Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დათა ვანიშვილის შვილიშვილი გადარჩა. აუტანელი ყოფა ოკუპაციის პირობებში


მალხაზ კურტაევი და თათია ადიკაშვილი
მალხაზ კურტაევი და თათია ადიკაშვილი

დათა ვანიშვილის შვილიშვილი, მალხაზ კურტაევი ცხინვალის საავადმყოფოდან სახლში დაბრუნდა. მოწამლულს ექიმებმა გადასხმები გაუკეთეს და გაწერეს.

მალხაზ კურტაევი უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში 19 იანვარს სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. დათა ვანიშვილის შვილიშვილი სახლში შინა პატიმრობაში იმყოფებოდა და სოფელ ხურვალეთის არაოკუპირებულ ნაწილში მყოფ ცოლთან გადასვლას ვერ ახერხებდა. მან მომწამვლელი ნივთიერება დალია. მალხაზის ბებიამ, ვალია ვანიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ შვილიშვილის ემოციური მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც ოკუპანტებმა მალხაზი და მისი მეუღლე ერთმანეთს იძულებით დააშორეს.

დათა ვანიშვილის სახლში დაბრუნებულ მალხაზ კურტაევს რადიო თავისუფლება დაუკავშირდა.

„ეს ყველაფერი ჩემი მეუღლის გამო გავაკეთე. ჩემს მეუღლესთან თუ არ ვიქნები და არ შევერთდებით, ჩემი ცხოვრება არაფერია. ვნერვიულობ, ჩემი ცოლი თვეზე მეტია არ მინახია და ჩემს სიცოცხლეს რა აზრი აქვს, თუ მასთან არ ვიქნები? რუსების და ოსების ხელში, მუქარის და თვალთვალის გამო ძალიან ძნელია. ცხინვალში, წითელ ჯვარში განცხადება დავწერე, რომ ჩემი ცოლი ისევ ჩემთან შემოუშვით მეთქი და არანაირი პასუხი არ არის. ალბათ, მაგათი მთავრობა არ აძლევს უფლებას წითელ ჯვარსა და მე ასე ვეღარ ვძლებ. თათიას ტანსაცმელიც აქ არის და საბუთებიც. მე კი წამართვეს ყველა საბუთი. წუხელის როგორც ბაბომ მითხრა, მთელი საქართველო ფეხზე დადგაო. ღობესთან ჩვენი პოლიცია მოსულა და ქართული სასწრაფოც მოუყვანიათ. ვენაცვალე მე საქართველოსა. ნასვამი ვიყავი და ეს ნაბიჯი გადავდგი, მეტი აღარ შემეძლო.“ - გვითხრა მალხაზმა.

მალხაზ კურტაევს, როგორც რუსეთის, ისე საქართველოს მოქალაქეობა აქვს. გორში დაიბადა და ძირითადად პაპასთან გაიზარდა. მალხაზ კურტაევი ხშირად გადადიოდა ხურვალეთის არაოკუპირებულ ნაწილში, სადაც თათია ადიკაშვილი გაიცნო. დაახლოებით, 10 თვის წინ ის ცოლად მოიყვანა და მავთულხლართებს მიღმა, სოფლის ოკუპირებულ ნაწილში, პაპის სახლში მიიყვანა. მათი პრობლემებიც მაშინ დაიწყო. ახალშეუღლებული ცოლ-ქმარი დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს, მალხაზს კი დე ფაქტო უშიშროების სამსახური მუდმივად ემუქრებოდა.

რამდენიმე თვის წინ მალხაზ კურტაევი და თათია ადიკაშვილი ხურვალეთის არაოკუპირებულ ნაწილში გადმოიპარნენ და ერთხანს თათიას მშობლების სახლში ცხოვრობდნენ. მოგვიანებით მალხაზი თათიასთან ერთად შეუძლოდ მყოფი პაპის სანახავად მავთულხლართებს მიღმა ისევ გადავიდა. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მალხაზი დათა ვანიშვილის სახლში დაიჭირეს, ცოლი კი გამოუძევეს.

„ბაბომ დამირეკა, პაპა ცუდად არისო და ხურვალეთიდან რომ გადმოვედით (სოფლის არაოკუპირებული ნაწილიდან) ღობეებზე სპორტულებიც დავხიე, თათიაც გამომყვა, რო საცა შენაო მეც იქაო, შენთან ერთად მინდა მეც ყოფნაიო. ორი კვირა აქ, პაპას სახლში ვიყავით. აქა რუსების უფროსის მოადგილე არის ერთი დაღესტანელი, 9 დეკემბერს მოვიდა, მე და თათია წაგვიყვანა მავთულებთან, ღობეზე ჩემი ორსული ქალი გადავსვი, საქართველოს მხარეს გადაგვიყვანა, ისევ გადმოგვიყვანა და ფოტოებს და ვიდეოებს მიღებდნენ, აი საზღვარი დაარღვიეო, ასე რამდენჯერმე ორსული ქალი ღობეზე გადავსვი, გადმოვსვი. ამ ვიდეოზე და ფოტოებზე კიდევ აფიქსირებდნენ, რომ ვითომ მაშინ შემოვდივარ საზღვარზე. მერე სახლში მუქარებზე გადავიდა. - მიდი, ახლა ქართველებს შეაგინეო, ოსურად შეაგინეო. მე ქართველებმა კარგის მეტი არაფერი გამიკეთეს, მაგრამ იძულებული გამხადეს და შემაგინებინეს. არ დავმალავ ამას. ეს მოხდა მუქარის და შანტაჟის გამო. შეურაცხყოფას და თვალთვალს ვეღარ ვიტანდი. ახალგორში წამიყვანეს მერე კარანტინში. 9 დღემდე იქ დაგვტოვეს. ამათ კაგებეს რომ ეძახიან, ეგენი მოვარდნენ და ჩემი ცოლი წივილ-კივილით მიჰყავდათ. გავეკიდე - სად მიგყავთ ჩემი ცოლი მეთქი. საავადმყოფოში ხმაური ავტეხე, რატომ მართმევთ ცოლს მეთქი. ვინ მომისმინა, თათია ქართულ მხარეს გადასცეს. მე შინა პატიმრობა მომისაჯეს თებერვლამდე.“

17 დეკემბერს, როცა ოკუპირებული ტერიტორიიდან მალხაზ ვანიშვილს ცოლი გამოუძევეს, ცხელი ხაზის მეშვეობით დე ფაქტო ხელისუფლებამ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს აცნობა, რომ მალხაზ კურტაევმა (ვანიშვილმა) სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა მიიღო და იქ დარჩენას აპირებდა. აი, რას ამბობს ამის შესახებ მალხაზ კურტაევი.

„ოსებმა გამივრცელეს მერე, რომ თითქოს უარი ვთქვი საქართველოს მოქალაქეობაზე და ცხინვალის მოქალაქეობას ვიღებდი. არაფერი ეგეთი არ ყოფილა. მე ცხინვალის მოქალაქეობა ისედაც მქონდა დიდი ხნის წინ აღებული. 2015 წელს მომცეს. აქ ორ ნაბიჯში რომ გავსულიყავი, პასპორტს მთხოვდნენ და სხვა გზა არ მქონდა, გავაკეთე. საქართველოს პირადობაც მქონდა და ახლა რუსებმა ყველა საბუთი ჩამომართვეს, პირადობაც, დევნილობის მოწმობაც და სხვა საბუთები, ყველაფერი წამართვეს. მე არ მითქვია საქართველოს მოქალაქეობაზე უარი და არასოდეს ვიტყვი. ჩემ ცოლს რახან არ უშვებენ აქეთ, მე თვითონ ისევ ვფიქრობ გადმოსვლასა. მე საქართველოზე უარს არასოდეს ვიტყვი“.

თვის ბოლომდე მალხაზ კურტაევი და თათია ადიკაშვილი შვილის დაბადებას ელოდებიან. ოკუპაციით ორად გაყოფილი ოჯახი ახლა მძიმე მდგომარეობაშია.

„მალე ბიჭს ველოდები და მე ჩემ ცოლ-შვილთან მინდა ყოფნაი, ჩემ ცოლ-შვილთან ერთად თუ არ ვიქნები, ჩემ სიცოცხლეს აზრი არა აქვს. ძალიან მიყვარს ჩემი ცოლი და მის გარეშე არ შემიძლია. ძალიან მიჭირს, პატარა კოტეჯის შეძენაშიც რომ დამეხმაროს მთავრობაი და პატარა სამსახური მქონდეს, ვიცხოვრებდით ჩვენთვის ტკბილადა.“

მძიმე რჩება დათა ვანიშვილის მდგომარეობაც. მისი ცოლის თქმით, ექიმი ხშირად აკითხავს, მაგრამ მოხუცი ფეხზე ვეღარ დგება. ვალია ვანიშვილი ამბობს, რომ ოჯახი გამოუვალ მდგომარეობაშია.

პაპასა ექიმი სახლში აკითხავს და უვლის, თვითონ ვეღარსად მიდის. მუხლები აწუხებს და საერთოდ ვეღარ დგება, ლოგინში წევს სულ“.

სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ძალებმა ბორდერიზაციის პროცესი 2011 წელს დაიწყეს. დათა ვანიშვილს სახლის წინ მავთულხლართი გაუვლეს. სახლი ხურვალეთის ოკუპირებულ ნაწილში დარჩა, მიწა კი - საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე. დათა ვანიშვილსა და მის ოჯახს უთხრეს, რომ ამიერიდან სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ცხოვრობენ და სოფელ ხურვალეთში, საქართველოს ტერიტორიაზე, გადასვლა ეკრძალებათ.

XS
SM
MD
LG