Accessibility links

logo-print logo-print

ირაკლი კობახიძე: გვქონდა უამრავი წარმატება, ბუნებრივია, იყო ხარვეზებიც და შეცდომებიც


"გასული წლების მანძილზე, ჩვენს გუნდს ჰქონდა უამრავი წარმატება. ბუნებრივია, იყო ხარვეზებიც და შეცდომებიც, რომელთათვისაც თვალის გასწორებას ჩვენ არასოდეს შევშინებივართ", - თქვა ირაკლი კობახიძემ "ქართული ოცნების" ყრილობაზე, სადაც ის პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს.

„ქართული ოცნება“ ალბათ სამ მთავარ რამეში გამოიხატება: პირველი, ეს არის ერთიანი საქართველო – ერთიანი ფიზიკურად და სულიერად. ფიზიკურად ერთიანი საქართველო აფხაზეთითა და სამაჩაბლოთი, აფხაზებითა და ოსებით. სულიერად ერთიანი საქართველო, სადაც ადამიანებს არ ჰყოფს სიძულვილი, არამედ ერთმანეთის სიყვარული აერთიანებს.

ჩვენი ქართული ოცნებაა საქართველო კეთილდღეობის ევროპული დონით, ძლიერი ქალაქებითა და სოფლებით, ძლიერი და წელში გამართული ოჯახებით – საქართველო, სადაც ერთი ადამიანიც აღარ ცხოვრობს სიღარიბეში.

ჩვენი ქართული ოცნებაა საქართველო, რომელიც არის მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების თანამეგობრობის ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრი.

სწორედ ამ ოცნებით გაერთიანდა ქართული საზოგადოება 2012 წელს ბიძინა ივანიშვილისა და ჩვენი პარტიის გარშემო. სწორედ ამ ოცნებამ, ღირებულებებმა და შემართებამ მისცა ჩვენს ხალხსა და პარტიას შესაძლებლობა, საფუძველი ჩაეყარა დემოკრატიული გარდატეხისთვის, რამაც შექმნა მყარი საფუძველი საქართველოს ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოსაყალიბებლად.

გასული წლების მანძილზე, ჩვენს გუნდს ჰქონდა უამრავი წარმატება. ბუნებრივია, იყო ხარვეზებიც და შეცდომებიც, რომელთათვისაც თვალის გასწორებას ჩვენ არასოდეს შევშინებივართ. დღეს, როდესაც „ქართულ ოცნებას“ აქვს სახელმწიფოს მართვის რვაწლიანი გამოცდილება, როდესაც ჩვენს პოლიტიკურ გუნდს ჰყავს ღირსეული და გამორჩეული ლიდერები, პროგრესული საპარლამენტო და სამთავრობო გუნდი, ღირსეული ლიდერები და წარმომადგენლები ადგილობრივ ხელისუფლებაში, პარტიას შეუძლია ახალი შემართებით განაგრძოს საქმიანობა, რათა ბოლომდე იქნას მიყვანილი ის საქმე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით განხორციელებული 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხით დაიწყო – ეს არის ჩვენი ქვეყნის გარდაქმნა მთელი თავისი არსით ევროპულ სახელმწიფოდ.

სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი ამბიციური გეგმა, შევქმნათ მყარი საფუძვლები, რათა 2024 წელს საქართველომ წარადგინოს ოფიციალური განაცხადი ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობაზე", - ასე მიმართა მმართველი პარტიის ახალმა თავმჯდომარემ პარტიის ყრილობაზე შეკრებილ დელეგატებს. მან სიტყვა ბიძინა ივანიშვილის მიმართ მადლობით დაიწყო.

16 იანვრის პარტიის ყრილობაზე "ქართული ოცნების" თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს, დაამტკიცეს ასევე პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა. ყრილობის პარალელურად მიმდინარე აქციაზე დააკავეს 9 აქტივისტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG