Accessibility links

logo-print logo-print

აშშ-ის საელჩომ გაავრცელა განცხადება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ


აშშ-ის საელჩო საქართველოში აცხადებს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნას, რომ რუსეთმა შეწყვიტოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აშკარა დარღვევები.

საელჩოს მიერ დღეს გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორის სარჩელში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ სასამართლომ გადაწყვეტილება მკაფიოდ საქართველოს სასარგებლოდ მიიღო და რუსეთი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მრავალი მუხლის დარღვევაში პასუხისმგებლად ცნო, მათ შორის ცალკეული პიროვნებების დაკავებასა და წამებაში და საქართველოს მოქალაქეებისთვის სახლებში დაბრუნების უფლების ჩამორთმევაში. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ რუსეთის მთავრობამ არ ჩაატარა სრული ან შესაბამისი გამოძიება იმ მოვლენებისა, რომელიც მოხდა საომარ მოქმედებამდე და მას შემდეგ“.

აშშ-ის საელჩოს განცხადებით, „სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნას, რომ რუსეთმა შეწყვიტოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აშკარა დარღვევები. განსაკუთრებით საგანგაშო და მიუღებელია რუსეთის მცდელობები, გააკონტროლოს და გამოიყენოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონები ბორდერიზაციის გზით, თვითნებური დაკავებებით, ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის გადაკვეთის შეზღუდვითა და სოციალურ-ეკონომიკური და სამხედრო „ხელშეკრულებების" დადებით საქართველოს ორ რეგიონთან“.

აშშ-ის დიპლომატიური მისიის შეფასებით, მსგავსი ქმედებები „საფრთხეს უქმნის საქართველოს ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხის სიცოცხლეს, კულტურასა და პირად თავისუფლებებს და არ აძლევს მათ იმ უფლებებით სარგებლობისა და შესაძლებლობების გამოყენების საშუალებას, რაც საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი“.

2008 წლის აგვისტოს ომის გამო, რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში 12 წლის დაწყებული დავა 21 იანვარს დასრულდა საქართველოს გამარჯვებით. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა საქართველოს სახელმწიფოს პოზიცია, რომ რუსეთმა დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG