Accessibility links

site logo site logo

ევროკავშირის ყველა წევრი, უნგრეთის გარდა, გმობს რუსეთში მშვიდობიანი გამოსვლების ჩახშობას და დაკავებულების განთავისუფლებას მოითხოვს


ევროპის კავშირის 26 სახელმწიფო გმობს რუსეთის ქალაქებში 23 იანვრის მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლების ჩახშობას, ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც მხარი არ დაუჭირა ბლოკის წევრმა უნგრეთმა.

განცხადება, რომლის ტექსტი ბრიუსელში რადიო თავისუფლების კორესპონდენტმა მოიპოვა, 28 იანვარს ვენაში ეუთოს მუდმივ საბჭოზე განხილვის მიზნით შეიქმნა, მაგრამ საკითხის დასმა ევროკავშირის მხრიდან არ მოხერხდა ერთსულოვნების არქონის გამო. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის თანახმად, ეუთოს მუდმივ მოქმედი კომისიის სხდომაზე, რომელიც დღეს იმართება, საკითხი აშშ-ის ინიციატივით განიხილება.

განცხადებაში, რომელსაც ევროკავშირის 26 წევრის სახელით ხელს აწერს პორტუგალიის წარმომადგენელი, და რომელიც ეუთოს თავმჯდომარისთვის მიმართვას წარმოადგენს, ნათქვამია, რომ „პარიზის ქარტიის და გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა ხელშეკრულებაში ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ ყველა ადამიანს აქვს შეკრების თავისუფლება“. რუსეთის სამართალდამცავებმა ჩაახშეს უპირატესად მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლები და არაერთ შემთხვევაში „პოლიციამ გამოიყენა გადაჭარბებული ძალა და დააკავა 3800-ზე მეტი პირი, მათ შორის ჟურნალისტები და მედიის მუშაკები, როგორც დამოუკიდებელი მეთვალყურეები იტყობინებიან“, წერია განცხადებაში.

მისი ავტორები უერთდებიან ევროპის დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისის მოწოდებას რუსეთის ფედერაციისადმი, უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება და დაიცვას ადამიანი უფლებები. ჟურნალისტებს და მედიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ შეასრულონ თავიანთი სამუშაო, წერია დოკუმენტში, რომელიც უერთდება მოწოდებას, რომ ჟურნალისტებთან დაკავშირებული ინციდენტები გამოძიებული იქნეს დაუყოვნებლივ.

ჟურნალისტების და მედია მუშაკების კავშირის მიერ რუსეთში საპროტესტო გამოსვლების დროს აღნუსხულია 50-მდე შემთხვევა, როცა ჟურნალისტებს ხელი შეეშალათ საქმიანობისას, მათ მიმართ გამოყენებული იქნა ძალადობა, მოხდა თვითნებურად დაკავება და დაშინება. „მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ისინი, ვინც დაკავებული არიან თვითნებურად და ვიმეორებთ მოწოდებას, გათავისუფლებულ იქნას ბატონი ნავალნი“, წერია განცხადებაში, რომელიც რუსეთს ასევე მოუწოდებს, შეასრულოს , ეუთოს წევრების მიერ ნაკისრი ვალდებულება, რომელიც ჟურნალისტების უსაფრთხოებას ეხება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG