Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წულუკიანი: სინამდვილეში წინასწარი პატიმრობა არის ინსტრუმენტი გამოძიებისათვის


თეა წულუკიანი
თეა წულუკიანი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თეა წულუკიანი განმარტავს ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულების გირაოთი გათავისუფლების საკითხს.

„გვგონია თითქოს, ის, რაც არ არის სამართლებრივი რეალობა, რომ თითქოს პირი თუ არის წინასწარ პატიმრობაში, ეს არის საბოლოო განაჩენი. სინამდვილეში წინასწარი პატიმრობა არის ინსტრუმენტი გამოძიებისათვის, რომ მოცემული პირები, ვინც წინასწარ პატიმრობაში არიან, ბრალდებული, ვისაც ჰქვია, მათგან გამოძიებამ მიიღოს მაქსიმალური ინფორმაცია, იმისთვის, რომ საქმეზე დადგინდეს ჭეშმარიტება. ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ გადაწყვეტილებას მოსამართლე იღებს (ასეა კანონით) მხოლოდ და მხოლოდ ერთი კრიტერიუმით - საჭიროა თუ არა კვლავ ამ ადამიანების წინასწარ პატიმრობაში ყოფნა გამოძიების მიზნებისათვის“, - თქვა წულუკიანმა.

ივერი მელაშვილი და მასთან ერთად დაკავებული ნატალია ილიჩოვა სასამართლომ პატიმრობიდან პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე 28 იანვარს გაათავისუფლა. მათ 20-20 ათასი ლარის გირაოს გადახდა მოუწევთ. ეს არ ნიშნავს, რომ მათ პატიმრობა აღარ ემუქრებათ, ამ საქმეზე სისიხლის სამართლის საქმე კვლავ გრძელდება.

ოპოზიციური პარტიები მათ გათავისუფლებას „ქართულ ოცნებასთან" მოლაპარაკების ერთ-ერთ პირობად ასახელებდა.

პარტია „მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ „კარტოგრაფების საქმეზე" დაკავებული ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის გათავისუფლება მმართველ პარტიასთან მოლაპარაკების შედეგია.

პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის საქმეზე სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. არცერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს და ამ დრომდე მათ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ პატიმრობა. იმის მიუხედავად, რომ მელაშვილისა და ილიჩოვას დაკავებიდან რამდენიმე თვე გავიდა, აუდიო-ვიდეო მტკიცებულებებზე პროკურორებმა მხოლოდ 20 იანვარს ისაუბრეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG