება ვერ მოხერხდა. დაახლოებით 10 თვის წინ ადგილობრივმა თემმა სოფელში მუსლიმი მეზობლისგან, რომელიც წალკაში გადავიდა საცხოვრებლად კერძო სახლი შეიძინა და ამ სივრცეში მალევე რელიგიური პრაქტიკის აღსრულება დაიწყო. მუსლიმების თქმით, ისინი მინარეთის აღმართვას არ აპირებენ და მაქსიმალურად ცდილობდნენ მთელი ეს დრო მეზობელი ქრისტიანების „არგაღიზიანებას“. თუმცა მათი მხრიდან ლოცვის სივრცის ორგანიზებას ადგილობრივი ქრისტიანების უკმაყოფილება მოჰყვა. მუსლიმების განმარტებით, ადგილობრივი ქრისტიანი თემის ზოგიერთი წარმომადგენელი მათ ლოცვის შესაძლებლობას არ აძლევს და აცხადებენ, რომ მუსლიმები ამ სოფელში „ჩამოსახლებულები" არიან და მათ მეჩეთის გახსნის უფლება „ქრისტიანულ მიწაზე“ არ აქვთ. კონფლიქტი ამ საკითხზე დაახლოებით 1 თვის წინ დაიყო და მას მეზობელ თემებს შორის ძირითადად სიტყვიერი შელაპარაკების და გარჩევის ფორმა ჰქონდა. სამწუხაროდ, 2020 წლის 11-12 იანვარს კონფლიქტმა ფიზიკური დაპირსპირების ფორმა მიიღო. გუშინ კი მეზობლებს შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკების დროს მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს სამ მუსლიმს, მათ შორის მუსლიმ ბავშვებს. დაშავებულები მიღებული არაერთი დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს", - ნათქვამია განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, მომხდარი ძალადობის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ „სოფელ ბუკნარში მცხოვრებმა გ.ს.-მ მიმდინარე წლის 12 იანვარს, ურთიერთშელაპარაკების დროს, თანასოფლელებს - 2003 დაბადებულ ნ.ი.-ს და 2003 წელს დაბადებულ მ.ი.-ს ქვის გამოყენებით თავის არეში დაზიანებები მიაყენა“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG