Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უფლებადამცველები მოითხოვენ რუსეთში მიმდინარე რეპრესიების შეჩერებას


სამოქალაქო აქტივისტების და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების ჯგუფმა ევროსაბჭოს, ეუთოს, ევროკავშირს და გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მოთხოვა, შეაჩერონ რუსეთში მიმდინარე პოლიტიკური რეპრესიები.

პორტალ Change.org-ზე გამოქვეყნებული პეტიციის ავტორები ამ საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ, ალექსეი ნავალნის და მისი კოლეგების, „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ წარმომადგენლების გარდა, ყურადღება მიაქციონ რუსეთში პოლიტიკური და რელიგიური მრწამსის გამო გასამართლებული, რამდენიმე ასეული ადამიანის საქმეებს.

სამოქალაქო აქტივისტები და უფლებადაცველები წერენ, რომ რუსეთის სახელმწიფო აპარატი ტოტალური რეპრესიებისკენ გადაიხარა და გამოყენებული მეთოდებით სულ უფრო ემსგავსება სტალინის ეპოქას. პეტიციაში ნათქვამია, რომ თუ საერთაშორისო თანამეგობრობას სწრაფი და ცალსახა რეაქცია არ ექნება, ამან რუსეთის ხელისუფლებას შესაძლოა, გზა გაუხსნას ტოტალური ტერორისკენ.

პოლიციელები მოსკოვში აკავებენ ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი მშვიდობიანი აქციის მონაწილეს
პოლიციელები მოსკოვში აკავებენ ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი მშვიდობიანი აქციის მონაწილეს

სამოქალაქო აქტივისტები და უფლებადამცველები საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებენ, არ შემოიფარგლონ დიპლომატიური ხასიათის დეკლარაციებით და კონკრეტული ზომები მიიღონ. პეტიციის ხელმომწერები საერთაშორისო ორგანიზაციებს სთავაზობენ კოორდინირებული მოქმედებისთვის სპეციალური კომიტეტის შექმნას.

გარდა ამისა, სამოქალაქო აქტივისტები და უფლებადამცველები საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ, საფრანგეთისგან მოითხოვონ დაიწყოს გამოძიება ალექსეი ნავალნის პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაში კომპანია „ივ როშეს“ და მისი ყოფილი ხელმძღვანელის, ბრუნო ლეპრუს როლის დასადგენად.

რუსი ოპოზიციონერი, „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დამაარსებელი ალექსეი ნავალნი, რომელიც გასული წლის აგვისტოს ბოლოს, რუსეთში მოწამლეს „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნივთიერებით, გერმანიაში ოთხთვიანი მკურნალობის შემდეგ მოსკოვში 17 იანვარს დაბრუნდა. ნავალნი აეროპორტშივე დააკავეს, მეორე დღეს კი სასამართლომ 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

ოპოზიციონერი ლიდერის დაკავების ოფიციალურ მიზეზად იმას ასახელებენ, რომ მან დაარღვია "ივ როშეს საქმეზე" თაღლითობის ბრალდებით შეფარდებული პირობითი მსჯავრით განსაზღვრული ვალდებულებები. თავად ნავალნის განცხადებით, მისთვის წაყენებული ყველა ბრალდება ყალბია.

23 იანვარს, რუსეთის ათეულობით ქალაქში გაიმართა პატიმრობაში მყოფი ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქციები. ხელისუფლებამ აქციების ჩატარების ნებართვა არ გასცა კორონავირუსის ეპიდემიის გამო მოქმედი შეზღუდვების საბაბით. პოლიციამ აქციები ძალის გამოყენებით დაშალა და 3500-ზე მეტი მონაწილე დააკავა.

საგამოძიებო კომიტეტმა 20-ზე მეტი სისხლის სამართლის საქმე აღძრა პოლიციის მიმართ ძალადობის, ხულიგნობის, მასობრივი არეულობებისკენ მოწოდების, უკანონო საქმიანობაში არასრულწლოვანთა ჩართვის და სანიტარიული წესების დარღვევის მუხლებით. ბოლო დღეებში პოლიციამ ნავალნის თანამებრძოლთა სახლებში ჩაატარა 15-ზე მეტი ჩხრეკა და აღძრული საქმეების ფარგლებში დააკავა არაერთი პირი, მათ შორის ალექსეი ნავალნის ძმა ოლეგ ნავალნი და "კორუფციასთან ბრძოლის ფონდის" იურისტი ლიუბოვ სობოლი.

ნავალნის შტაბის ინფორმაციით, საპროტესტო აქციები 31 იანვარს გაგრძელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG