Accessibility links

site logo site logo

გახარია: არავის მივცემთ შესაძლებლობას პროვოცირება გაუწიონ რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირებას


მუსლიმი თემის წარმომადგენელთა აქცია ჩოხატაურის მერიასთან. 2021 წლის 14 იანვარი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ სახელმწიფო არავის მისცემს მოქალაქეთა რელიგიური უფლებების შეზღუდვის, ან რეგლიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების პროვოცირების შესაძლებლობას.

გიორგი გახარია საჯაროდ დღეს პირველად გამოეხმაურა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში ბოლო ხანს განვითარებულ მოვლენებს. მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ „რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ისტორიული ფაქტია და ეს არის ჩვენი სიმდიდრე. ეს არის ის, ჩვენ როგორ ვაშენებდით საუკუნეების განმავლობაში ჩვენს სახელმწიფოს“.

პრემიერ-მინისტრის თანახმად, საქართველოს მთავრობა იყო და იქნება თითოეული მოქალაქისთვის კონსტიტუციით უზრუნველყოფილი უფლებების შესრულების გარანტი: „ჩვენ არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ საქართველოს მოქალაქის უფლებები რაიმე სახით იყოს შეზუდული“.

გახარიას განცხადებით, არავის მისცემენ იმის შესაძლებლობასაც, რომ უკანონო ქმედებებით რაიმე სახის პროვოცირება გაუწიონ რელიგიურ ნიადაგზე მოქალაქეთა დაპირისპირებას.

პრემიერის ინფორმაციით, შსს-ს დაევალა უმკაცრესად იმოქმედოს იქ, სადაც იქნება რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების პროვოცირების თუნდაც ელემენტარული მცდელობა.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მუსლიმი თემის წარმომადგენელთა საპროტესტო აქციები დაიწყო მას შემდეგ, რაც 12 იანვარს, სოფელ ბუკნარის მცხოვრებმა ქრისტიანმა ახალგაზრდა კაცმა თავის არეში ქვით მიაყენა დაზიანებები ორ თანასოფლელ მუსლიმ ახალგაზრდას. ეს პირი დაკავებულია.

ბუკნარში მცხოვრებმა მუსლიმებმა დაახლოებით ერთი წლის წინ, სოფელში შეიძინეს კერძო სახლი, რომელსაც საკულტო ნაგებობად და სალოცავად იყენებენ. ორ თემს შორის უთანხმოება ცოტა ხნის წინ წარმოიშვა, როცა სოფელში გავრცელდა ხმები მინარეთის შესაძლო მშენებლობის შესახებ.

შექმნილი ვითარების მოსაგვარებლად მოლაპარაკება დღეს უნდა გაგრძელდეს.

დაწერეთ კომენტარი

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG