Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამფეტამინის, LSD-ის, MDMA-ის, მეტამფეტამინისა და სხვა ნარკოტიკული საშუალებების "მცირე დოზები" კანონით განისაზღვრება


რვა ნარკოტიკული საშუალების "მცირე დოზები" კანონით განისაზღვრება. ამ დრომდე ამ ნარკოტიკული საშუალებების მინიმალური დოზაც კი "დიდ მოცულობად" ითვლება.

კანონის თანახმად, ყველა ერთნაირად არ დაისჯება და სასჯელის ზომა დამოკიდებული იქნება პირისთვის აღმოჩენილ ნარკოტიკული საშუალების მოცულობაზე. მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები ზუსტად განისაზღვრება ისეთ ნარკოტიკულ საშუალებებზე, როგორიცაა: ამფეტამინი, დეზომორფინი, ლიზელგინის მჟავა, მისი წარმოებულები და პრეპარატები, მათ შორის, ლიზერგიდი (LSD), MDMA, მეთკათინონი (ეფედრონი), მეტამფეტამინი, მეთადონი და ჰეროინი.

"ხშირ შემთხვევაში, სწორედ იმიტომ, რომ ნარკოტიკულ საშუალებას არ აქვს მცირე ოდენობა განსაზღვრული, მცირე ოდენობის შემთხვევაში პირი არ ექვემდებარება ადმინისტრაციულ სამართლებრივ სახდელს, იმთავითვე ხდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სუბიექტი, როგორც ეს დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემთხვევაშია გათვალისწინებული, და მის მიმართ გამოიყენება არაპროპორციული სასჯელები, ხშირ შემთხვევაში საპატიმრო სასჯელის სახით", - ვკითხულობთ პარლამენტის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

აქვე ვკითხულობთ, რომ ნარკოტიკულ საშუალებათა მცირე ოდენობის საზომად აღებულ იქნა ნარკოტიკის ეპიზოდური მომხმარებლის მიერ მოხმარებულ ერთ დოზაზე მეტი ოდენობა, რომლის დათვლა თითოეული ნივთიერების შემთხვევაში ხდება სუფთა სუბსტანციის სახით:

"დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების გამოთვლის წესშიც შედის ცვლილება, რაც გულისხმობს, თითოეული ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების და გავლენის გათვალისწინებით, სუფთა სუბსტანციაზე დაყრდნობით ოდენობების გამოთვლას".

პრესრელიზის მიხედვით, ოდენობათა დაანგარიშების მეთოდიკა დაეყრდნო, ერთი მხრივ, სამეცნიერო ლიტერატურასა და, მეორე მხრივ, ლაბორატორიული ექსპერტიზის პრაქტიკას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG