Accessibility links

site logo site logo

საპატრიარქო „კარტოგრაფების საქმეს“ განცხადებითა და კითხვებით ეხმაურება


საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე განცხადებას ავრცელებს და საქმეზე დაკავებული მეცნიერების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ეხმაურება.

საპატრიარქოს საქმესთან დაკავშირებით კითხვები აქვს და წერენ, რომ კარტოგრაფების გათავისუფლებამ „საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია“. საპატრიარქო წერილში აკრიტიკებს საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილის სატელევიზიო კომენტარებსაც.

„ეკლესიას, რა თქმა უნდა, აინტერესებს, შეძლებს თუ არა ჩვენი სახელმწიფო მეზობელ ქვეყანასთან სასაზღვრო პრობლემის მოგვარებას, მაგრამ, ამასთანავე, ყველას გვესმის, რომ ეკლესია არ არის დაინტერესებული ადამიანის პატიმრობით და მის მიზანს არ წარმოადგენს ვინმე დასჯილ იქნეს;

მნიშვნელოვანია არა ის, თუ პიროვნულად ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა, არამედ გვაინტერესებს, მართლა ასხვისებს თუ არა ვინმე სახელმწიფოს მიწებს? გვაქვს თუ არა შესაძლებლობა ამ პრობლემის მოგვარებისა?

პირველ რიგში, გვინდა გვჯეროდეს, რომ გამოძიება ისეთივე შემართებითა და მიზანდასახულობით მიმდინარეობს, როგორითაც დაიწყო და გააჩინა იმედი.

საზოგადოებას აინტერესებს: მას შემდეგ, რაც ახალი გარემოებები, კერძოდ, რუკები გაჩნდა კომისიის სამუშაო მაგიდაზე, არის თუ არა აზერბაიჯანულ მხარესთან რაიმე კონკრეტული საკითხები გავლილი ან გაანალიზებული? არის თუ არა ჩანიშნული ორმხრივი კომისიის მორიგი სხდომა?

თუ სახელმწიფო აცხადებს, რომ გამოძიება წარმატებით მიმდინარეობს და ივერი მელაშვილმა ბრალი აღიარა, გაუგებრობას იწვევს ის პათოსი, რაც ვიხილეთ მისი გათავისუფლების პირველივე წუთებიდან. კერძოდ, სატელევიზიო ეთერში მისი კადნიერი განცხადება, რომ „ვიღაც ბერი... კელიებთან პოზირებას დაიწყებს“. ეს სიტყვები შეურაცხმყოფელია იმ ადამიანებისთვის, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია ჩიჩხიტურისა და უდაბნოს კომპლექსის პრობლემა. ამასთან, ეს პათოსი ხაზს უსვამს მის პირად დამოკიდებულებას ზოგადად ეკლესიის მიმართ და მეტყველებს მის ცნობიერებაში ამ საკითხის პრობლემად აღქმაზე.

როდესაც ქვეყნის სადარაჯოზე მდგომ სასულიერო პირებს ასე მოიხსენიებს, საკითხავია, რა სასარგებლო საქმე შეასრულა თავად მან კომისიაში მუშაობისას? როგორც ფარული ჩანაწერის მოსმენისას გავიგეთ, ის ამბობს, რომ ერთი გოჯი ვერ დაათმობინეს აზერბაიჯანს იქიდან, რაც მათ მოითხოვეს... და რა ეამაყება ან რა აძლევს ივერი მელაშვილს ასეთი კადნიერების საფუძველს? რა შესძინა მან ქვეყანას? მისი საქმიანობა ხომ მარტივად დაიყვანება აზერბაიჯანის მიერ მოთხოვნილი მიწების შეუპასუხებლად გაფორმებაზე?

სახელმწიფოს ტვირთია, სიტყვა აქციოს საქმედ და დღეს ასე აგორებულ ვნებათაღელვაში საზოგადოებასა და ეკლესიას დაუმტკიცოს, რომ გაჩენილი ეჭვები გარეჯის საკითხის პარტიულ-პოლიტიკურ კომბინაციებში გამოყენების შესახებ მხოლოდ ეჭვებია და აპირებს, ეს საქმე ბოლომდე მიიყვანოს“.

„კარტოგრაფების საქმეზე“ დაკავებული ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი 28 იანვარს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის საქმეზე სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. არცერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს.

29 იანვარს, ტელეკომპანია "რუსთავი 2"- ისათვის მიცემულ ინტერვიუში, გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა, ამირან გულუაშვილმა განაცხადა, რომ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლება არ ნიშნავს, რომ ისინი სასამართლომ გაამართლა.

პროკურორი დარწმუნებულია, რომ ბრალდებულებს ისევ მოუწევთ დაბრუნება იმ დაწესებულებებში, რომლებიც 28 იანვარს დატოვეს:

"აღკვეთის ღონისძიების დროებით შეცვლა, არ არის გამართლება. ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლოს არ გაუმართლებია, მათი საქმის განხილვა ჯერ არც კი დაწყებულა. ეს პროცესი წარიმართება, ბრალდების მხარე გამოიკვლევს უტყუარ მტკიცებულებებს და ჩვენი პოზიცია, რომელიც მტკიცებულებებით არის გამყარებული, უდავოდ გამოიწვევს იმ მოცემულობას, რომ მათ ისევ მოუწევთ დაბრუნება იმ დაწესებულებებში, რომლებიც გუშინ დატოვეს. ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული და მომავალში სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, აუცილებლად მოიხდიან სასჯელს იმ დანაშაულისთვის, რაც მათ რეალურად ჩაიდინეს. სახეზეა საკმაოდ მძიმე დანაშაული, რომელიც გულისხმობს 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას", - განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

ამავე თემაზე:

ივერი მელაშვილი: გამოძიება ეძებს “ნატვრის თვალს”

სრულად შეგროვდა გირაოსთვის საჭირო თანხა ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG