Accessibility links

logo-print logo-print

ათასობით სტუდენტი სწავლას ვეღარ აგრძელებს


ნინი როსტომაშვილი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტია, თუმცა პანდემიის გამო ბოლო 2 თვის სწავლის საფასურის გადახდა ვეღარ შეძლო. ეს იმას ნიშნავს, რომ, წესით, მას თვის ბოლოს სტატუსი უნდა შეუჩერდეს და სწავლა ვეღარ გააგრძელოს. პანდემიამდე ნინო სასტუმროში მუშაობდა, მარტიდან კი, კორონავირუსის გამო, სამსახურის გარეშე დარჩა. ეკონომიკური კრიზისის პირობებში მას ვეღარც ოჯახი ეხმარება.

„300 ლარი მქონდა ხელფასი და მთლიანად სწავლის თანხას ვიხდიდი ყოველთვე. რაც სამსახური დავკარგე, მარტის შემდეგ, მამაჩემი მეხმარებოდა, მაგრამ ახლა მასაც შეეხო პანდემია - ხელობაზე მუშაობს, ხალხს ეშინია ვირუსის და ამის გამო აღარ უშვებენ სახლში არავის“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ნინი.

მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტი ხელს უწყობს და სწავლის გადასახადი 18 იანვრამდე გადაუვადეს, ნინის ეს მნიშვნელოვან შეღავათს არ აძლევს, რადგან თანხა არც დეკემბერში ჰქონდა და არც 18 იანვრისთვის ექნება.

ნინი როსტომაშვილი - სტუდენტი
ნინი როსტომაშვილი - სტუდენტი

ამიტომ ნინი როსტომაშვილიც შეუერთდა იმ ათასობით სტუდენტს, რომელთაც სამთავრობო პორტალზე ონლაინ პეტიციას მოაწერეს ხელი. სტუდენტები განათლების სამინისტროსა და პრემიერს სთხოვენ შეიქმნას განსხვავებული საგადასახადო პაკეტი, რომელიც პანდემიით განპირობებულ კრიზისულ სიტუაციაში მათ შესაძლებლობას მისცემს კვლავ ისარგებლონ კონსტიტუციით მინიჭებული განათლების უფლებით.

პეტიცია გიორგი კაციაშვილმა შეადგინა. თვითონ ილიას უნივერსიტეტში სწავლობს. ამბობს, რომ თავადაც სტატუსის შეჩერების რისკის ქვეშაა, გადასახადის გადავადებაც ამიტომ ითხოვა და სხვებიც შემოიკრიბა. თანამოაზრეებთან ერთად მან ჯერ კიდევ მარტში სცადა ხმა მიეწვდინა სახელმწიფოსთვის, თუმცა უშედეგოდ.

გიორგი კაციაშვილი - სტუდენტი
გიორგი კაციაშვილი - სტუდენტი

„ჩვენ მარტშივე დავწერეთ წერილი მანისფესტ. ჯი-ზე და გვქონდა კომუნიკაცია სამინისტროსთან. უბრალოდ, მაშინ ჩვენი მოთხოვნა ისე ჟღერდა, თითქოს სამინისტროს უნდა დაევალდებულებინა ავტონომიური უნივერსიტეტები სწავლის საფასურის განახევრებაში, რაც არაკანონიერია. უარი გვითხრეს და თავი აღარ შეიწუხეს პრობლემის გადაჭრის სხვა გზების მოსაძებნად“, - ამბობს გიორგი.

დღეს სტუდენტებს სხვანაირად ჩამოყალიბებული თხოვნა-მოწოდებები აქვთ. სამთავრობო პორტალზე გამოქვეყნებულმა პეტიციამ რამდენიმე დღეში 10 000 ხელმოწერა შეაგროვა. გიორგი ფიქრობს, რომ ეს საკმარისი უნდა იყოს იმისთვის, რომ ხელისუფლებამ დაინახოს პრობლემის სიმწვავე და განიხილოს სტუდენტების შეთავაზება.

სახელმწიფომ შეზღუდვების დაწესების გამო ისევ აამოქმედა სოციალური დახმარების პროგრამა, რომლის მიხედვითაც კერძო სექტორში დასაქმებულები, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, 6 თვის განმავლობაში 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ, რაც სახელმწიფოს მიერვე განსაზღვრულ საარსებო მინიმუმზე ნაკლებია. შესაბამისად, სტუდენტების თქმით, ეს არ იძლევა შეღავათს იმისთვის, რომ სტუდენტებმა თან სწავლის საფასური გადაიხადონ და თან ყოველდღიური კვებისა და ჰიგიენისათვის აუცილებელი ხარჯი გასწიონ.

2020 წლის დეკემბერში არასამთავრობო ორგანიზაცია „პროგრესის ცენტრმა“ გამოითხოვა ინფორმაცია, საიდანაც ირკვევა, რომ, ფაქტობრივად, ყოველი მეორე სტუდენტი სტატუსშეჩერებულია.

რას ითხოვენ სტუდენტები?

  • პრემიერის, სამინისტროს, სტუდენტებისა და უნივერსიტეტების ჩართულობით შეიქმნას საშეღავათო პაკეტი სტუდენტებისთვის.
  • 20 % საშემოსავლო გადასახადი, რომელსაც სახელმწიფო დასაქმებულებს აჭრის, სამსახურებში აღდგენილ სტუდენტებს არ ჩამოეჭრათ და დამსაქმებლებმა ჩაურიცხონ ხელფასებთან ერთად. - გიორგის თქმით, ასეთ შემთხვევაში გამოუთავისუფლდებათ დამატებითი თანხა და შეძლებენ გადაიხადონ სწავლის საფასური.
  • მანამდე კი ითხოვენ გადახდის დრო გონივრული ვადით გაუხანგრძლივონ.

„ჯერ არ ვუშვებთ იმის ალბათობას, რომ ჩვენი პეტიცია არ იქნება განხილული. შემდგომ ნაბიჯებზეც ნაფიქრი გვაქვს, თუმცა ამ ეტაპზე არ ვისაუბრებ, რომ არ დავაზიანოთ ჩვენი მიზანი“, - ასე პასუხობს გიორგი თავისუფლების კითხვას, რა მოხდება, თუკი მათი თხოვნა რეაგირების გარეშე დარჩება.

გიორგი ასევე ფიქრობს, რომ ვინაიდან სწავლა აუდიტორიებში აღარ მიმდინარეობს და უმაღლესი სასწავლებლები ონლაინ რეჟიმზე გადავიდნენ, სასწავლებლებს შეუმცირდათ კომუნალური და სხვა ხარჯები. შესაბამისად, სურვილის შემთხვევაში, მათ შეუძლიათ საკუთარი რესურსების ოპტიმიზაცია, რაც შეიძლება გახდეს შეღავათების ერთ-ერთი საფუძველი.

ქეთევან ლაკირბაია - ილიას სახელმწიფო უნივერიტეტის კანცლერი
ქეთევან ლაკირბაია - ილიას სახელმწიფო უნივერიტეტის კანცლერი

“მართალია, კომუნალური ხარჯი შეიძლება აღარ იყოს იმდენი, მაგრამ იმხელა ხარჯი მიდის სადეზინფექციო საშუალებებზე, თანამშრომლების ტრანსპორტირებაზე, რომლებიც სამსახურში ისევ დადიან, რომ ხარჯი დიდად არ შეცვლილა. შეღავათები, რომელიც უნივერსიტეტმა გასწია, დამატებითი ფინანსური ტვირთია სასწავლებლისთვის”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერი ქეთევან ლაკირბაია.

უნივერსიტეტმა წლის მანძილზე სტუდენტებისთვის, ჯამში, მილიონ ორასი ათასი ლარის შეღავათი გასწია. მათ შორის კარგ და წარჩინებულ სტუდენტებს, B და A ნიშნებით, საფასური ნაწილობრივ ან მთლიანად აუნაზღაურა, განულდა ხელშეკრულებებით გამოწვეული დავალიანებები. უნივერსიტეტი დავალიანების მქონე სტუდენტებს სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას აძლევს და დავალიანების გადახდის ვადებსაც უხანგრძლივებს ინდივიდუალური მიმართვის შემთხვევაში.

“რაც შეეხება გადასახადის შემცირებას, 2 250 ლარი, რომელიც 2010 წელს დადგინდა, პანდემიამდეც პრობლემური იყო უნივერსიტეტებისთვის და ბევრს არაფერს ჰყოფნიდა. ამიტომ მუდმივად გვიწევს გრანტების მოძიება, რომ სტუდენტებს ადეკვატური მომსახურება მივაწოდოთ. სახელმწიფომ ამ პრობლემის შესახებ იცის და მუშაობენ ამის შეცვლაზე”, - ამბობს კანცლერი ქეთევან ლაკირბაია.

ილიას უნივერსიტეტში სტატუსშეჩერებული სტუდენტების რიცხვი, შარშანდელთან შედარებით, მნიშვნელოვნად არ გაზრდილა, თუმცა იმ შეღავათების ხარჯზე, რაც უმაღლესმა სასწავლებელმა გასწია. კოვიდით შექმნილი ფინანსური პრობლემების გამო საგანგებო ბლანკით, რომელიც უნივერსიტეტმა შემოიღო, 18 000-მდე სდუდენტიდან დახმარება 5 000-მა ითხოვა, თუმცა ყველას დაკმაყოფილება ვერ ხერხდება.

შეღავათების გაწევას ცდილობენ სხვა უნივერსიტეტებიც, თუმცა შემოსავლის დაკარგვის შემდეგ სტუდენტებს 1-2-კვირიანი საშეღავათო პერიოდი პრობლემის გადაჭრაში ვერ ეხმარება, ამიტომ სტუდენტები გამოსავლის სხვა გზებს ეძებენ და ამისთვის სახელმწიფოს მიმართავენ.

თამარ მოსიაშვილი.- „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის“ განათლების სპეციალისტი
თამარ მოსიაშვილი.- „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის“ განათლების სპეციალისტი

“არ ვემხრობი იმას, რომ უნივერსიტეტის გადასახადის ხარჯზე მოხდეს თანხების ოპტიმიზება, რადგან უნივერსიტეტისთვის არსებობის ერთადერთი წყარო არის სტუდენტების შემოსავალი და თუ ერთიან მიდგომას გამოვიყენებთ, არც ეყოფა იმ რაოდენობას, რომელთაც რეალურად სჭირდებათ ფინანსური მხარდაჭერა. შესაბამისად, ვინაიდან ქვეყანაში არის მძიმე ეკონომიკური ვითარება, საფასურის გადახდა უნდა იყოს სახელმწიფოს პრიორიტეტი”, - ამბობს „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის“ განათლების სპეციალისტი თამარ მოსიაშვილი.

განათლების სამინისტრომ 10 იანვარს მხოლოდ ზოგადი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ “სტუდენტების 1/3 -ს სრულად ან ნაწილობრივ უფინანსდება სწავლის გადასახადი, რისთვისაც სამინისტრო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 100 მილიონზე მეტ ლარს ხარჯავს, თუმცა ის პროგრამები, რომლებიც ამ განცხადებაშია ჩამოთვლილი, პანდემიამდეც ფუნქციონირებდა და არ ითვალისწინებს ახალ შეღავათებს. დახმარება მეტწილად სოციალურად დაუცველმა სტუდენტება მიიღეს, თუმცა პანდემიამ სირთულეები შეუქმნა იმ ორ მესამედსაც, რომელიც სახელმწიფო პროგრამებში არ არის გათვალისწინებული.

პრემიერ-მინისტრის ინიცირებული ერთჯერადი სოციალური დახმარების აქტით 2020 წელს 150 000 და ნაკლები სოციალური ქულის მქონე 15 ათასზე მეტ სტუდენტს სახელმწიფომ შემოდგომის სემესტრის ხარჯები დაუფარა, ხოლო 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დავალიანება აუნაზღაურდა 1600-მდე ახალგაზრდას.

გამოეხმაურება პრემიერ-მინისტრი სტუდენტების მოთხოვნას თუ კიდევ უფრო მეტი სტატუსშეჩერებული სტუდენტი აღმოჩნდება ქვეყანაში, ჯერ ცნობილი არ არის. ახალგაზრდები ამ ეტაპზე მთავრობის პასუხს ელოდებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG