Accessibility links

site logo site logo

რუსეთში დააპატიმრეს პოლიციელი, ეჭვმიტანილი ნავალნის მოწამვლის თაობაზე ჟურნალისტებისთვის ინფორმაციის გადაცემაში


რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა თანამდებობის ბოროტად გამოყენების მუხლით სამარის პოლიციის თანამშრომლის წინააღმდეგ, რომელიც ეჭვმიტანილია ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმის გამოძიებით დაინტერესებული ჟურნალისტებისთვის გარკვეული მონაცემების გადაცემაში.

ვარაუდობენ, რომ პოლიციელი ამოწმებდა რუსეთის იმ მოქალაქეების გადაადგილებას, რომლებსაც საერთაშორისო გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფის ანგარიში უწოდებს გამოძიების ფედერალური სამსახურის (ФСБ) თანამშრომლებს, რომლებიც ალექსეი ნავალნიზე თავდასხმაში მონაწილეობდნენ.

რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, ეჭვმიტანილი უფროსი ლეიტენანტი კირილ ჩუპროვი სამარის პოლიციის ცენტრის თანამშრომელი, ამჟამად შინაპატიმრობაში იმყოფება. ხოლო მისი ერთი კოლეგა სამსახურებრივ შემოწმებას გადის. საქმის ოპერატიულ ნაწილს იძიებს რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახური, რომლის თანამშრომლები მოსკოვიდან ჩავიდნენ სამარაში.

შარშან დეკემბერში კომპანია Bellingcat-ისა და რამდენიმე მედიასაშუალების მიერ ერთობლივად ჩატარებულმა გამოძიებამ გამოავლინა მტკიცებულებები, რომლებიც, ორგანიზაციების თქმით, ცხადყოფს, რომ რუსეთის ოპოზიციის ლიდერი, ალექსეი ნავალნი, რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (ეფესბემ) მოწამლა.

„ტელეკომუნიკაციებისა და მოგზაურობის ბევრი მონაცემის“ შესწავლით, გამოძიება, რომელშიც მონაწილეობდა რუსეთის საგამოძიებო ვებსაიტი Insider-ი და ასევე ჩართული იყვნენ Der Spiegel-ი და CNN-ი, აჩვენებს, რომ 2020 წლის აგვისტოში ციმბირის ქალაქ ტომსკში ნავალნის მოწამვლის აქტი სულ მცირე 2017 წლის დასაწყისიდან იგეგმებოდა.

გერმანიაში ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ, ალექსეი ნავალნი 17 იანვარს დაბრუნდა რუსეთში, სადაც იგი იმავე ღამეს დააკავეს რუსეთის ფედერალური პენიტენციური სამსახურის სარჩელის საფუძველზე. 18 იანვრის გადაწყვეტილებით, კრემლის კრიტიკოს პოლიტიკოსს 30-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG