Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

WHO აკრიტიკებს ევროკავშირს ვაქცინის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვების გამო


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ექსპორტზე კონტროლის დაწესების შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს.

ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტის, მარიანჯელა სიმაოს განცხადებით, „ეს სამწუხარო ტენდენციაა“.

ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ტედროს ადჰანო ღებრეიესუსი ამბობს, რომ ამგვარმა ქმედებებმა შესაძლოა, პანდემია გაახანგრძლივოს.

შეგახსენებთ, ვაქცინების არასაკმარისი მიწოდების პრობლემის გამო, ევროკავშირმა 29 იანვარს საკამათო ნაბიჯი გადადგა და დროებით, მარტის ბოლომდე კონტროლი დააწესა ვაქცინების ექსპორტზე ევროკავშირს გარეთ. ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების მთავრობებს საშუალებას აძლევს, უარი განაცხადონ ექსპორტის განხორციელებაზე, თუკი ჩათვლიან, რომ ვაქცინის მწარმოებელმა ფარმაცევტულმა კომპანია "ასტრაზენეკამ" ვერ შეასრულა მიწოდების შესახებ ევროკავშირთან ნაკისრი ვალდებულება:

"მოველი, რომ კომპანია შეთანხმებისამებრ 400 მილიონ დოზას მოგვაწვდის. ჩვენ კვლავაც ყველაფერს გავაკეთებთ ვაქცინების მოსაპოვებლად ევროპელებისთვის, ჩვენი მეზობლებისთვის და მსოფლიოში ჩვენი პარტნიორებისთვის", - წერს ევროპის კომისიის პრეზიდენტი, ურზულა ფონ დერ ლაიენი ტვიტერით.

შეზღუდვა მსოფლიოს 100-მდე ქვეყანას, მათ შორის გაერთიანებულ სამეფოს, შეერთებულ შტატებს, კანადასა და ავსტრალიას შეეხება.

ევროკავშირის კომისარმა ვაჭრობის საკითხებში ვალდის დომბროვსკისმა განმარტა, რომ არსებობს იმ ქვეყნების გრძელი ჩამონათვალი, რომლებიც ახალი ზომებისგან თავისუფლდებიან. ამ ქვეყნებში შედიან თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაციის ქვეყნები, შვეიცარია, ევროკავშირის აღმოსავლეთ და სამხრეთ სამეზობლო, ბალკანეთის ქვეყნები, COVAX სქემის მონაწილე 90-ზე მეტი ქვეყანა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG