Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავალნი, რომელიც გვხიბლავს და გვაშინებს


ალექსეი ნავალნი
ალექსეი ნავალნი

კრემლის კრიტიკოსის, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის, შერემეტიევოს აეროპორტში დაკავებასა და მეორე დღესვე პირდაპირ პოლიციის ქვედანაყოფში გამართულ იმპროვიზებულ სასამართლო პროცესზე მისთვის პატიმრობის შეფარდებას საერთაშორისო საზოგადოების დიდი აღშფოთება მოჰყვა.

რუსეთის რეჟიმის მიერ ანტიკორუფციონერი ბლოგერის დევნას გმობენ რუსეთის მეზობელ საქართველოსა და უკრაინაში, სადაც, კრემლის მამხილებელი ანტიკორუფციონერი ბლოგერის საქმიანობით საყოველთაო აღფრთოვანების მიუხედავად, მისი პოლიტიკური საქმიანობისა თუ მისი, როგორც რუსეთის მომავალი პოლიტიკური ლიდერის, პერსპექტივის მიმართ საკმაოდ კრიტიკული განწყობაა.

ამის მიზეზია აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის გამო, მოგვიანებით კი ყირიმის ანექსიასთან დაკავშირებით ნავალნის მიერ გაკეთებული, აშკარად კრემლის პოზიციის დამცავი, შეფასებები.

დასავლეთის რეაქცია და მოსკოვის პასუხი

რუსეთის მიერ ბერლინიდან დაბრუნებული ალექსეი ნავალნის 30 დღით დაპატიმრება მოსკოვსა და დასავლეთს შორის მიმდინარე დაპირისპირების ბოლო ეპიზოდია.

აშშ-ისა და ევროკავშირის მოწოდებას, დაუყოვნებლივ გაეთავისუფლებინა 17 იანვრის ღამით შერემეტიევოს აეროპორტში დაკავებული ალექსეი ნავალნი, რუსეთმა იმით უპასუხა, რომ მეორე დღესვე 30-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა ოპოზიციის ლიდერსა და ანტიკორუფციონერ ბლოგერს, რომელიც კრემლის მთავარ სამიზნეს წარმოადგენს.

„ნავალნიზე კრემლის შეტევა არა მხოლოდ ადამიანის უფლებების დარღვევაა, არამედ შეურაცხყოფაც რუსი ხალხისა, რომელსაც სურს მისი ხმა გაიგონონ“, - დაწერა ტვიტერზე ჯეიკ სალივანმა, რომელიც პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში დაიკავებს ეროვნული უშიშროების საკითხებში მრჩევლის თანამდებობას. სალივანის განცხადებით, ნავალნი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს და პასუხი უნდა აგონ მის სიცოცხლეზე თავდასხმის გამო დამნაშავე პირებმა.

რუსეთი კი იქით ადანაშაულებს დასავლეთს, რომელიც „ლიბერალიზმის კრიზისის“ გადაფარვას ნავალნის გამო ხმაურით ცდილობს.

18 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ დასავლელი პოლიტიკოსები „ჩაებღაუჭნენ“ რუსეთში ნავალნის დაბრუნების ამბავს და დაიწყეს „ერთი თარგით“ კომენტირება.

„როგორც ჩანს, ეს შესაძლებლობას აძლევს დასავლელ პოლიტიკოსებს, იფიქრონ, რომ ამით ისინი შეძლებენ ყურადღება გადაიტანონ იმ უღრმესი კრიზისიდან, რომელშიც განვითარების ლიბერალური მოდელი მოექცა“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

რაც შეეხება ნავალნის მოწამვლას, ლავროვმა ამაში რუსეთის დადანაშაულება შეადარა აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის, სკრიპალების მოწამვლისა და დონბასის თავზე მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ მანამდე გამოთქმულ ბრალდებებს. ლავროვის თქმით, არც ერთ შემთხვევაში არ ყოფილა წარმოდგენილი ამ ბრალდებების დამადასტურებელი მტკიცებულება.

ნავალნის „შოვინისტური“ დისკურსის გამოძახილი საქართველოსა და უკრაინაში

ვწუხვარ ჩემი არასწორი განცხადებების გამო, როდესაც ქართველები მოვიხსენიე "გრიზუნებად" (მღრღნელი). მე არასწორად მოვიქეცი და ეს იყო შეცდომა...
ნავალნი

საქართველოს შემთხვევაში ცნობილია, რომ 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს ალექსეი ნავალნი ქართველებს ომის პროვოცირებაში ადანაშაულებდა და ფიქრობდა, რომ რუსეთს საქართველოსთვის ფრთოსანი რაკეტა უნდა დაეშინა. სწორედ იმ დროს უწოდა ნავალნიმ ქართველებს „გრიზუნები“ (მღრღნელები), რაც შემდეგ ინანა. თუმცა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით მისი პოლიტიკური შეხედულებები დიდად არ განსხვავდება კრემლის ხაზისგან.

„ვწუხვარ ჩემი არასწორი განცხადებების გამო, როდესაც ქართველები მოვიხსენიე "გრიზუნებად" (მღრღნელი). არასწორად მოვიქეცი და ეს იყო შეცდომა. პოლიტიკოსი ვარ და შეცდომის აღიარება შემიძლია. მაგრამ ჩემი პოლიტიკური შეხედულებები არ შეცვლილა. 2008 წლის ომი საქართველოსა და რუსეთს შორის საქართველოს მთავრობის ქმედებებს მოჰყვა“, - განაცხადა 2013 წელს ალექსეი ნავალნიმ, „ამერიკის ხმასთან“ საუბრის დროს.

სწორედ ამიტომ, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი, აცხადებს, რომ რუსი ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის გადაჭარბებული ქება არასწორია.

„როგორც მახსოვს, ალექსეი ნავალნიმ საკმაოდ მძიმე განცხადებები გააკეთა საქართველოს მიმართ მას შემდეგ, რაც რუსეთის საოკუპაციო ძალები საქართველოში შემოიჭრა. იგივე იყო უკრაინის, ყირიმის მიმართ. შეიძლება ითქვას, რომ ოპოზიციონერს ასე არ უნდა სდევდე, სასიკვდილოდ არ უნდა იმეტებდე, რაც სააკაშვილის ხელწერისთვის იყო დამახასიათებელი, მაგრამ რეალობაში ნავალნი ის პიროვნება არ არის, ვინც თავისი პოლიტიკური პოზიციით საქართველოსთვის რაიმე პოზიტივს გამოხატავდა. პირიქით“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ცხადია, ვგმობ დანაშაულებრივი რეჟიმის მიერ ნავალნის დაპატიმრებას, მაგრამ, მოდი, გავიხსენოთ, რომ ნავალნი დემოკრატი კი არ არის, არამედ ნაციონალისტი, რომელიც მხარს უჭერდა ყირიმის ანექსიას...
ტარას კუზიო

არაერთგვაროვნად აფასებენ ალექსეი ნავალნის უკრაინაში, სადაც ასევე ძალიან მწარედ ახსოვთ ანექსირებული ყირიმის უკრაინის შემადგენლობაში დაბრუნებასთან დაკავშირებით მის მიერ როყიოდ ნათქვამი ფრაზა: „ყირიმი ძეხვიანი ბუტერბროდია თუ რა, აქეთ-იქით რომ დავაბრუნოთ“.

მოგვიანებით ნავალნიმ წარუმატებელი უწოდა თავის გამონათქვამს და დაეთანხმა მოსაზრებას, რომ ყირიმი რუსეთის მიერ არის ანექსირებული, მაგრამ კრემლის კრიტიკოსმა პოლიტიკოსმა დასძინა, რომ ყირიმი პერსპექტივაში რუსეთის შემადგენლობაში დარჩება.

„ცხადია, ვგმობ დანაშაულებრივი რეჟიმის მიერ ნავალნის დაპატიმრებას, მაგრამ, მოდი, გავიხსენოთ, რომ ნავალნი დემოკრატი კი არ არის, არამედ ნაციონალისტი, რომელიც მხარს უჭერდა ყირიმის ანექსიას და ბოლო ექვსი წლის განმავლობაში არ დაუგმია პუტინის სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. ერთ-ერთი რუსი შოვინისტია“, - ამბობს ტარას კუზიო, უკრაინული წარმომავლობის ცნობილი კანადელი და ბრიტანელი პოლიტოლოგი.

თუმცა ყველა ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ საქართველოს ავტონომიების ოკუპაციაც და შემდეგ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიაც პუტინური მმართველობისათვის დამახასიათებელი კომპლექსური სპეცოპერაციის შემადგენელი ნაწილია, რომელიც „იუკოსის“ განადგურებით და მიხაილ ხოდორკოვსკის განდევნით დაიწყო და, როგორც უკრაინელი ბლოგერი ვიტალი პორტნიკოვი წერს, ამჟამადაც გრძელდება, რათა ვლადიმირ პუტინმა არ დაუშვას ქვეყანაში რეალური არჩევნები, არ დაუშვას, რომ რუსეთი ნორმალურ ქვეყნად იქცეს.

„ჩვენ ყველას მშვენივრად გვესმის, რომ პროპაგანდასა და სპეცოპერაციაზე უარის თქმა რუსეთში და მის გარშემო შექმნიდა სულ სხვა პოლიტიკურ რეალობას. არჩევნების დროს ადგილი ექნებოდა ნამდვილ და არა გამოგონილ კონკურენციას, რომელშიც ჩაიხრჩობოდა „ერთიანი რუსეთი“, „სამართლიანი რუსეთი“ და, შესაძლოა, თავად დიადი და საშინელი მმართველიც; დადგებოდა რეალური პასუხისმგებლობა კორუფციის გამო და მოხელეების ქურდობის გამოძიებით დაკავებული აღარ იქნებოდა ბლოგერი, რომლის იზოლაციისათვის საჭირო გახდებოდა დედაქალაქის აეროპორტების ფეხზე დაყენება. საქართველო მოლაპარაკებებს გამართავდა თავის ავტონომიებთან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე; არ იარსებებდა არავითარი ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში, არ იქნებოდა აღარც არავითარი კონფლიქტი უკრაინასა და დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროსთან... ერთი სიტყვით, ეს იქნებოდა მეზობლებისადმი პატივისცემით გამსჭვალული და ცივილიზებულ მსოფლიოსთან დიალოგში ჩაბმული ნორმალური ადამიანების, ნორმალური ქვეყანა“, - წერს ვიტალი პორტნიკოვი.

ნავალნი ფარ-ხმლის დაყრას არ აპირებს

ალექსეი ნავალნი ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა, როცა 2020 წლის 20 აგვისტოს კომაში აღმოჩნდა. პილოტებმა ინსტრუქციის მიხედვით იმოქმედეს და თვითმფრინავი დასვეს უახლოეს აეროპორტში - ომსკში, სადაც ნავალნი საავადმყოფოში მოათავსეს. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მას შხამის საწინააღმდეგო ანტიდოტი გაუკეთა.

მოგვიანებით, დამოუკიდებელმა ევროპულმა ლაბორატორიებმა, რომლებიც ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის მიერ არიან სერტიფიცირებული, დაადგინეს, რომ ნავალნი საბრძოლო ნივთიერება „ნოვიჩოკით“ იყო მოწამლული.

შარშან დეკემბერში კომპანია Bellingcat-ისა და რამდენიმე მედიასაშუალების მიერ ერთობლივად ჩატარებულმა გამოძიებამ გამოავლინა მტკიცებულებები, რომლებიც, ორგანიზაციების თქმით, ცხადყოფს, რომ რუსეთის ოპოზიციის ლიდერი, ალექსეი ნავალნი, რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (ეფესბემ) მოწამლა.

„ტელეკომუნიკაციებისა და მოგზაურობის ბევრი მონაცემის“ შესწავლით, გამოძიება, რომელშიც მონაწილეობდა რუსეთის საგამოძიებო ვებსაიტი Insider-ი და ასევე ჩართული იყვნენ Der Spiegel-ი და CNN-ი, აჩვენებს, რომ 2020 წლის აგვისტოში ციმბირის ქალაქ ტომსკში ნავალნის მოწამვლის აქტი სულ მცირე 2017 წლის დასაწყისიდან იგეგმებოდა.

მოგვიანებით თავად ალექსეი ნავალნისთან საუბარში ადამიანმა, რომელიც ფსბ-ს თანამშრომელ კონსტანტინ კუდრიავცევად არის ნახსენები, ახსნა, რომ პოლიტიკოსი მოკვდებოდა, რომ არა მისი ოპერატიული დაჯდომა ომსკში და სასწრაფო დახმარების ჯგუფის მიერ მის ორგანიზმში ატროპინის შეყვანა: „ცოტა მეტხანს რომ გაგრძელებულიყო, მაშინ, შესაძლებელია, ყველაფერი სხვაგვარად დასრულებულიყო. აი, ხედავთ, ასე მოხდა... ეს სწორედ ის ცუდი ფაქტორია, რომელიც ჩვენს საქმეში შეიძლება იყოს“. ნავალნის თანამოსაუბრემ ასევე თქვა, რომ საწამლავი პოლიტიკოსის ქვედა საცვალზე მოათავსეს.

მთელი ამ ხნის განმავლობაში კრემლი უარყოფდა ნავალნის მოწამვლას და რაც უფრო მეტი არგუმენტები ჩნდებოდა დასავლურ მედიაში, მით უფრო მეტი ცინიზმით ცდილობდა რუსეთის ოფიციოზი „ქვიშაში თავის“ ჩარგვას.

ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ნავალნის „დევნის მანიით“ შეპყრობილი „ავადმყოფი“ უწოდა.

„ასევე შეიძლება მკაფიოდ დავადგინოთ განდიდების მანიის გარკვეული გამოვლინება, იმიტომ რომ, როგორც ამბობენ, ის საკუთარ თავს იესოსთან აიგივებს. ხოლო დანარჩენი, საკუთარი გულფიკის ზონაზე ასეთი ჩაციკვლა და სხვა ამდაგვარი, უკვე ფროიდიზმის გამოხატულებაა“, - განაცხადა დმიტრი პესკოვმა, რომელმაც ხაზგასმით დასძინა, რომ ეს მხოლოდ მისი „პირადი მოსაზრებაა“.

გერმანიაში ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ, ალექსეი ნავალნიმ 13 იანვარს გამოაცხადა, რომ აპირებს რუსეთში დაბრუნდეს, მიუხედავად მიღებული გაფრთხილებისა, რომ რუსეთის ფედერალურ პენიტენციურ სამსახურს მისი დაპატიმრება სურს.

18 იანვრის გადაწყვეტილებით, ნავალნი რუსეთის მართლმსაჯულებამ კიდევ ერთხელ, ამჯერად 30 დღით, დააპატიმრა. ხიმკის პოლიციის შენობაში გამართულ სასამართლო სხდომაზე, რომელსაც ნავალნიმ „სამართლის დაცინვა“ უწოდა, მოსამართლემ გამოიტანა განაჩენი, რომ ის პატიმრობაში უნდა დარჩეს 15 თებერვლამდე, სანამ სხვა სასამართლო გადაწყვეტდეს, შეცვალოს თუ არა ციხით მისი პირობითი პატიმრობა, რომელიც ნავალნის სხვა საქმეზე მიესაჯა.

მაგრამ კრემლის კრიტიკოსი პოლიტიკოსი ფარ-ხმლის დაყრას არ აპირებს.

ნავალნიმ რუსეთის მოქალაქეებს პროტესტის გამოსახატავად ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდა.

„არ შეგეშინდეთ, გადით ქუჩებში. ჩემთვის არ გახვიდეთ - გადით თქვენი თავისთვის და თქვენი მომავლისთვის“, - ამბობს ნავალნი იუტუბით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში 18 იანვარს.

ალექსეი ნავალნის თანამებრძოლმა, ლეონიდ ვოლკოვმა, განაცხადა, რომ პოლიტიკოსის გათავისუფლების მოთხოვნით 23 იანვრისათვის მოამზადებენ „დიდ მიტინგს“. მას არაფერი უთქვამს იმაზე, აპირებენ თუ არა აქციის შეთანხმებას ხელისუფლებასთან.

რუსეთის მრავალ რეგიონში ამჟამად მოქმედებს კორონავირუსის ეპიდემიის გამო შემოღებული აკრძალვები.

ორშაბათს რუსეთის ხელისუფლებას ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით მიმართეს გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა.

მერკელის თქმით, ერთობლივი რეაქციის საკითხს ის ევროკავშირის პარტნიორებთანაც განიხილავს.

მოელიან, რომ სამშაბათს ალექსეი ნავალნის დაპატიმრებასთან დაკავშირებულ ვითარებაზე იმსჯელებს ევროპარლამენტი, რომელიც უფრო ადრე რუსი პოლიტიკოსის მოწამვლის გამო რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების შემოღების მოწოდებით გამოვიდა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG