Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში ნავალნის მხარდამჭერთა აქციების მონაწილეებს აპატიმრებენ


მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მხარდამჭერთა აქციები მიმდინარეობს, პოლიცია მის მონაწილეებს აკავებს. ხალხი აპროტესტებს ნავალნის დაკავებას, რომელიც გერმანიიდან მოსკოვში დაბრუნებისთანავე დააპატიმრეს და 30 დღით პატიმრობა მიუსაჯეს.

არასამთავრობო უფლებადამცველი ორგანიზაციის, "ОВД-Инфо"-ს ცნობით, მოსკოვში უკვე დააკავეს აქციის 60-ზე მეტი მონაწილე, პეტერბურგში 50-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის - „მედიაზონისა“ და „მედუზის“ კორესპონდენტები. დააპატიმრეს ასევე გამოცემა „კომერსანტის“ პეტერბურგის რედაქციის თანამშრომლები. ჟურნალისტებს პრესის თანამშრომელთათვის განკუთვნილი ჟილეტები ეცვათ ამოსაცნობი წარწერებით.

მოსკოვში საპროტესტო აქციაზე პოლიციამ დააკავა ნავალნის ორგანიზაციის, „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ თანამშრომელი ლიუბოვ სობოლი. მანამდე ის 250 ათასი რუბლით დააჯარიმეს. ამის შესახებ ტელეარხი „დოჟდი“ იტყობინება.

მოსკოვში პოლიციამ ალყა შემოარტყა პუშკინის მოედანს, ის სოციალური დისტანციის დაცვას და დაშლას მოითხოვს აქციის მონაწილეთაგან. მიტინგზე იმყოფებიან ასევე სამოქალაქო პირები „რაზმელის“ სამკლავურებით. პეტერბურგში გადაკეტეს სენატის მოედანი და რიგი საკვანძო მნიშვნელობის საფეხმავლო მარშრუტები.

მანამდე პოლიციამ პრევენციულად დააპატიმრა ოპოზიციის აქტივისტები და ნავალნის მომხრეთა შტაბების რეგიონული თანამშრომლები. სოცქსელებში იბლოკება მიტინგებზე მისვლის მოწოდებების ნაწილი, ასევე პოსტები მიტინგების ადგილმდებარეობის შესახებ. ხელისუფლება არასანქცირებული მიტინგების მონაწილეებს აფრთხილებს მათი პასუხისმგებლობის შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG