აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმად, მოიხსნება ევროკავშირის შენგენის ზონიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ირლანდიიდან და ბრაზილიიდან აშშ-ში ჩასვლაზე გასული წლის მარტში დაწესებული შეზღუდვა. ამ ქვეყნებიდან ჩასულებმა აშშ-ის საზღვარზე უნდა წარადგინონ კორონავირუსზე ჩატარებული ტესტირების უარყოფითი პასუხი.
დონალდ ტრამპის მიერ უფლებამოსილების ამოწურვამდე ორი დღით ადრე ხელმოწერილი განკარგულებით, შეზღუდვა 26 იანვრიდან უნდა მოიხსნას. ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება ახალარჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელიც უფლებამოსილების შესრულებას 20 იანვრიდან შეუდგება.
ბაიდენის პრესმდივანმა ჯენ პსაკიმ ტვიტერზე დაწერა, რომ სამედიცინო გუნდის რჩევით, ადმინისტრაცია შეზუდვის მოხსნას არ აპირებს და პირიქით, COVID-19-ის გავრცელების შესაკავებლად ზომების გაძლიერებას გეგმავს.
აშშ-ში კორონავირუსით უკვე დაინფიცირდა 24 მილიონზე მეტი ადამიანი და 400 ათასამდე გარდაიცვალა.