Accessibility links

logo-print logo-print

ნეკროფილია ანუ რატომ არ გვიყვარს ქართველებს ცოცხალი ადამიანები?


ავტორი: Lucas Camus

90-იან წლებში, როცა ქართველები უცბად და არსაიდან “ძლიერ” მორწმუნეები გახდნენ და ჩემი აზრით დაიწყო რელიგიური პარანაოია, რომელიც დღემდე გრძელდება, თუმცაღა განსხვავებით იმ პერიოდისგან დღეს არის მცირე წინსვლები და არც ბოლომდე კატასტროფულადაა საქმე.

ამ თანამედროვე რელიგიური პარანოიის ნაწილი არის წარსულის ქექვა დღე და ღამე, არ დანახვა რეალობის და ტირილი მუდამ ნათელ და “გაბრწყინებულ” წარსულზე, სადაც ილია, ვაჟა, შოთა, აკაკი, ან დავითი იყვნენ.

ცნობისთვის, ილია სწორედ ამ ფანატიზმს აკრიტიკებდა, აკაკის რელიგიური ენით “მკრეხელური” აზრები აქვს გამოთქმული სახარებაზე, შოთა წმინდანი არაა, დავითი კიდევ დღეს რომ ყოფილიყო ცოცხალი ზუსტად ამ ბრმა სარწმუნოებას გამოუცხადებდა ომს.

ერთგან წავიკითხე კარგი კაცი მკვდარი კაციაო, ნაწილობრივ ასეცაა, მკვდარი ადამიანის შეფასება ყველაზე მარტივია, წესით. ცოცხალი არასდროს იცი რას გააკეთებს ან “იკადრებს”, ამ კუთხით გასაგებია, თუმცა ის რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება ეს არის სრული მარაზმი.

აი მაგალითად, გინახავთ ქართველების უმეტესობას ვინმე მოჭიდავის, მეომრის ან “ცოცხალი წმინდანის” მეტი ვინმე შეექოს? რომელიმე მწერალი? მხატვარი? არ ვიცი უბრალოდ ვინმე? აქ ვერაფერს დავწამებთ თანამედროვე ხელოვანებს, ვინაიდან საკმაოდ მრავალფეროვანნი არიან და “არავინ მომწონს” არაა პასუხი, შეუძლებელია ვინმე არ მოგწონდეს.

რატომ არ გვიყვარს ცოცხალი ადამიანები? ჩვენი თუნდაც პირსინგიანი შვილები? ან ღიად არამორწმუნე ახალგაზრდები? ან ცოცხალი ხელოვანები, რომლებიც ახლაც, როცა ამას ვწერ, რაიმეს ქმნიან თბილისში ან მის გარეთ? რაშია საქმე? მათშია პრობლემა თუ ჩვენში? ან რატომ ვყიდულობთ ყველაზე ძვირფას ყვავილებს მკვდრებისთვის, რომლებსაც არაფერში სჭირდებათ ჩვენი ყვავილები? მოკლედ რატომ ვართ ნეკროფილები?

წინასწარვე გეტყვით, რომ არ მაქვს ზუსტი პასუხი.

ყველაზე მეტად რაც მაწუხებს ისაა, რომ თითქოს ცოცხლად ყოფნისას უჩინრები ვართ ერთმანეთისთვის და ღირებული მაშინ ვხდებით, როცა ცრემლი წამოგვივა ღაპა-ღუპით და კუბოში ჩადებულს გვიხილავენ. მეტიც, მკვდრებთან ერთად უფრო მეტ რიტუალს ვატარებთ, ვიდრე ცოცხალ ადამიანებთან, ეს წლისთავები და ლოცვა და მთელი თითქოს სწავლება ჩამოვაყალიბეთ თვალსა და ხელს შუა.

მე უბრალოდ არ მესმის რაში ვჭირდებით მკვდრებს? ან ჩვენ რაში უნდა დავჭირდეთ სხვებს სიკვდილის მერე? და თუ ეს ნეკროფილია არაა აბა რა არის? პატივისცემა? რანაირად? პატივისცემაა მკვდრების გახსენება დღე და ღამე და არდანახვა აწმყოსი?

ჩემი აზრით, ალბათ ისევ “მამების გზის” გაგრძელებაა და მეტი არაფერი, ჩვენ არ გვინდა მკვდრებს გადავაბიჯოთ და მათზე მაღლა დავდგეთ, ჩვენ გვეშინია განვითარების და წინსვლის, გვირჩევნია წარსულით ვიამაყოთ, ვიდრე ჩვენ რამე ღირებული შევქმნათ, არადა წესით უნდა გვიხაროდეს რომ ყველა სხვა მკვდარია ვინც წარსულში იყო ან არ იყო ეგეც საკითხავია, მაგრამ დავუშვათ იყვნენ, მერე რა? ჩვენ ხომ ცოცხლები ვართ? ჩვენ პოტენციაში არავიზე ნაკლები არ უნდა ვიყოთ, მაგრამ არა, ის მკვდრები იმდენად დიდ თამასაზე ავიყვანეთ და გავაკერპეთ, რომ ჩვენვე გვიჭირს მიწვდენა, რაც სულაც არაა კარგი. რით ვარ აკაკიზე ნაკლები? ან ილიაზე? ან არ ვიცი ვინმეზე? ყველანი მკვდრები არიან ბოლო და ბოლო მე ცოცხალი ვარ, ეს კიდევ რაღაცას ნიშნავს ჩემი აზრით.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ცოცხალი მკვდრები. ადამიანები, რომლებიც ცოცხლები არიან, მაგრამ უკვე მკვდრის ფერი აქვთ, იმიტომ რომ მოზარდობიდან შეიძლება უკვე სიკვდილს ელოდებოდნენ და ფიქრობდნენ, რომ სირცხვილია რამის შექმნა და გაკეთება, იმიტომ, რომ სხვები მასზე ბუმბერაზები იყვნენ და ცდა, რომ მათ აჯობონ, თავშივე განწირულია.

ამ წუთას ვცდილობ გახსენებას ვინმე სიცოცხლეში თუ დავაფასეთ და არა, არ მახსენდება, ისევ რელიგიურ კულტებთან მივდივარ და ეგენი კიდევ მე არ მაინტერესებენ.

სიცოცხლის ხომ არ გვეშინია? ან ერთმანეთის? ცოცხალი ადამიანების? არაა გამოსარიცხი არც ეს. ჩვენ ერთმანეთის გვეშინია, ჩვენ გვირჩევნია შორიდან გვეშინოდეს ვიღაც უცნობის და არ დაველაპარაკოთ და არ გავიგოთ არიან თუ არა რეალურად საშიშნი. ჩვენ გვეშინია არაჩვენნაირების, გვეშინია ბიჭების, რომლებსაც გოგოები არ მოსწონთ, გოგოების, რომლებსაც ბიჭები არ მოსწონთ, გვეშინია ადამიანების, რომლებსაც სხვა ფერის კანი აქვთ, გვეშინია ჩვენი შვილების, გვეშინია რომ ისინი ჩვენს კულტს ჩამოანგრევენ და მათთვის აღარ ვიქნებით ავტორიტეტულები, გვეშინია ადამიანების ვინც ჩვენნაირ ეკლესიებში არ დადიან, გვეშინია ადამიანის, რომელიც იღიმის, იმიტომ რომ გვგონია ჩვენ დაგვცინის ყველა, გვეშინია ფერების, გვეშინია ცოცხალი ენერგიების და ვიბრაციების, გვეშინია ერთმანეთის, გვეშინია მათ შორის ჩვენივე შექმნილი ღმერთების და კერპების, ვინიცობაა და მათ მეტი საქმე არ აქვთ და სულ ჩვენ დაგვყურებენ ზემოდან ემანდ არ ვცოდავდეთ მათ თვალში, გვეშინია სამყაროსი, იმიტომ რომ სამყარო ერთფეროვანი არაა, მკვდრები კი ყველანი მკვდრები არიან და მათთან მრავალფეროვნება არაფერს ნიშნავს, მოკლედ სიცოცხლის და აწმყოსი გვეშინია, შესაბამისად მივდივართ შორეულ ან ახლო წარსულში ან სულაც აქვე ვინმეს ავიღებთ გაკერპების ობიექტს და მას ავიყვანთ “მასწავლებლები ტუალეტში არ დადიან” სიმაღლეზე და მერე ჩვენვე გვჯერა, რომ ჩვენი კერპები არც ტუალეტში დადიან, არც აბოყინებენ და არც წირპლები აქვთ ძილის მერე.

ჰოდა მოკლედ ეს პარანოია თუ არ დავამთავრეთ დიდი ხანი არ გვიწერია ამ მკვდრების ქექვით და მათთან თამაშით, სანამ თვალებს არ გავახელთ და ჩვენგან თუნდაც განსხვავებულ ადამიანებს არ ვაღიარებთ იქამდე გინდა მკვდარს ეფერე და გინდა კერპს, შენვე ხდები ცოცხალი მკვდარი და მეტი არაფერი.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

შეიძლება დაგაინტერესოთ

XS
SM
MD
LG