Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბა ბუაძე - "მანდატები გასაუქმებელი იყო ჯერ კიდევ ერთი თვის წინ"


"ლელო საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს წევრი, საბა ბუაძე რადიო თავისუფლების "დილის საუბრებში" აცხადებს, რომ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების გაუქმების საკითხი არ არის მიბმული შეთანხმების მიღწევის საკითხთან და დეპუტატებისთვის უფლებამოსილების საკითხი პარლამენტს აქამდეც უნდა განეხილა:

"ეს მანდატები გასაუქმებელი იყო ჯერ კიდევ ერთი თვის წინ და ამიტომაც ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ყველაფერი და უნდა გააუქმოს ეს მანდატები, როგორც დაგეგმილი იყო.

კარგი იქნებოდა, ეს დრო გამოყენებული ყოფილიყო პოლიტიკური შეთანხმებისთვის, მაგრამ ჩვენთვის მანდატების გაუქმება და პოლიტიკური შეთანხმება არ ყოფილა დაკავშირებული ერთმანეთთან. ჩვენ ამ შეთანხმებას დათქმული დროისგან დამოუკიდებლად ვხედავთ.

შეთანხმება ნებისმიერ შემთხვევაში მიღწეული უნდა იყოს - გაუქმდება თუ არა მანდატები. უბრალოდ, "ქართული ოცნება" გრძნობს უხერხულობას ერთპარტიული პარლამენტით და ამის გამო მოხდა ამ გაუქმების გაჭიანურება, თორემ ჩვენ პირველსავე დღეებში გვინდოდა ეს დადასტურებულიყო და დასრულებულიყო პროცესი".

საბა ბუაძის განცხადებით, მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს მანდატების გაუქმების შემდეგაც:

"ჩვენ გვინდა, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი დასრულდეს მოლაპარაკების გზით. ამ კრიზისს აქვს მხოლოდ და მხოლოდ ერთი დასასრული. ის დასრულდება მოლაპარაკებების გზით ან კიდევ უფრო გაღრმავდება. კიდევ უფრო გაღრმავება ნიშნავს ამ საპროტესტო ფონის კიდევ უფრო გაძლიერებას, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვის არ იქნება კარგი, მაგრამ ლოგიკური პასუხი იქნება იმ მავნებლური პროცესისა, რომელსაც ხელისუფლება მთელი ეს პერიოდი აწარმოებს, როცა ისედაც გახურებულ პოლიტიკურ სიტუაციაში კიდევ დაკავებული არიან შეურაცხყოფით, ოპოზიციის შემავიწროვებელი ინიციატივების პარლამენტში დარეგისტრირებით და ა.შ.", - აცხადებს "დილის საუბრებში" "ლელო საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს წევრი.

გასულ კვირაში პარლამენტის სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციონერ დეპუტატებს, ვინც პარლამენტს უფლებამოსილების მოხსნის შესახებ განცხადებით მიმართა, ერთი კვირა აქვთ თავიანთი გადაწყვეტილების გადახედვისა და პარლამენტში შესვლისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG