ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PRI) ცნობით, 15 წლის ლუკა ღარიბაშვილის საქმე სხვა შშმ ბავშვებისთვისაც სასარგებლოდ დასრულდა:
საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა სოციალური რეაბილიტაციის 2021 წლის სახელმწიფო პროგრამა, სადაც შევიდა ცვლილება, რომლის თანახად, შშმ ბავშვები, მათ შორის, მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონენი, დღის ცენტრებში უზრუნველყოფილი იქნებიან პერსონალური ასისტენტებით.
რაც შეეხება ბინაზე მოვლის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამას - ქცევის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის, მულტიდისციპლინური გუნდის მიერ გამოვლენილი საჭიროებების შემთხვევაში, შესაძლებელი გახდა ინდივიდუალური ზრუნვის განხორციელებაც. ისე, როგორც ეს მოხდა 15 წლის ლუკა ღარიბაშვილის შემთხვევაში, რომელმაც ქვეყანაში ბავშვზე ზრუნვის სათანადო სერვისის არარსებობის გამო, 3 თვეზე მეტი გაატარა იძულებით ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.
ორგანიზაციაში „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“, რომელიც ლუკა ღარიბაშვილის უფლებებს იცავდა სასამართლოში, მიიჩნევენ, რომ ლუკას საქმეში წარმატების მიღწევამ ყველა ბავშვისთვის სასარგებლო ცვლილების განხორციელება გამოიწვია.
თბილისის საქალაქო სასამართლომ, 2020 წლის 28 სექტემბერს, მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება და ლუკა ღარიბაშვილის სიცოცხლის დაცვისა და მისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით დააკმაყოფილა PHR-ის მოთხოვნა დროებითი განჩინებით: სასამართლომ დაავალა საქართველოს მთავრობას, ბავშვისთვის გამოეყო 4 პერსონალური ასისტენტი, რომლებიც ლუკას დაეხმარებოდნენ დღეში 12 საათის და კვირაში 7 დღის განმავლობაში უსაფრთხოდ ყოფნაში, სახლში თუ მის გარეთ.