Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„წამიყვანონ უკან და ჩავჯდები" - მელაშვილი წინააღმდეგია პარლამენტში შესვლისთვის გამოიყენონ მისი გათავისუფლება


ივერი მელაშვილი
ივერი მელაშვილი

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულმა ივერი მელაშვილმა შეაფასა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალექსანდრე ელისაშვილის განცხადება, რომ მელაშვილისა და ილიჩოვას გათავისუფლება ხელისუფლებასთან გამართული მოლაპარაკების შედეგია.

„დიდი ალბათობით შეიძლება, ასეც იყოს, მაგრამ მე მინდა ერთი რამ განვაცხადო: მადლობა აბსოლუტურად ყველა პარტიას, ვინც გვერდით მედგა, იმიტომ, რომ ეს იყო მართალი საქმე. ანუ მხარდაჭერა ადამიანებისა, რომლებიც ტყუილუბრალოდ ჩასვეს, პოლიტიკური ნიშნით. მადლობა ყველა პარტიას ამისათვის, მათ შორის, ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეებს“, მაგრამ იმის გამოყენება, რომ ეს მისი დამსახურებაა, ცალკე რომელიმე პარტიის დამსახურებაა და ამის გამო პარლამენტში შესვლა [ვინმემ გადაწყვიტოს], მე არ მინდა, რომ ამის ნაწილი ვიყო ნამდვილად. მე თვითონ მიმაჩნია ასეთნირად - მიიღო ოპოზიციამ ეს გადაწყვეტილება [პარლამენტში შესვლის], ალბათ უნდა შეასრულონ ბოლომდე“, - თქვა მელაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში.

ივერი მელაშვილი წინააღმდეგია მისი ციხიდან გათავისუფლების საკითხი ვინმემ პარლამენტში შესვლის საბაბად გამოიყენოს. „იმის გამო, რომ ვინმემ დამსახურება მიიწეროს, რომ მე რაკი დავაყენე ეს საკითხი და ამის გამო შევალ პარლამენტში, რაკი ეს ჩემი ეს დააკმაყოფილა მთავრობამ, შევალ [პარლამენტში]. მე ვფიქრობ, რომ ეს არასწორია. არ მინდა ვიყო იმის ნაწილი, ვიღაცის ვაჭრობის საგანს წარმოვადგენდე“, - თქვა მან.

მელაშვილი მისი გამოყენების წინააღმდეგია: „თუ გინდა, წამიყვანონ უკან და ჩავჯდები, ნამდვილად არ ვარ იმის მომხრე, რომ მე გამომიყენოს ვინმემ, რაკი ეს გამოუშვეს, მე პარლამენტში შევალ“.

პარტია „მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ „კარტოგრაფების საქმეზე" დაკავებული ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის გათავისუფლება მმართველ პარტიასთან მოლაპარაკების შედეგია.

„დიახაც, მოლაპარაკებამ გამოიღო შედეგი და ეს არის კარგი. ეს არის ნაბიჯი მოლაპარაკების გაგრძელებისთვის და მხარეებს შორის ნდობის აღდგენისთვის!“ - დაწერა „ფეისბუკზე“ ელისაშვილმა.

ივერი მელაშვილი და მასთან ერთად დაკავებული ნატალია ილიჩოვა სასამართლომ პატიმრობიდან პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე 28 იანვარს გაათავისუფლა. მათ 20-20 ათასი ლარის გირაოს გადახდა მოუწევთ. ეს არ ნიშნავს, რომ მათ პატიმრობა აღარ ემუქრებათ, ამ საქმეზე სისიხლის სამართლის საქმე კვლავ გრძელდება.

ოპოზიციური პარტიები მათ გათავისუფლებას „ქართულ ოცნებასთან" მოლაპარაკების ერთ-ერთ პირობად ასახელებდა.

პარტია „მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ „კარტოგრაფების საქმეზე" დაკავებული ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის გათავისუფლება მმართველ პარტიასთან მოლაპარაკების შედეგია.

პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის საქმეზე სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. არცერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს და ამ დრომდე მათ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ პატიმრობა. იმის მიუხედავად, რომ მელაშვილისა და ილიჩოვას დაკავებიდან რამდენიმე თვე გავიდა, აუდიო-ვიდეო მტკიცებულებებზე პროკურორებმა მხოლოდ 20 იანვარს ისაუბრეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG