Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა ტრამპის იმპიჩმენტის შესაძლებლობას განიხილავს


აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში მიმდინარეობს განხილვა, შესაძლებელია თუ არა პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება.

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის უფლებამოსილებებს 20 იანვარს გასდის ვადა. მაგრამ წარმომადგენელთა პალატა, რომელსაც დემოკრატები აკონტროლებენ, მოითხოვს, რომ ტრამპი ახლავე იქნეს ჩამოშორებული თანამდებობას. ის ეჭვმიტანილია 6 იანვარს ვაშინგტონში ამბოხებისკენ წაქეზებაში.

მაშინ ტრამპი ქალაქის ცენტრში გამოვიდა და განაცხადა, რომ არ ცნობს ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებას. ამის შემდეგ მისი მომხრეების ნაწილი შეიჭრა კონგრესში, სადაც მიმდინარეობდა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დამტკიცების პროცედურა.

წარმომადგენელთა პალატამ 223-ით 205-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა რეზოლუციას ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსისადმი მოთხოვნით, რომ მან გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება და თანამდებობიდან გადააყენოს ტრამპი.

პენსმა უკვე განაცხადა, რომ არ გააკეთებს ამას. წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის მიმართ მიწერილ წერილში ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო შესწორება გამოგონილია ავადმყოფი ადამიანის შესაცვლელად და არა პოლიტიკოსის დასასჯელად ან ხელისუფლების უზურპაციისთვის. მან თქვა, რომ ასეთი ნაბიჯი „საშინელი პრეცედენტი“ იქნებოდა.

იმპიჩმენტის თაობაზე კენჭისყრა 13 იანვარს საღამოს არის მოსალოდნელი. როგორც ვარაუდობენ, პალატა ტრამპს უნდობლობის ვოტუმს გამოუცხადებს. ასეთ შემთხვევაში ის გახდება ისტორიაში პირველი პრეზიდენტი, რომლის მიმართაც ორჯერ გამოიყენებენ ხელისუფლებიდან გადაყენების პროცედურას.

წარმომადგენელთა პალატაში იმპიჩმენტის დამტკიცების შემთხვევაში პრეზიდენტის ბედს კონგრესის ზედა პალატა, სენატი გადაწყვეტს. ასეთ შემთხვევაში მისი სხდომა სასამართლოს ფორმით ჩატარდება. ამ საქმეში სენატორები გამოვლენ ნაფიც მსაჯულთა, კონგრესმენები კი - ბრალმდებელთა როლში. ხოლო სასამართლოს თავმჯდომარე იქნება აშშ-ის მთავარი მოსამართლე ჯონ რობერტსი. ბრალდების დებულებები სენატორთა ორმა მესამედმა უნდა აღიაროს.

ტრამპი კატეგორიულად უარყოფს თავის დანაშაულს. მან დემოკრატების იდეა „კუდიანებზე ნადირობას“ შეადარა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG