Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ აიცრება, როდის და რომელი ვაქცინით? - გვაქვს თუ არა COVID19-ის ვაქცინაციის გეგმა?


ჯანდაცვის ექსპერტები ხელისუფლებას COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გეგმის წარმოდგენას სთხოვენ. მათი განცხადებით, სწორედ ამ გეგმისა და სქემის გამართულობაზე იქნება დამოკიდებული თუ როგორ და რამდენ ხანში დაუბრუნდება ქვეყანა, ეკონომიკა ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

დარგის სპეციალისტები ამბობენ, რომ მთავრობას უკვე უნდა ჰქონდეს შემუშავებული კონკრეტული სქემა, სადაც დეტალურად უნდა იყოს გაწერილი, რამდენი ვაქცინა შემოდის ქვეყანაში, სად გაიხსნება იმუნიზაციის წერტილები, ვინ და რამდენი ადამიანი აიცრება თავდაპირველად, როგორი იქნება ვაქცინის სხვადასხვა რეგიონში გადანაწილების ჯაჭვი. გარდა ამისა, მათი თქმით, უკვე აღრიცხული უნდა იყოს ყველა ის პირი, ვინც ვაქცინაციის პირველ ეტაპზე აიცრება.

რადიო თავისუფლებას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, კვირის დასაწყისში, 11 იანვარს უთხრა, რომ ვაქცინაციის გეგმის შემუშავებაზე ვაქცინაციის სამთავრობო კომიტეტის 15-კაციანი გუნდი, ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ხელმძღვანელობით მუშაობს. მისივე თქმით, გეგმაზე მუშაობა კვირის ბოლოსთვის უნდა დასრულებულიყო და დეტალური ინფორმაცია ვაქცინაციის პროტოკოლის შესახებაც სწორედ ამ დროისთვის გვეცოდინებოდა. თამარ გაბუნიამ მაშინ ზოგადად მიმოიხილა გეგმის შინაარსი და გვითხრა:

„გეგმა განსაზღვრავს, რომელი ვაქცინა, რა რაოდენობითა და რომელ ჯგუფებში უნდა გაკეთდეს, როგორი იქნება საინფორმაციო სისტემა, ვის ჩაუტარდება ტრენინგები, როგორ უნდა ვაწარმოოთ ვაქცინაციის გვერდითი მოვლენების მონიტორინგი და ა.შ. ეს ყველაფერი ძალიან დეტალურად არის გაწერილი და უკვე დაწყებულია მუშაობა, რომ, მაგალითად, უკვე თებერვალში რომ მივიღოთ ვაქცინა, ვიყოთ მზად იმისათვის, რომ დავიწყოთ ვაქცინაციის პროცესი“.

14 იანვარს ჯანდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ გეგმაზე მუშაობა კვლავ არ დასრულებულა, 15 იანვარს კომიტეტის მორიგი შეხვედრა იგეგმება და როდესაც პროტოკოლი საბოლოოდ დამტკიცდება, დეტალურ ინფორმაციასაც მხოლოდ მას შემდეგ მივიღებთ.

როგორი უნდა იყოს ვაქცინაციის გეგმა?

დარგის სპეციალისტების განცხადებით, ხელისუფლება უკიდურესად აგვიანებს ვაქცინაციის გეგმის გასაჯაროებას, მათ შორის, იმუნიზაციის შესახებ საინფორმაციო კამპანიის წარმოებას.

გიორგი ჩალაძე, გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელი, რადიო თავისუფლებას ესაუბრება იმ რამდენიმე მნიშვნელოვან კომპონენტზე, რომელიც მთავრობას უკვე გაწერილი და გასაჯაროებული უნდა ჰქონდეს იმისათვის, რათა ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს:

„აი, მაგალითად, აბსოლუტურად გაუგებარი იყო, აქამდე რატომ არ გვაჩვენებდნენ იმ მაცივრებს, სადაც მინუს 80 გრადუსზე შესანახი ვაქცინის დასაწყობება შეიძლება. რატომ დაიყვანეს მსჯელობა მაცივრების დონემდე. როგორც იქნა, გუშინ მიიღეს გადაწყვეტილება და ვნახეთ, რომ ამ ტიპის მაცივრები ქვეყანაში დიახ, არსებობს და ვაქცინის შენახვის პრობლემა არ უნდა იყოს. მაგრამ ახლა მთავარი სულ სხვა რამაა - გეგმა, რომლის შესახებაც, ჯერჯერობით, არავინ არაფერი ვიცით. არსებობს კონკრეტული ჩამონათვალი, თუ რას უნდა შეიცავდეს ეს გეგმა. თუ როგორ უნდა განისაზღვროს ასაცრელი პირების პრიორიტეტები, როგორი უნდა იყოს ლოჯისტიკა, მათ შორის, ყბადაღებული მაცივრებიდან, დამთავრებული მძღოლების ჩათვლით. ზუსტად უნდა იყოს გაწერილი, რა დროს, რა მომენტში, ვინ როგორ იქცევა. რა ხდება იმ შემთხვევაში, თუკი მოხდა გაუთვალისწინებელი შემთხვევა. მაგალითად, ვაქცინაციის ტრანსპორტირების დროს ხდება ავარია, რა ხდება ამ დროს. აი, ამ დონეზე უნდა იყოს გაწერილი და ჩაშლილი გეგმა. ზუსტად უნდა იყოს განსაზღვრული, რომელ რეგიონში, რამდენი ვაქცინა უნდა ჩავიდეს, რათა ზუსტად გაიწეროს თითოეული წუთი, რომელ საათზე ვის ვცრით და რამდენს ვცრით, რადგან ვაქცინას სჭირდება სწორი მოპყრობა“.

გიორგი ჩალაძე კიდევ ერთ მნიშვნელოვან დეტალზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც ვაქცინაციის მომენტში შესაძლო გვერდითი მოვლენის, ანაფილაკტიკური შოკის, ანუ, ალერგიული რეაქციის მწვავე გამოვლინებას ეხება, რა დროსაც პაციენტს დროულად უნდა გაეწიოს სათანადო დახმარება. თუმცა, მისი თქმით, აქ კიდევ ერთი პრობლემა იჩენს თავს:

„ასეთ დროს აუცილებელია პაციენტისთვის ადრენალინის გაკეთება. ადრენალინი არსებობს მრავალნაირი, სხვადასხვა დანიშნულებით. საუკეთესო პრეპარატი, რომელიც ანაფილაკტიკური შოკის დროს გამოიყენება, საქართველოში დეფიციტია. ჩვენ ამაშიც კი შეზღუდულები ვართ. კი ვმართავთ ანაფილაკტიკურ შოკს, მაგრამ არ გვაქვს საუკეთესო ინსტრუმენტები“.

რატომ ადანაშაულებს გენეტიკის ეროვნული ლაბორატორია ჯანდაცვის სამინისტროს სიცრუეში?

გიორგი ჩალაძე იმასაც ირწმუნება, რომ ხელისუფლება არასწორ ინფორმაციას ავრცელებს, როდესაც აცხადებს, რომ ქვეყანაში covax პლატფორმის გავლით „პფაიზერის“ ვაქცინა შემოვა. ამის დამადასტურებელ დოკუმენტად კი გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის დირექტორი იმ წერილს ასახელებს, რომელიც მან 13 იანვარს, covax-ისგან ლაბორატორიის მიერ გაგზავნილ წერილზე საპასუხოდ მიიღო. როგორც წერილშია მითითებული covax პლატფორმაზე ამ დროისათვის „პფაიზერის“ არცერთი დოზა ვაქცინა არ არის დარეგისტრირებული, რაც იმას გულისხმობს, რომ ამ ვაქცინას covax პლატფორმა ფიზიკურად ვერ გასცემს:

„ამ პლატფორმაზე იქნება რამდენიმე მწარმოებლის ერთი მილიარდ 900 მილიონი დოზა ვაქცინა. მათ შორის, „ასტრაზენეკაც“, მაგრამ არა „პფაიზერი“. შესაბამისად, ეს განცხადება, რომ საქართველო covax-ის გავლით ელოდება ვაქცინას, არის მცდარი“.

გარდა ამისა, გიორგი ჩალაძე კიდევ ერთ წერილზე დაყრდნობით აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობას 13 იანვრის 13 საათის მონაცემებით, არანაირი მოლაპარაკებები არ ჰქონდა წარმოებული თავად კომპანია „ფაიზერის“ წარმომადგენლობასთან. მისი თქმით, ამას ადასტურებს ის წერილი, რომელიც მან კომპანიისგან ასევე 13 იანვარს, დღის პირველ ნახევარში მიიღო. გიორგი ჩალაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მისი წყაროს ინფორმაციით, ხელისუფლებამ „პფაიზერის“ მწარმოებელ კომპანიაში ვაქცინის თაობაზე პირველი წერილი 13 იანვარს, საღამოს საათებში გაგზავნა:

„ამ ინფორმაციას ექსკლუზიურად გაწვდით. გუშინ საღამოს პირველად მოხდა „ფაიზერთან“ კომუნიკაცია, ოღონდ არა მაღალჩინოსნების, არამედ სამდივნოს დონეზე. ჩემი წყაროს ცნობით, საქართველოს ხელისუფლებისგან წერილი იმის შესახებ, თუ რა შესაძლებლობები არსებობს ვაქცინის შესაძენად ანუ Enquaire on the purchuase of vaccine, გაიგზავნა 13 იანვარს, გვიან. აი, სწორედ ეს იყო პირველი კომუნიკაცია „პფაიზერთან“. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ 13 იანვრის დღის პირველ საათამდე, „პფაიზერთან“ არანაირი კომუნიკაცია არ შემდგარა. ამის დამადასტურებელი წერილი „ფაიზერისგან“ მე მივიღე 13 იანვარს, დღის პირველ საათზე. როგორც კომპანია მწერს, ისინი მოხარულნი არიან ჩემი ინტერესით, რომ შევასრულო მნიშვნელოვანი როლი პანდემიის დაძლევის პროცესში. თუმცა, მათი წერილის თანახმადვე, ამ ეტაპზე, კომპანია უპირატესობას ანიჭებს მოლაპარაკებებსა და ხელშეკრულებების გაფორმებას ხელისუფლებებთან, მაგალითად, ჯანდაცვის სამინისტროებთან. წერილში ასევე მითითებულია იმ პირის ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტა, სადაც არსებული კითხვების შემთვევაში, დაკავშირება შეუძლია საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელს“.

შეგახსენებთ, რომ პირველი ინფორმაცია საქართველოში „პფაიზერის“ შემოტანის შესახებ, ორი დღის წინ, 12 იანვარს გავრცელდა. ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოში ამერიკის ელჩ კელი დეგნანთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა:

„ელჩთან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. ვისაუბრეთ პანდემიის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებზე, ეპიდვითარებასა და ტესტირებაზე. შეხვედრის მთავარი თემა ვაქცინა იყო. ჩვენ "კოვაქს" პლატფორმასთან აქტიურად ვთანამშრომლობთ და გვაქვს გარკვეული წინსვლა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში უახლოეს მომავალში მოსახლეობის აცრა „პფაიზერის“ ვაქცინით იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ 12 იანვარს.

როდის შედგა და შედგა თუ არა კომპანია „პფაიზერთან“ კომუნიკაცია ვაქცინის შეძენის თაობაზე? მიიღებს თუ არა საქართველო covax პლატფორმის გავლით „პფაიზერს“? როგორ უპასუხებს უწყება გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის განცხადებებს? ამ კითხვებით რადიო თავისუფლებამ ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა. უწყების პრეს-სამსახურში განგვიმარტეს, რომ გიორგი ჩალაძის ბრალდებებზე სამინისტრო კომენტარს არ გააკეთებს.

ვაქცინაციის პროცესის სამოქმედო გეგმის გასაჯაროებას ითხოვს „ლელო საქართველოს“ ჯანდაცვის ჯგუფის წევრი ვატო სურგულაძე. მისი თქმით, დროულად და გამჭვირვალედ უნდა გასაჯაროვდეს გეგმა, რომელზეც დამოკიდებული იქნება ქვეყნის სამომავლო პერსპექტივა:

„ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რას აკეთებს ჩვენი ქვეყანა, რომ რაც შეიძლება სწრაფად მივაღწიოთ იმ იმუნიტეტის დონეს, როდესაც შევძლებთ ყველაფრის გახსნას და არ შეგვეშინდება ხვალინდელი დღის. რეალურად კი რა ხდება. საკოორდინაციო საბჭოში სრული დისკოორდინაციაა. პრაქტიკულად არ არსებობს გეგმა, ან ამ გეგმას საგულდაგულოდ მალავენ, თუ როგორ მოხდება ქვეყანაში ვაქცინაცია. მარტო ვაქცინების შემოტანა არ არის საქმე. ძირითადი ამოცანაა, როგორ გაკეთდება, ვინ, როდის, სად, როგორ მიიღებს ამ ვაქცინას და რა თქმა უნდა, რომელი ვაქცინა იქნება შემოტანილი“.

კითხვები აქვს ვაქცინაციის გეგმის შინაარსის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერსა და ჯანდაცვის საკითხებში ექსპერტს, ზურაბ ჭიაბერაშვილსაც. აი, მისი კითხვებიც:

  • „როდის და რამდენი ვაქცინა შემოვა? 100? 1000? 100000? მილიონი?
  • რა პრინციპით ირჩევა პირველი 100, 1000, 10000, 100000, 1 მლნ ასაცრელი?
  • როგორია -80 გრადუსიანი ცივი ჯაჭვის ლოჯისტიკა? (ანუ რისკის ჯგუფებიდან მარტო ქუთაისელები აიცრებიან თუ ღვანკითელებიც?)
  • აცრილთა რა პროცენტზე და რა შეზღუდვები იხსნება? როგორია გრაფიკი და საკვანძო ნიშნულები?
  • რატომ არ მიმდინარეობს საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანია იმუნიზაციის საჭიროებაზე, მაშინ, როდესაც ქვეყანაში საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ვაქცინაციას ეჭვის თვალით უყურებს?“

ვინ უნდა გახდეს მაგალითი - ანუ, პირველი ვინ უნდა აიცრას?

გიორგი ჩალაძე, გენეტიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი კიდევ უფრო შორს მიდის და იმასაც ამბობს, რომ ვაქცინაციის გეგმაში გათვალისწინებული უნდა იყოს იმ პირის ვინაობაც, რომელიც პირველი აიცრება და მისი თქმით, ეს პირი საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში ნდობით უნდა სარგებლობდეს. ერთ-ერთ ასეთ კანდიდატად მას, მაგალითად, საქართველოს კათოკილოს-პატრიარქი, ილია მეორე მიაჩნია:

"რატომ აიცრა პირდაპირ ეთერში ჯო ბაიდენი (ამერიკის არჩეული პრეზიდენტი), ან ენტონი ფაუჩი (ამერიკის მთავარი ეპიდემიოლოგი)? საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს, მათი სჯერა, მათ ენდობიან. როგორც მოვისმინე, ჩვენთან, ერთ-ერთმა დეპუტატმა, ლადო კახაძემ განაცხადა, რომ ის მზად არის ვაქცინა პირველმა გაიკეთოს. ცხადია, არაფერს ვერჩი მას, მაგრამ ის ნამდვილად არ სარგებლობს ისეთი ნდობით საზოგადოებაში, რომ მისი მაგალითი სხვებისთვისაც გადამდები გახდეს. ერთ-ერთი ასეთი ფიგურა, რომელიც საზოგადოების დიდ ნაწილში ნდობით სარგებლობს, მაგალითად ილია მეორეა".

ის, რაც ამ ეტაპზე ცნობილია საქართველოში ვაქცინაციის შესახებ

საქართველოს უკვე გაკეთებული აქვს შეკვეთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის covax-პლატფორმის (ვაქცინაზე წვდომის გლობალური ფონდი) გავლით 700 ათასი ადამიანის ასაცრელი დოზა ვაქცინის შესაძენად და ამ მიზნით ფონდში უკვე გადარიცხულია 4 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტი.

ცნობილია, რომ საქართველოს, ამ ეტაპზე, აქვს საშუალება დაასაწყობოს მინუს 80 გრადუსზე შესანახი ვაქცინის, ანუ „პფაიზერის“ 200 ათასი დოზა. რაც შეეხება სხვა, დაბალ ტემპერატურაზე შესანახ ვაქცინებს, როგორც პაატა იმნაძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ეუბნება რადიო თავისუფლებას, ქვეყანას ასეთი ვაქცინის ანუ „ასტრაზენეკასა“ და „მოდერნას“ მილიონობით დოზის შენახვა შეუძლია.


კითხვაზე, თუ როდის და რა რაოდენობის ვაქცინა შეიძლება შემოვიდეს საქართველოში პირველ ეტაპზე - პასუხი ასეთია: პირველ ეტაპზე იგეგმება 100 ათასი დოზა ვაქცინის შემოტანა. რაც შეეხება თარიღს, სხვადასხვა რესპონდენტს სხვადასხვა პასუხი აქვს და ეს ვადა მერყეობს იანვრის ბოლოდან მაისამდე.

ისიც ცნობილია, რომ საერთაშორისო პროტოკოლის თანახმად, ქვეყანაში უპირველესად აიცრება სამედიცინო პერსონალი და ხანდაზმულები. თუმცა, უფრო მეტი დეტალი, კიდევ რა ქვეკატეგორიებად დაიყოფა ეს ორი სეგმენტი, უცნობია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG