Accessibility links

site logo site logo

„მწვანე ალტერნატივა“: არ გამოიყენოთ საპოლიციო ძალა ნამახვანის ტერიტორიაზე


„მწვანე ალტერნატივა“ სოფელ ჟონეთთან, ნამახვანის ჰესის სამშენებლო ტერიტორიაზე მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და მოუწოდებს ხელისუფლებას, არ გამოიყენოს ძალა საპროტესტო აქციის მონაწილეების მიმართ და გაითვალისწინოს მათი მოთხოვნები:

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სოფელ ჟონეთთან, ნამახვანის ჰესის სამშენებლო ტერიტორიასთან, მიმდინარეობს საპოლიციო ძალების მზარდი მობილიზაცია; იგეგმება საპროტესტო კარვების მოშლა და აქტივისტების ძალის გამოყენებით გაყვანა, რაც სრულიად ეწინააღმდეგება მთავრობის ბოლო დაპირებებს მოსახლეობასთან დიალოგის განახლების შესახებ.

მოვუწოდებთ მთავრობას, არ გამოიყენოს ძალა, პროექტის ზეგავლენის ქვეშ მოქცეული იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც უკვე 95 დღეა აპროტესტებენ ნამახვან ჰესის მშენებლობას და გაითვალისწინოს მათი სამართლიანი მოთხოვნები“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

30 იანვარს, დილიდან, ჰესის მშენებელმა კომპანიამ კასკადის ტერიტორიაზე განაახლა სამშენებლო სამუშაოები, რასაც ხმაური და ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა. ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია.

საპროტესტო აქციას გამოეხმაურა საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა, რომელიც აცხადებს, რომ მშენებელმა კომპანიამ კანონიერად და ყველა სანებართვო ნორმის დაცვით განაახლა ჰესის სამშენებლო სამუშაოები.

ნამახვანის ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები წყალტუბოს რაიონის სოფელ ჟონეთში გასული წლის ნოემბრიდან დაიწყო. ადგილობრივთა ნაწილი რამდენიმე თვეა დღე-ღამის განმავლობაში მორიგეობს სოფელ ჟონეთში, რიონის კალაპოტთან ჰესის მშენებლობის შეწყვეტისა და ტერიტორიიდან კომპანია „ენკა რინიუებლზის“ სამშენებლო ტექნიკის გატანის მოთხოვნით.

გაიმართა ხალხმრავალი აქციებიც. 14 ნოემბერს გამართული აქცია, რა დროსაც მისმა მონაწილეებმა ქუთაისისა და ლეჩხუმის მხარის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა რამდენიმე საათით გადაკეტეს, პოლიციამ ძალით, მიწოლით დაშალა.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, კომპანიის მიერ მომზადებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის (გზშ) მიხედვით, მხოლოდ ქვემო ნამახვანის პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანი რაოდენობის მიწის დაკარგვას გამოიწვევს და ამის მიზეზი 610 ჰა სარკის ზედაპირის მქონე წყალსაცავის მოწყობა იქნება.

მათივე ინფორმაციით, დატბორვის გამო ფიზიკური განსახლება ემუქრება 100 ოჯახს, ხოლო პროექტის არაპირდაპირ ზეგავლენას კიდევ უფრო მეტი ოჯახი გამოცდის საკუთარ თავზე. ასევე აღნიშნავენ, რომ ამ ჰესის აშენებას თან ახლავს სერიოზული სეისმური საფრთხეც და მოჰყავთ ექსპერტების შეფასება, რომლის თანახმად, ნამახვანის და ტვიშის კაშხლების კასკადი 5 მაგნიტუდის მიწისძვრასაც ვერ გაუძლებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG