Accessibility links

site logo site logo

უკრაინა ეძებს დონბასელი სეპარატისტების "აფხაზ გმირს"


ახრა ავიძბა

უკრაინის უშიშროების სამსახურმა ძებნილად გამოაცხადა დონბასელი სეპარატისტების „გმირი“ ახრა ავიძბა. უშიშროების სამსახური ავიძბას, მეტსახელად „აფხაზს“ მოიხსენიებს ტერორისტული დაჯგუფების „პიატნაშკას“ დამფუძნებლად.

ავიძბას ბრალად ედება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რამდენიმე მძიმე დანაშაული, მათ შორის ტერორისტული ჯგუფის შექმნა, ადამიანებისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა და სასტიკი მოპყრობა.

უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის ამ მოქალაქემ 2014 წელს დააფუძნა და დიდხანს ხელმძღვანელობდა „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ უკანონო შეიარაღებულ ფორმირებას, „ინტერნაციონალურ ბრიგადა პიატნაშკას“ და უშუალოდ მონაწილეობდა დონეცკის ოლქის ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკრაინის სამთავრობო ძალებთან დაპირისპირებაში, დატყვევებული უკრაინელი სამხედროების წამებასა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინებაში.

უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, ავიძბა სამართალდამცავებს ემალება დონეცკის ოლქის დროებით უკონტროლო ტერიტორიასა და აფხაზეთის არაღიარებულ რესპუბლიკში.

ახრა ავიძბას მინიჭებული აქვს „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის გმირის“ წოდება. ის აქტიურად მონაწილეობდა ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისში, რომელსაც 2020 წლის იანვარში მოჰყვა დე ფაქტო პრეზიდენტის პოსტიდან რაულ ხაჯიმბას გადადგომა.

2020 წლის ივნისში ახრა ავიძბა დანიშნეს დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას თანაშემწედ საერთაშორისო საკითხებში. მან "თანამდებობა" 9 ნოემბერს დატოვა და მიზეზად ის დაასახელა, რომ „საერთო საქმისადმი რწმენა დაკარგა".

2020 წლის ნოემბრის დასაწყისში რუსეთის ტერიტორიაზე, სოჭში მყოფმა ავიძბამ განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში მოხალისეები გააცილა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG