Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიტიკური პროცესები პარლამენტს შიგნით და მის გარეთ - რა არ უნდა გამოგრჩეს 27 იანვარს


ოპოზიციური პარტიები "ოცნებას" მიმართავენ, გააცნობიეროს, რომ გამოსავალი ვადამდელი არჩევნებია

26 იანვარს ათმა ოპოზიციურმა პარტიამ „ქართულ ოცნებას“ მიმართა და მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდა. ერთობლივ განცხადებაშიც საუბარია იმაზე, რომ ვადამდელი არჩევნები კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზაა.

როგორც ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, ვადამდელი, დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად ოპოზიციამ ივანიშვილის ხელისუფლებას რამდენიმე გონივრული კომპრომისი შესთავაზა, თუმცა მათ რეალური დიალოგის სურვილს კვლავ არაცივილიზებული მეთოდებით ბრძოლა დაუპირისპირეს. ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, როგორც ჩანს, ხელისუფლებას ჰქონდა ილუზია, რომ ამ გზით დემოკრატიულ ოპოზიციურ სპექტრს აიძულებდა, უარი ეთქვა ძირითად მოთხოვნებზე. მათი განცხადებით, „ქართული ოცნების“ არჩეულმა ამ გზამ სრული კრახი განიცადა.

წაიკითხე მეტი.

მანდატების გაუქმება-არგაუქმების დილემა და მეტი უფლებები პარლამენტში შემსვლელთათვის

პარლამენტს სამი სამუშაო დღე აქვს იმისთვის, რომ გადაწყვიტოს ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების გაუქმების საკითხი. რადიო თავისუფლებას „ევროპელ სოციალისტებში“ უთხრეს, რომ უფლებამოსილების შეწყვეტას არც თავად დაუჭერენ მხარს და „ოცნებასაც“ იმავესკენ მოუწოდებენ. მსგავსი მინიშნებები კეთდება „ქართული ოცნებიდანაც“. პარალელურად, ხელისუფლება ოპოზიციისთვის საპარლამენტო პრივილეგიების შეთავაზებას ცდილობს. ოპოზიცია კი ამბობს, რომ ამ პროცესის გაწელვით მმართველი პარტია ვერაფერს მიაღწევს.

პარლამენტში შესვლაზე ამ ეტაპზე მხოლოდ ალეკო ელისაშვილის პარტია ლაპარაკობს და „მოქალაქეების“ ორ დეპუტატს ხელისუფლებასთან პირისპირ დიალოგიც დაწყებული აქვს. სხვა ოპოზიციური პარტიები ბოიკოტს აგრძელებენ.

რას ცვლის მანდატების გაუქმება-არგაუქმება ოპოზიციის გეგმებში? წაიკითხე ვრცლად ლელა კუნჭულიას სტატიაში.

ჯანდაცვის მინისტრი ჯერჯერობით ვერ ხედავს "თამამი გახსნითი ღონისძიებების" საფუძველს

საქართველოს მთავრობა კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემდგომ შემსუბუქებას მხოლოდ მას შემდეგ აპირებს, რაც ინფიცირების, ე.წ. დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე მაღალი არ იქნება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. ტიკარაძის ინფორმაციით, ამჟამად დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე დაბალია აჭარაში, თუმცა, სხვა რეგიონებში მერყეობს 5-დან 8%-მდე.

ეს იყო ერთგვარი პასუხი ბოლო დღეების საპროტესტო აქციებზე, სადაც ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები, აქტივისტები და პოლიტიკოსები შეზღუდვების შემსუბუქებას ითხოვენ.

ამ თემაზე ასევე ნახე:

COVID-19-ის ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე პარლამენტი დღეს იმსჯელებს

დღეს პარლამენტის რიგგარეშე სესია გაიხსნება, სადაც დეპუტატები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს განიხილავენ.

როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ რამდენიმე დღის წინ თქვა, პარლამენტი სრულად უჭერს მხარს ვაქცინაციის ეროვნულ გეგმას, რომელიც 21 იანვარს ჯანდაცვის სამინისტრომ წარმოადგინა.

რას ჰყვება დიპლომატი, რომელსაც პროკურატურა "კარტოგრაფების საქმეზე" უთვალთვალებდა

სამსახურში რომ ფარულად უსმენდნენ და კოლეგასთან ამ გზით ჩაწერილი საქმიანი საუბარი პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმეში ყველაზე მნიშვნელოვან მტკიცებულებად წარმოაჩინა, მალხაზ მიქელაძემ 21 იანვარს ახალი ამბებიდან გაიგო. პროკურატურის საგანგებო ბრიფინგი მედიამ პირდაპირ ეთერში გადასცა.

ამ ბრიფინგზე გამოქვეყნებულ ჩანაწერში მითითებული მ.მ. მალხაზ მიქელაძეა - საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი და საზღვრის დამდგენი კომისიის წევრი. 2004-2005 წლებში ის საზღვრის დამდგენი კომისიის თავმჯდომარე იყო. „კარტოგრაფების საქმეზე” ბრალდებულ ივერი მელაშვილთან საუბრის ფარული ჩანაწერის თხუთმეტი დამონტაჟებული წუთი პროკურატურამ იმის მტკიცებულებად გაასაჯაროვა, რომ კარტოგრაფები ქვეყნის ინტერესების საზიანოდ, ზემდგომი პირების დავალებით მოქმედებდნენ.

მალხაზ მიქელაძემ საქმეში მტკიცებულებების სახით არსებული ჩანაწერების შესახებ ტელევიზიით გაიგო. ამის შესახებ მისთვის არაფერი უთქვამთ მაშინ, როცა საქმეზე დაკითხეს. რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა ნასტასია არაბულმა მასთან ამ თემაზე ინტერვიუ ჩაწერა. წაიკითხე ინტერვიუ აქ.

ალექსეი ნავალნის დაპატიმრების თაობაზე აპელაციის განხილვა 28 იანვარს დაინიშნა

კრემლის კრიტიკოსი პოლიტიკოსისა და ანტიკორუფციონერი ბლოგერის, ალექსეი ნავალნის თანაშემწე ლეონიდ ვოლკოვი ტვიტერზე წერს, რომ ნავალნის პატიმრობის შესახებ აპელაციის განხილვა 28 იანვარს დაინიშნა.

„წუხელ დატრიალდნენ „მართლმსაჯულების“ ჭანჭიკები, ხოლო დღეს ადვოკატებს მოუვიდათ შეტყობინება, რომ დაპატიმრების შესახებ აპელაციის განხილვა დაინიშნა 28 იანვარს, ზეგ. ერთობ მოულოდნელად“, - წერს ის.

ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით 23 იანვარს რუსეთის მრავალ ქალაქში გაიმართა საპროტესტო აქციები, რომლებშიც მონაწილეობა მიიღო 100 ათასზე მეტმა ადამიანმა. სამართალდამცველებმა ბევრგან სასტიკი ძალის გამოყენებით დაშალეს აქციები და დააკავეს დაახლოებით 3500 ადამიანი.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

კრემლი გხედავთ! - როგორ გააფართოვა რუსეთმა ვიდეოთვალთვალის სისტემა

2020 წელს რუსეთი მსოფლიოში მესამე ქვეყანა გახდა საკუთარ ტერიტორიაზე სათვალთვალო ვიდეოკამერების რაოდენობით. ხელისუფლებამ სახის ამომცნობი პროგრამების შეძენაზე მილიონობით დოლარი დახარჯა, მოსკოვში კი დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე ყოვლისმომცველი სათვალთვალო სისტემა აამოქმედა.

ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ამით საზოგადოებრივ უსაფრთხოებას გააძლიერებს და ქვეყანას პანდემიასთან ბრძოლაში დაეხმარება, უფლებადამცველები კი შეშფოთებას გამოთქვამენ შესაბამისი რეგულაციების არარსებობისა და მონაცემთა პრივატულობის შესაძლო დარღვევის გამო.

TelecomDaily-ს უკანასკნელი კვლევის მიხედვით, 2020 წელს რუსეთის ტერიტორიაზე სათვალთვალო კამერების რაოდენობა 13 მილიონს აღემატებოდა. ამაზე მეტი კამერა მხოლოდ ჩინეთსა (200 მილიონი) და აშშ-შია (50 მილიონი) რეგისტრირებული. რუსეთი, ასევე, მესამეა 1000 მოსახლეზე კამერების რაოდენობითაც.

რამდენი იხარჯება ამ სათვალთვალო მოწყობილობებზე რუსეთში? რისთვის იყენებენ მათ და რას ფიქრობს ხალხი ამაზე? წაიკითხე და ნახე მეტი აქ.

ექიმები, რომლებიც პაციენტების გადასარჩენად იბრძვიან, ერთი შეხედვით, საუკეთესოდ არიან დაცულები - ფარით, სკაფანდრით, სათვალით... მაგრამ ექიმის დაინფიცირების შემთხვევა ხშირია საქართველოშიც და სხვაგანაც. რატომ ხდება ასე? ვეკითხებით „კრიტიკული მედიცინის” პროფესორს, სოსო მაისურაძეს, რომელმაც თავად გადაიტანა კოვიდი.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG