Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წყალტუბოს მერია აცხადებს, რომ ტერიტორიიდან, სადაც "ნამახვანჰესის​" აშენება იგეგმება, ჯვარი მათ მოხსნეს


წყალტუბოს მერია აცხადებს, რომ ტერიტორიიდან, სადაც "ნამახვანჰესის​" აშენება იგეგმება, ჯვარი მათ მოხსნეს. აქციის მონაწილეები ჰესის აშენებას აპროტესტებდნენ და ითხოვდნენ, "არ მოეჭრათ ჯვარი".

"30 იანვარს კომპანიამ მოგვმართა თხოვნით, საკითხის დელიკატურობიდან გამომდინარე, უსაფუძვლო ქსენოფობიური და ეთნიკური სპეკულაციების გამორიცხვის მიზნით, მუნიციპალიტეტს მოეხდინა მათ კერძო ტერიტორიაზე, სამშენებლო მოედანზე უკანონოდ აღმართული ჯვრის გადატანა. მუნიციპალიტეტმა გაითვალისწინა შექმნილი ვითარება და 30 იანვარს საღამოს, ეპარქიის მღვდელმთავართან შეთანხმებით, მოხდა ჯვრის გადაბრძანება ქალაქ ქუთაისში, ბაგრატის საკათედრო ტაძარში", - ვკითხულობთ წყალტუბოს მერიის განცხადებაში.

ჰესის კასკადის ტერიტორიაზე 30 იანვარს, დილიდან განახლდა სამშენებლო სამუშაოები, რასაც ხმაური და ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა. ტერიტორიაზე მთელი დღის განმავლობაში იყო მობილიზებული პოლიციაც. საღამოს პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა რიონის ხეობაში, ნამახვანის ჰესების კასკადის სამშენებლო ტერიტორიაზე, საპროტესტო აქციის მონაწილეების კუთვნილი კარავი.

ნამახვანის ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები წყალტუბოს რაიონის სოფელ ჟონეთში გასული წლის ნოემბრიდან დაიწყო. ადგილობრივთა ნაწილი რამდენიმე თვეა დღე-ღამის განმავლობაში მორიგეობს სოფელ ჟონეთში, რიონის კალაპოტთან ჰესის მშენებლობის შეწყვეტისა და ტერიტორიიდან კომპანია „ენკა რინიუებლზის“ სამშენებლო ტექნიკის გატანის მოთხოვნით.

გაიმართა ხალხმრავალი აქციებიც. 14 ნოემბერს გამართული აქცია, რა დროსაც მისმა მონაწილეებმა ქუთაისისა და ლეჩხუმის მხარის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა რამდენიმე საათით გადაკეტეს, პოლიციამ ძალით, მიწოლით დაშალა.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, კომპანიის მიერ მომზადებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის (გზშ) მიხედვით, მხოლოდ ქვემო ნამახვანის პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანი რაოდენობის მიწის დაკარგვას გამოიწვევს და ამის მიზეზი 610 ჰა სარკის ზედაპირის მქონე წყალსაცავის მოწყობა იქნება.

მათივე ინფორმაციით, დატბორვის გამო ფიზიკური განსახლება ემუქრება 100 ოჯახს, ხოლო პროექტის არაპირდაპირ ზეგავლენას კიდევ უფრო მეტი ოჯახი გამოცდის საკუთარ თავზე. ასევე აღნიშნავენ, რომ ამ ჰესის აშენებას თან ახლავს სერიოზული სეისმური საფრთხეც და მოჰყავთ ექსპერტების შეფასება, რომლის თანახმად, ნამახვანის და ტვიშის კაშხლების კასკადი 5 მაგნიტუდის მიწისძვრასაც ვერ გაუძლებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG