Accessibility links

site logo site logo

ბენ ჰოჯესი: "ბატონი ბლინკენი მართალია"


ბენ ჰოჯესი

საქართველოს ნატოში გაწევრიანებისა და რუსეთიდან მომდინარე შესაძლო საფრთხის შესახებ 19 იანვარს სენატში დაწყებული დისკუსია 20 იანვარს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გაგრძელდა.

"ბატონი ბლინკენი მართალია... კრემლი მხოლოდ ნატოს არაწევრი ქვეყნის წინააღმდეგ იყენებს ძალას. უსაფრთხოება მართლა გაიზრდება ნატოში საქართველოს ყოფნით“, - წერს „ტვიტერში“ ბენ ჰოჯესი, ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი მთავარსარდალი.


სამშაბათს, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის მიერ სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე წარდგენილმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ იგი კვლავინდებურად ემხრობა ნატოს გაფართოებას და მის რიგებში საქართველოს მიღებას.

„თუ თქვენ ამას [საქართველოს ნატოში მიღებას] წარმატებით შეძლებდით, მაშინ ახლა რუსეთთან ომში ვიქნებოდით“, - უთხრა სახელმწიფო მდივნობის კანდიდატს მისი პასუხის მოსმენისას რესპუბლიკელმა სენატორმა რენდ პოლმა.

„პირიქით, სენატორო. ნატოს წევრობასთან დაკავშირებით, მე ვფიქრობ, სინამდვილეში, თავისი მიზეზი აქვს იმას, რატომ არის რუსეთი აგრესიული ისეთი ქვეყნების მიმართ, ვინც არაა ნატოში და [ნატოს] ქოლგის ქვეშ და იმასაც აქვს მიზეზი, რატომ არ ესხმის თავს რუსეთი იმ ქვეყნებს, ვინც ნატოს წევრია“, - უპასუხა ენტონი ბლინკენმა რესპუბლიკელ სენატორს.

რენდ პოლი, რომელიც სკეპტიკურად არის განწყობილი ნატოს ღია კარის პოლიტიკის მიმართ, შიშობს, რომ საქართველოს ალიანსში მიღების შემთხვევაში, რუსეთის ოკუპაცია ნატოს მე-5 მუხლის ამოქმედებისა და ამერიკელი ჯარისკაცების საქართველოს დასაცავად გაგზავნის მიზეზი გახდებოდა.

„ჩვენ გვინახავს წარსულში, რომ ქვეყნები, რომლებიც გაწევრიანდნენ ნატოში, აღარ გამხდარან რუსეთის სამიზნე“, - განაცხადა თავის მხრივ ბლინკენმა.


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოსაზრება საეჭვოდ ეჩვენება პროფესორ პატრიკ პორტერს. ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელი „ჯოჯოხეთური რისკის შემცველს“ უწოდებს ვარაუდს, რომ „ალიანსის შემდგომი გაფართოება მოწინააღმდეგის საზღვრამდე, უფრო მეტად მშვიდობიანს გახდის მოწინააღმდეგეს, და არა - ნაკლებად მშვიდობიანს“ .


პატრიკ პორტერს „ტვიტერის“ საშუალებით გამოეხმაურა გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი, რომელიც თანამიმდევრულად უჭერს მხარს ნატოს გაფართოებას და ალიანსში საქართველოს გაწევრიანებას.

„უკაცრავად, მაგრამ არ გეთანხმები, პატრიკ. არავითარი „ჯოჯოხეთური რისკი“ აქ არ არსებობს. ნამდვილი რისკი ისაა, როდესაც სახელმწიფოები ვერ ახერხებენ იმას, რომ კრემლს პასუხი აგებინონ მისი აგრესიისთვის. ბატონი ბლინკენი მართალია“, - წერს „ტვიტერში“ ბენ ჰოჯესი, ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი მთავარსარდალი.

ნატოს გაფართოებას და რუსეთის მხრიდან მომდინარე შესაძლო საფრთხეს გამოეხმაურა ვოლფგანგ იშინგერი, მიუნხენის საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარე.

„მთავარი ოპერატიული ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ ისე იქნას უზრუნველყოფილი საქართველოს უსაფრთხოება, რომ გაწევრიანების პროცესის დაწყებიდან (ალიანსში) გაწევრიანებამდე ქვეყანა არ აღმოჩნდეს რისკის ქვეშ, რომლის ალბათობა ნამდვილად არ დაიკლებს“, - წერს იშინგერი.

მანამდე საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმაც ისაუბრა საგარეო საკითხებზე პარიზის სამეცნიერო სკოლის მიერ ორგანიზებულ ვიდეოკონფერენციაზე.

შესაბამისი კითხვის პასუხად სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთს არ აქვს უფლება, საქართველოსა და უკრაინას, როგორც სუვერენულ სახელმწიფოებს, გადაუწყვიტოს, იყვნენ თუ არა ისინი ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის წევრები.

„რუსეთს ჩარევის, დაბლოკვის და სუვერენული ქვეყნების წევრობის სურვილის შეჩერების მცდელობის უფლებაც არ აქვს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.


მოსალოდნელია, რომ 2021 წელს, ნატოს სახელმწიფოთა მეთაურების სამიტი იმსჯელებს ნატოს გენერალურ მდივანთან შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის (Reflection Group) მიერ შემუშავებულ ანგარიშზე, რომლის ერთ-ერთ იმპერატიულ ამოცანად ნატოს ღია კარის პოლიტიკის შენარჩუნებაა მიჩნეული.

„ნატო კვლავინდებურად ერთგული უნდა დარჩეს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისა და წევრობის შესახებ მოლაპარაკებების მნიშვნელობა უფრო მაღალ დონეზე უნდა აიყვანოს“, - აღნიშნულია სტრატეგიულ დოკუმენტში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG