Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პროკურატურა დასაბუთებულს უწოდებს ალექსეი ნავალნისათვის პირობითი სასჯელის რეალურით შეცვლის მოთხოვნას


რუსეთის გენერალური პროკურატურა დასაბუთებულს უწოდებს სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის მოთხოვნას კრემლის კრიტიკოსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნისათვის, ე.წ. ივ როშეს საქმეზე პირობითი სასჯელის რეალურით შეცვლის შესახებ და 2 თებერვლის სასამართლო პროცესზე შეეცდება, დაიცვას საკუთარი პოზიცია.

„ალქსეი ნავალნის მხრიდან ჩადენილი კანონსაწინააღმდეგო მოქმედება დაედო საფუძვლად სარჩელის წარდგენას სასამართლოში მისთვის პირობითი სასჯელის გაუქმებისა და სასამართლოს მიერ გამოტანილი პატიმრობის სანქციის აღსრულების შესახებ. შესაბამისი წარდგინება მიჩნეულია კანონიერად და დასაბუთებულად“, - ნათქვამია რუსეთის გენერალური პროკურატურის განცხადებაში.

2014 წლის დეკემბერში ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი მოსკოვის სასამართლომ დამნაშავედ ცნო, „ივ როშეს“ და კიდევ ერთი ფირმის ფილიალებიდან, 30 მილიონი რუბლის (442 ათასი $) გაფლანგვაში.

ალექსეი ნავალნისათვის შიდა პატიმრობის შეფარდების მიზეზი გახდა პროკურატურის გამომძიებლების მიერ მიმდინარე გამოძიება ნავალნის მიერ სავარაუდო გაფლანგვის საქმეზე, რაშიც თითქოსდა ჩართული იყო ცნობილი ფრანგული კოსმეტიკური ფირმა „ივ როშე“ (Yves Rocher).

სტრასბურგში მდებარე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2017 წლის ოქტომბერში დაადგინა, რომ ნავალნისა და მის ძმის მიმართ დაირღვა სამართლიანი სასამართლოს პრინციპი.

მაგრამ რუსეთის სასამართლო მიიჩნევს, რომ ნავალნი ვალდებული იყო თვეში ორჯერ გამოცხადებულიყო სისხლის სამართლის აღსრულების ინსპექციაში. 2017 წლის აგვისტოში ნავალნის გაუგრძელეს გამოსაცდელი ვადა 2020 წლის 29 დეკემბრამდე იმის გამო, რომ იგი ბევრჯერ არ გამოცხადდა ინსპეციაში და სამჯერ იყო მიცემული ადმინისტრაციულ პასუხისგებაში.

„კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დამაარსებელი ალექსეი ნავალნი, რომელიც გასული წლის აგვისტოს ბოლოს, რუსეთში მოწამლეს „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნივთიერებით, გერმანიაში ოთხთვიანი მკურნალობის შემდეგ მოსკოვში 17 იანვარს დაბრუნდა. ნავალნი აეროპორტშივე დააკავეს, მეორე დღეს კი სასამართლომ 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

2 თებერვალს დანიშნულ სასამართლომდე ორი დღით რუსეთის 80-ზე მეტ ქალაქში გაიმართა საპროტესტო აქციები ოპოზიციონერი ლიდერის, „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დამაარსებლის, ალექსი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით.

პოლიციამ და ეროვნულმა გვარდიამ, იმ საბაბით, რომ აქციები არასანქცირებული იყო, საპროტესტო გამოსვლები ძალის გამოყენებით დაშალეს და 5 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს. მათ შორის, მედიის ასამდე წარმომადგენელი.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და ევროკავშირის ხელმძღვანელობამ დაგმეს რუსეთში საპროტესტო აქციების მონაწილეების და ჟურნალისტების მასობრივად დაკავება და არაპროპორციული ძალის გამოყენება.

XS
SM
MD
LG