Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული „პანცირი“ ლიბიაში ამერიკელების ნადავლად იქცა


ფოტოარქივი: ლიბია, 2016 წ.
ფოტოარქივი: ლიბია, 2016 წ.

ლიბიაში მიმდინარე სამოქალაქო ომში რუსეთის პირდაპირი თუ ირიბი მონაწილეობის დამადასტურებელ ფაქტებს ახლახან კიდევ ერთი საყურადღებო ინფორმაცია დაემატა.

ბრიტანული გამოცემა „The Times”-ის თანახმად, ამერიკელმა სამხედროებმა ხელთ იგდეს და გერმანიაში, რამშტაინში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზაზე ჩაიტანეს რუსული წარმოების საჰაერო თავდაცვის სარაკეტო კომპლექსი „პანცირ-ს1“.

დაუდასტურებელი ცნობები იმის შესახებ, რომ ლიბიის სამთავრობო ჯარებმა რუსული წარმოების, დაახლოებით, 7 ერთეული „პანცირის“ ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი ლიბიის დედაქალაქის მახლობლად, „ალ-ვატიას“ საავიაციო ბაზაზე, თურქეთის ავიაციის მხარდაჭერით განხორციელებული შტურმით გაანადგურეს, იმავე „The Times“-მა შარშან მაისის ბოლოს გამოაქვეყნა.

თუმცა რუსეთის ხელისუფლებას ლიბიაში თავისი თანამედროვე შეიარაღების არსებობის შესახებ არც მაშინ და არც ახლა კომენტარი არ გაუკეთებია.

„პანცირი“ ლიბიამდე უკრაინაში გამოჩნდა

The Times”-ის სამხედრო წყაროების თანახმად, ამერიკელმა სამხედროებმა „პანცირ-ს1“-ის ლიბიიდან ევაკუაცია განიზრახეს მას შემდეგ, რაც გაჩნდა საშიშროება, რომ ეს სახიფათო ნადავლი ხელში ჩავარდნოდათ იარაღით უკანონო მოვაჭრეებს ან უკონტროლო სამხედრო დაჯგუფებებს, რომლებიც ამ შეიარაღებას აშშ-ისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმისთვის გამოიყენებდნენ.

საიდუმლო ოპერაცია, სავარაუდოდ, შარშან ივლისში განხორციელდა და სწორედ ამ პერიოდიდან უნდა იმყოფებოდეს „პანცირ-ს1“ გერმანიაში მდებარე აშშ-ისა და ნატოს ავანგარდის ერთ-ერთ უძველეს, რამშტაინის, საავიაციო ბაზაზე.

ლიბიაში რუსული წარმოების ამ ტიპის საზენიტო-სარაკეტო შეიარაღების არსებობა არ უკვირთ უკრაინაში, სადაც „პანცირები“ აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტში დონბასელი სეპარატისტების შეიარაღებაში 2014 წელს გამოჩნდა.

„თვითმავალი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „პანცირ-ს1“ (ნატოს კოდირებით SA-22 Greyhound) გამოიყენება ყველა სახის საჰაერო იერიშისაგან სამხედრო ობიექტებისა და დანაყოფის ახლო მანძილზე თავდაცვისათვის რთული რადიოლოკაციური ვითარებისა და ნებისმიერი ამინდის პირობებში. „პანცირი 1“-ის შეიარაღებას დონბასელი სეპარატისტებიც ფლობდნენ. ცნობილია, რომ ილოვაისკის ოპერაციის დროს, 2014 წელს, რუსული „პანცირის“ რაკეტებით იბომბებოდა უკრაინის სამთავრობო ჯარების პოზიციები“, - უთხრა რადიო თავისუფლებას უკრაინელმა ექსპერტმა მიხაილო სამუსმა, პროფესიული სინდიკატის „არმიის, კონვერსიისა და განიარაღების სწავლების ცენტრის“ დირექტორის მოადგილემ.

უკრაინის არმიის პოზიციებზე ნაპოვნი ამ რაკეტის ვიდეო- და ფოტომასალა უკრაინულმა სამხედრო პორტალმა გამოაქვეყნა.

2015 წლის მაისში ცნობილმა საგამოძიებო ჯგუფმა „Bellingcat”-მა თავისი ღია წყაროების მეშვეობით მოიპოვა თვითმავალი საზენიტო-სარაკეტო-საარტილერიო დანადგარ „პანცირ-ს1“-ის უკრაინის ტერიტორიაზე გადაადგილების ამსახველი ვიდეომასალა. ვიდეოზე აშკარად ჩანს, თუ როგორ მოძრაობს ქალაქ ლუგანსკის ქუჩაში ზემოხსენებული რუსული შეიარაღება.

„პანცირი“, „ვაგნერი“ და შუგალეი

ბრიტანული გამოცემის თანახმად, სარაკეტო კომპლექსი „პანცირ-ს1“ რუსეთისაგან შეიძინა არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, რომელმაც ეს შეიარაღება, თავის მხრივ, გადასცა ლიბიის ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლ შეიარაღებულ ძალებს, რომელთაც მხარს უჭერს მოსკოვი.

რუსეთის ხელისუფლებას არ გაუვრცელებია ცნობა ამერიკელი სამხედროების მიერ ასეთი ნადავლის ხელში ჩაგდების შესახებ. რუსეთის ხელისუფლების ანონიმმა წარმომადგენელმა „Times“-ს უთხრა, რომ მოსკოვისათვის ცნობილია ამ სარაკეტო კომპლექსის ბედი, მაგრამ დიდ პრობლემად არ მიიჩნევენ ამერიკელთა ხელში მის მოხვედრას, ვინაიდან „პანცირ-ს1“-ის საექსპერტო ვერსიას ამერიკელები იოლად გაეცნობოდნენ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. ცნობისათვის: ეს ქვეყანა ირანის გარშემო „აშშ-ის სამხედრო სარტყელში“ შედის და იქ ვაშინგტონის 5 000-კაციანი სამხედრო ბაზა მდებარეობს.

მოსკოვი დღემდე იმეორებს, რომ ლიბიის კონფლიქტში ნეიტრალიტეტს იცავს, მაგრამ მრავალი ფაქტი ადასტურებს, რომ ის აქტიურად ეხმარება ლიბიის მთავრობის წინააღმდეგ მებრძოლ ხალიფა ჰაფთარის არმიას, რომელსაც მხარს უჭერს, ასევე, ეგვიპტე და არაბთა გაერთიანებული საამიროები.

შარშან მაისში თურქეთის უპილოტო ავიაციის აქტიური მხარდაჭერის შედეგად, ლიბიის ნაციონალური თანხმობის მთავრობის (GNA) შეიარაღებულმა ძალებმა ტრიპოლიდან 100 კილომეტრის დაშორებით მდებარე სტრატეგიული მნიშვნელობის „ალ-ვატიას“ ავიაბაზიდან უკუაგდეს ე. წ. ფელდმარშალ ხალიფა ჰაფთარის ლიბიის ნაციონალური არმიის (LNA) დანაყოფები.

საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა ანგარიში, რომელიც აშშ-ის აფრიკული ძალების სარდლობამ (AFRICOM) გაავრცელა მოსკოვის მიერ ლიბიაში 14 ერთეული საბრძოლო თვითმფრინავის გადასროლის შესახებ. დოკუმენტში ჩამოთვლილი იყო საფრენი აპარატების სახეობები:

• მიგ-29 და სუ-25 ტიპის გამანადგურებლები, საფრონტო ბომბდამშენი სუ-24მ და, როგორც იუწყებიან, ასევე, უახლესი მოდელის სუ-34 ტიპის მოიერიშე-გამანადგურებელი.

• AFRICOM-ის ხელთ არსებული ცნობით, მთელი ეს ძალა განკუთვნილია ხალიფა ჰაფთარისა და მის მხარეზე მებრძოლი „კსკ-ვაგნერის“ მხარდასაჭერად.

რუსეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მხარდაჭერით 2019 წელს დაიწყო ხალიფა ჰაფთარისა და ლიბიის ნაციონალური არმიის (LNA) შეტევა ტრიპოლიზე. იმ ბრძოლებში, დამოუკიდებელი სამხედრო ანალიტიკოსის, მიხაილ მაგიდის, ცნობით, ლიბიის ნაციონალური თანხმობის მთავრობის (GNA) სამხედრო ქვედანაყოფებს ყველაზე დიდი ზარალი - დაახლოებით, 30 % - სწორედ რუსმა დაქირავებულმა მებრძოლებმა მიაყენეს. განსაკუთრებით ეფექტიანად მოქმედებდნენ „კსკ-ვაგნერის“ სნაიპერები.

„Times“-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ხაზგასმულია, რომ სარაკეტო კომპლექსის ამერიკულ ბაზაზე გადატანა ერთ-ერთი ის გაუხმაურებელი ოპერაციაა, რომელიც აშშ-ის მიერ ლიბიაში რუსეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში დაიგეგმა.

მანამდე ამერიკელმა სამხედროებმა გააფრთხილეს ლიბიის ხელისუფლება, რომ მათ ქვეყანაში იმყოფებოდნენ „პუტინის მზარეულის“ სახელით ცნობილი ევგენი პრიგოჟინის პოლიტტექნოლოგები.

2019 წლის გაზაფხულზე ლიბიის სამართალდამცველებმა დააკავეს პრიგოჟინის პოლიტიკური ტექნოლოგი, მაქსიმ შუგალეი, და მისი თარჯიმანი, სამერ ჰასან ალი სუეიფანი. მათ ბრალად დასდეს მცდელობა, გავლენა მოეხდინათ ლიბიის არჩევნებზე.

ლიბიის პროკურატურის თანახმად, რუსი სპეციალისტები ცდილობდნენ შეხვედროდნენ საიფ ალ-ისლამ კადაფის, 2011 წელს მოკლული ლიბიის ყოფილი ლიდერის, მუამარ კადაფის, ერთ-ერთ შვილს.

მაქსიმ შუგალეი შარშან დეკემბერში გაათავისუფლეს პატიმრობიდან, თუმცა გათავისუფლებამდე პრიგოჟინის პოლიტტექნოლოგი, ჯერ კიდევ ლიბიის ციხეში მყოფი, პარტია „სამშობლოს“ სიის პირველი ნომერი იყო და გაიმარჯვა კიდეც კომის რესპუბლიკის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში.

თუმცა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მაქსიმ შუგალეიმ თავისი მანდატი სიის მეორე ნომერს, ელენა ივანოვას, დაუთმო.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG