Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“არ გავიკეთებ!” - რატომ ამბობენ უარს კოვიდის ვაქცინაზე ერთნი, როცა სხვები მას ელოდებიან


კორონავირუსის ეპიდემიის შესაჩერებლად აუცილებელია, რომ მოსახლეობის ნახევარზე მეტი აიცრას, თუმცა, NDI-ის გამოკითხვა აჩვენებს, რომ აცრაზე ამდენი ადამიანი თანახმა არაა. სხვა, უფრო ოპტიმისტური მონაცემები აქვს თავად ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას.

რა მიზეზებით იკავებენ თავს საქართველოში აცრისგან და შეიძლება თუ არა მოსახლეობის სკეპტიკური განწყობის შეცვლა?

„აცრა და რისკფაქტორები“, „არა სავალდებულო აცრებს“, „აცრებით დაზარალებულთა ჯგუფი“ - ასეთ ფეისბუკგვერდებსა და დახურულ ჯგუფებს, სადაც ძირითადად აცრების „მავნებლობაზეა” საუბარი, ათასობით გამომწერი ჰყავს.

რადიო თავისუფლებამ ერთ-ერთ ამ გვერდთან დაკავშირებაში დახმარება ორი წლის ბავშვის დედას, ნინო გვაზავას სთხოვა. ნინომ ჯგუფში „აცრა და რისკფაქტორები“ რჩევა იკითხა, აეცრა თუ არა შვილი კორანავირუსზე, როცა ამის შესაძლებლობა მიეცემოდა. „ხანდაზმულ ადამიანზე გათვლილი ვაქცინა ბავშვს არ ესაჭიროება!” - დედას უპასუხეს, რომ ბავშვის აცრაზე ფიქრიც კი შეეწყვიტა. ნინოს ისიც მისწერეს, რომ „ნორმალურ“ შემთხვევაში ვაქცინის შექმნას 10-15 წელი სჭირდება. კითხვაზე, რომელ პედიატრს ან კლინიკას შეიძლება მიმართოს უფრო დეტალური ინფორმაციისთვის, ნინო დახურულ ფეისბუკჯგუფში გადაამისამართეს, სადაც მის შეკითხვებს მიკროპედიატრი უპასუხებდა.

„მიკროპედიატრმა“ ქეთინო მერებაშვილმა გვითხრა, რომ ის პენსიაზე გასული ექიმია და ამჟამად პაციენტებს კერძო მისამართზე იღებს. მან რადიო თავისუფლებასთან თქვა, რომ მსოფლიოში არ არსებობს აცრა, რომელიც მის მოთხოვნებს დააკმაყოფილებდა.

ის ჯგუფი, სადაც ქეთინო მერებაშვილს სამედიცინო მრჩევლის ფუნქცია აქვს, არა მხოლოდ კოვიდის, არამედ ყველა სახის აცრის, სიცხის დამწევებისა და ანტიჰისტამინური მედიკამენტების გამოყენების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულების გამომხატველ მასალებსა და მოსაზრებებს აქვეყნებს.

სამივე ჯგუფში მითითებულია ერთი და იგივე ვებგვერდი, რომელიც, აღწერის მიხედვით, ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას „მშობლები შვილების დასაცავად” და შექმნილია „მშობლებისა და დაზარალებულთა ოჯახების” დახმარებით. ჯგუფებში მართლაც გროვდება თანხა ვებგვერდის ხარჯის დასაფარად. ამ გვერდზე თავმოყრილია თვალსაზრისები ვაქცინაციაზე, როგორც ჯანმრთელობისთვის საზიანო პრაქტიკაზე.

აცრის მოწინააღმდეგეთა ჯგუფი
აცრის მოწინააღმდეგეთა ჯგუფი
თითქმის ერთნაირად მეშინია როგორც აცრის, ისე აუცრელობის
მარიამ ქართველიშვილი

„ჯგუფში "აცრა და რისკფაქტორები" დადებულმა ინფორმაციამ, ვიდეოებმა და სტატიებმა ძალიან ბევრი კითხვა გამიჩინა აცრების უსაფრთხოებასა და უკუჩვენებებთან დაკავშირებით. ყველა ორგანიზმი ხომ ინდივიდუალურია, ხომ არსებობს რისკი, რომ ბავშვის ორგანიზმმა ვერ გადაიტანოს? საზოგადოებაში აცრების წინააღმდეგ რამეს თუ იტყვი, მაშინვე გაუნათლებლის იარლიყს მოგაკრავენ. მგონია, რომ აცრების შესახებ საჯაროდ უნდა საუბრობდნენ აცრების მომხრეები და მოწინააღმდეგეები, რომ კრიტიკული აზრის გამოტანა შეძლოს საზოგადოებამ. კოვიდის ვაქცინასთან დაკავშირებით მთავარი ეჭვი ისაა, რომ ახალი შემოსული ვირუსია და არაა სათანადოდ დატესტილი და გამოცდილი კოვიდზე ვაქცინა. რომ შემოვა, მე არ ავიცრები და თუ სავალდებულო არ იქნება, ჩემს შვილებსაც, ალბათ, არ ავცრი”, - ამბობს ორი შვილის დედა, 30 წლის მარიამ ქართველიშვილი, რომელიც არ მალავს, რომ თითქმის ერთნაირად ეშინია როგორც აცრის, ისე აუცრელობის. მარიამის ორივე შვილს ყველა რეკომენდებული აცრა გაკეთებული აქვს.

რას ეფუძნება უნდობლობა და ეჭვები

იმისათვის, რომ საზოგადოებრივი იმუნიტეტი გამომუშავდეს, საჭიროა, 18 წელს ზევით მოსახლეობის 60 % აიცრას, - განაცხადა გასული წლის ბოლოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ და თქვა, რომ ანტივაქსერების საპასუხოდ იგი პირველი იქნება, ვინც საჯაროდ გაიკეთებს ვაქცინას.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელისა და ჯანდაცვის მინისტრის 15 იანვრის განცხადებებით, ჯანმოს მეთოდით ჩატარებული გამოკითხვით, საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 50-60 % თანახმაა, ვაქცინა გაიკეთოს.

თუმცა, NDI-ს 2020 წლის ივნისის გამოკითხვით, კორონავირუსის ვაქცინის არსებობის შემთხვევაში მოსახლეობის 46 % არ აიცრებოდა. გამოკითხულთა 38 % აცრაზე თანახმაა, ხოლო 15 %-ს უჭირს პასუხის გაცემა. ფოკუსჯგუფთან ჩატარებულმა ინტერვიუებმა აჩვენა, რომ ქართველების უმეტესობა ზოგადად არ ეწინააღმდეგება ვაქცინაციას, თუმცა კვლევაში მონაწილეების ერთმა ნაწილმა თქვა, რომ „აცრა საჭირო აღარ იქნება, როცა პანდემიის საფრთხე გადაივლის”, სხვებმა კი არ დამალეს, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა ვაქცინის წარმომავლობას ექნება.

„ჩინური ვაქცინით, მაგალითად, არ ავიცრები”, - უთხრა რადიო თავისუფლებას 34 წლის ელენე ფანჯიკიძემ. იგი შვილებს ყველა სახის გეგმურ აცრას უკეთებს, თუმცა მხოლოდ ფასიანს. უფასო აცრების ნდობა მას შემდეგ დაკარგა, რაც მის ორი წლის შვილს აცრის შემდეგ სიცხემ აუწია. „ფასიანი ვაქცინის გაკეთების დროსაც გვითხრეს, რომ შესაძლოა რეაქცია მოჰყვეს, მაგრამ არასდროს ჰქონია არც ერთს. ახლა მხოლოდ ფასიანით ვცრი“.

ვაქცინაციას არც სამედიცინო პერსონალის ნაწილი უწევს პოპულარიზაციას, მათ შორის ის ჯგუფი, რომელიც მკურნალობის ალტერნატიული მედიცინის მეთოდებს იყენებს. „თერაპიის სახლის“ თანადამფუძნებელი ექიმის, თამარ ვაშაკიძის, აზრით, გამოსავალი იმუნიტეტის გაძლიერებასა და დაავადების ფიზიოლოგიურად გადატანაშია და არა აცრებში.

„ვირუსის გენეტიკური სტრუქტურა ისე იცვლება მუტაციის დროს, რომ შეიძლება ამ ვაქცინამ არ დაიცვას ვირუსის ახალი ფორმებისგან. ჩვენ СOVID-19-ის მუტაციებთან ურთიერთობა მოგვიწევს დიდი ხნის განმავლობაში და მუდმივად ნიღბით ხომ არ ვივლით და მუდმივად ხომ არ ავიცრებით?! აჯობებს, ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვის გარეშე ყველამ ნელ-ნელა გადავიტანოთ ეს ავადმყოფობა და ჯგუფური იმუნიტეტი გამომუშავდეს, რომ იყოს ნაკლები გადამდები, ხოლო რისკის ჯგუფის პაციენტებმა თავად უნდა გააკეთონ არჩევანი“.

ექთანი და ექთნების პროფკავშირის თავმჯდომარე ნონა ზანდარაშვილი ამბობს, რომ, მაგალითად, გრიპზე თავად არ აცრილა, რადგან ფიქრობს, რომ ჯანმრთელი ორგანიზმი აქვს, კოვიდვაქცინაციის შემთხვევაში კი ცალსახა პასუხი არ აქვს, აიცრებოდა თუ არა.

„ნეგატიურად განწყობილი არ ვარ, მაგრამ მაინცდამაინც სურვილიც არ მაქვს. ამწუთში ასე ვფიქრობ და თუ გადამწონის რამე, არ ვიცი. თუ მასობრივად წავიდა დაავადება, შეიძლება გამოვძვრეთ კიდეც და არ დაგვჭირდეს“.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (თსსუ) შინაგან სნეულებათა დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი და ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მკვლევარი ზვიად კირტავა ფიქრობს, რომ სამედიცინო წრეებში ვაქცინისადმი სულ მცირე ეჭვი - მაქსიმუმ უნდობლობა - ვაქცინის ბოლო ფაზის დასრულებამდე გამოცდამ გამოიწვია.

„სწრაფი ვადების მიუხედავად, ვაქცინების ეფექტურობის და უსაფრთხოების პროცედურების არც ერთი საფეხური ამოღებული არ ყოფილა - უბრალოდ, შემჭიდროვდა. ვაქცინების გამოცდის მესამე კლინიკური ფაზა ჩატარდა წესისამებრ - ათეულათასობით მოხალისეზე“, - ამბობს ზვიად კირტავა და განმარტავს: „რუსული „სპუტნიკ V“ ვაქცინის შემთხვევაში პრობლემა იყო, რომ მისი რეგისტრაცია მოხდა მეორე ფაზის დასრულების შემდეგ (და არა მესამე ფაზისა), ხოლო ჩინური ვაქცინების გამოყენება მილიონობით ადამიანზე მოხდა მაშინ, როცა მესამე ფაზა ჯერ კიდევ დასრულებული არ იყო. ორივე ეს მოვლენა ძირითადად პოლიტიკური მოტივებითა და ფინიშის ხაზთან პირველად მისვლის სურვილით იყო განპირობებული”.

მართლაც აქვს თუ არა ვაქცინებს გვერდითი ეფექტი

კლინიკური გამოცდის პირველ ფაზაში ვაქცინას ჯანმრთელი მოხალისეების მცირე ჯგუფზე ცდიან, რათა იმუნური სისტემის საპასუხო რეაქციები და უსაფრთხოება განსაზღვრონ. მეორე ფაზაში მოხალისეთა რაოდენობა იზრდება და გროვდება ინფორმაცია ვაქცინის იმუნოგენურობაზე - ანტისხეულების წარმოქმნის უნარზე. გამოცდის მესამე, ჯამურ, ფაზაში კი ვაქცინას მოხალისეთა ყველაზე დიდ ჯგუფზე - ხშირად რამდენიმე ათას მოხალისეზე - ცდიან. მაგალითად, Pfizer-ის ვაქცინა 43 000-ზე მეტმა მოხალისემ გამოცადა.

ვაქცინაციის მიმართ უნდობლობის უფრო მნიშვნელოვანი მთავარი მიზეზი, ექიმის აზრით, მაინც საეჭვო და მცდარი ინფორმაციაა, რომელიც იოლად ხელმისაწვდომია და სწრაფად ვრცელდება:

„ეგრეთ წოდებული ანტივაქსერული მოძრაობა, რომელიც სხვადასხვა შეთქმულების ფანტასმაგორიულ თეორიებს ავრცელებს ვაქცინების,

მკვლევარი ზვიად კირტავა
მკვლევარი ზვიად კირტავა

ვითომდა, „აურაცხელ და სერიოზულ ზიანზე“ და მალავს ვაქცინების რეალურ მიღწევებს ტუბერკულოზის, პოლიომიელიტის, დიფტერიის, წითელას, ყივანახველას, B-ჰეპატიტისა და სხვა დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლაში, რამაც 2010-15 წლებში 10 მილიონამდე სიცოცხლე გადაარჩინა და უფრო მეტი ადამიანი უნარშეზღუდულობისაგან იხსნა”.

სინამდვილეში, ვაქცინების გვერდითი ეფექტების ალბათობა ძალიან დაბალია. მაგალითად, მძიმე ანაფილაქსიური ალერგიის შანსი გრიპის ვაქცინის დროს არის 1 – 800,000-დან, „მოდერნას“ ვაქცინის გაკეთების შემთხვევაში - 1 : 224,000-დან, ხოლო „ფაიზერის“ პრეპარატებით ვაქცინაციის დროს - 1 : 90,000-დან. „ეს 30-ჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე სიცოცხლის განმავლობაში საჭმლის გადაცდენის გამო დახრჩობის რისკი”, - ასეთ შედარებას მიმართავს ზვიად კირტავა.

ვაქცინის გამო ანაფილაქსიური ალერგიის შანსი 30-ჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე სიცოცხლის განმავლობაში საჭმლის გადაცდენის გამო დახრჩობის რისკი
ზვიად კირტავა

ზოგიერთი სპეციალისტი ფიქრობს, რომ მთავრობა აგვიანებს იმუნიზაციის საინფორმაციო კამპანიის დაწყებას. გიორგი ჩალაძემ, გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, რადიო თავისუფლებასთან საუბარში გამოყო რამდენიმე მნიშვნელოვან კომპონენტი, რომელიც უკვე საჯარო უნდა იყოს ვაქცინაციის შეუფერხებელი პროცესისთვის, მათ შორის, ვაქცინაციის მომენტში შესაძლო გვერდითი მოვლენის, ანაფილაქსიური შოკის, ანუ ალერგიული რეაქციის მწვავე გამოვლინების დროს საჭირო დახმარება.

გარდა ამისა, მისი აზრით, სახელმწიფოს უკვე უნდა ჰყავდეს შერჩეული ისეთი საჯარო ფიგურები, რომლებიც კამერების წინ პირველად აიცრებიან და საზოგადოებას მაგალითს მისცემენ. ასეთ პირად გიორგი ჩალაძე კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ხედავს.

„...დიდი მოკრძალებითა და ქედის მოხრით მივმართავ საპატრიარქოს, თითოეული მათგანის რწმენისა და მათი გავლენის ადამიანის რწმენაზე, პირველი ვაქცინაციის დროს სახალხოდ ერთად გავიკეთოთ ეს ფრონტალურად, რათა ადამიანებს მივცეთ რწმუნებითი ნაწილი, რომ ეს უსაფრთხოა“, - საპატრიარქოს საჯაროდ სთხოვა დახმარება პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ექიმმა ლადო კახაძემ, თუმცა ამ მიმართულებით უნდა ჰქონდეს თუ არა ხელისუფლებას საპატრიარქოს იმედი, ჯერჯერობით ბუნდოვანია.

„ამაზე [ვაქცინაციაზე] ჯერ არ უმსჯელია სინოდს და ერთმნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული“, - უთხრა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ, რადიო თავისუფლებას, როდესაც მას ვკითხეთ, აიცრებიან თუ არა სასულიერო პირები და ამით მისცემენ თუ არა მაგალითს მოსახლეობის იმ დიდ ნაწილს, ვინც ითვალისწინებს ეკლესიის რჩევებს.

ხელისუფლება საზოგადოებას არწმუნებს, რომ უკვე ემზადება ვაქცინაციის ჩასატარებლად. ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ საქართველოში მოსახლეობის აცრა „ფაიზერის“ ვაქცინით დაიწყება, ხოლო პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა უკვე დაუჭირა მხარი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს, რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის დასაწყებად საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგებას გულისხმობს.

„ვაქცინას დიდი იმედებით ველოდები. მეც და ჩემი ოჯახის ყველა წევრი მზად ვართ, ავიცრათ და ამას აუცილებლად გავაკეთებთ, ოღონდ შემოვიდეს!“ - ამბობს ამჟამად გაჩერებული სასტუმროს მეპატრონე და ორი შვილის დედა სესილი ლილუაშვილი, თუმცა ფიქრობს, რომ სკეპტიკურად განწყობილ საზოგადოებაში იმდენად ცოტას უნდა აცრა, რომ ვაქცინაციის ეფექტს ქვეყანა მალე ვერ დაინახავს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელისა და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 50-60 პროცენტია მზად იმისთვის, რომ ვაქცინა გაიკეთოს, თუმცა სამუშაო ანტივაქსერული განწყობების დასაძლევად გასაწევია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG