Accessibility links

logo-print logo-print

დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი დე ფაქტო პარლამენტის დაშლით იმუქრება


ანატოლი ბიბილოვი

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში პოლიტიკური კრიზისი სულ უფრო ღრმავდება. დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ე.წ. პარლამენტის დაშლით იმუქრება, ოპოზიციონერი დეპუტატები კი ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან.

გასულ კვირას, ბიბილოვის მოთხოვნით, ე.წ. პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევის მცდელობა სამჯერ ჩავარდა. „დეპუტატების“ ნაწილი სხდომაზე არ გამოცხადდა, კვორუმის არარსებობის გამო კი სესია ვერ გაიმართა. ამ სესიაზე ბიბილოვს პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ვითარების განხილვა და ბიუჯეტის მიღება ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა ე.წ. დეპუტატები საკუთარ მოთხოვნებს არ ცვლიან. ისინი დე ფაქტო გენერალური პროკურორის, ურუზმაგ ჯაგაევის, გადაყენებას და ინალ ჯაბიევის მკვლელობის საქმის სამართლიან გამოძიებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში საპარლამენტო საქმიანობას არ დაუბრუნდებიან და ბოიკოტს გააგრძელებენ. ბიბილოვი კი აცხადებს, რომ ხალხს მიმართავს და პარლამენტის წინააღმდეგ მათი სურვილისა და ნების მიხედვით იმოქმედებს. ბოიკოტის რეჟიმში მყოფმა „დეპუტატებმა“ სოციალური ქსელით საპასუხო განცხადება გაავრცელეს.

„ანატოლი ბიბილოვის განცხადება იმის შესახებ, რომ იტოვებს უფლებას პარლამენტის მიმართ რეპრესიული ზომები გაატაროს, კიდე ერთხელ მეტყველებს იმაზე, რასაც პარლამენტის დეპუტატები, ბოლო ორი წელია, ამბობენ. ამჟამინდელი ხელისუფლება სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებრიობის ნგრევით არის დაკავებული. პარლამენტის წინააღმდეგ უკანონო ქმედებებს საშინელი შედეგები მოჰყვება სამხრეთ ოსეთისა და მისი ხალხისთვის. დღეს გაკეთებული განცხადებით პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მისი ყველა ქმედება საზოგადოებაში დაპირისპირებისკენ არის მიმართული. ჩვენ ვაფრთხილებთ ანატოლი ბიბილოვს, თავი შეიკავოს უგუნური, დანაშაულებრივი ქმედებებისგან. მათი შედეგი შეუქცევადი იქნება. ყველა პასუხისმგებლობა დაეკისრება პრეზიდენტს”, - წერია ე.წ. დეპუტატების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცხინვალი
ცხინვალი

„დეპუტატების“ განცხადებით, ისინი მზად იყვნენ შეხვედროდნენ ანატოლი ბიბილოვს დე ფაქტო რესპუბლიკაში არსებული სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობის განსახილველად, მაგრამ მოულოდნელად დღის წესრიგში სხვა საკითხებიც მოხვდა, თუმცა ამაზე წინასწარი შეთანხმება არ ყოფილა.

„დეპუტატი“ პარტია „ნიხასიდან“, დავით სანაკოევი, ამბობს, რომ კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტს არ შეუძლია დაითხოვოს პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოს არარსებობის პირობებში. მისი თქმით, ეს საკითხი არ შეიძლება გატანილ იქნეს რეფერენდუმზე, ვინაიდან კანონით აკრძალულია პლებისციტის ჩატარება პარლამენტის ან პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის შემცირების ან გაზრდის მიზნით:

”პრეზიდენტის ქცევაში არანაირი ცვლილება არ შეინიშნება, მისგან არანაირი წინადადება არ მოდის. დღეს ისევ გადავეცით, რომ ჩვენთან საუბარი საჭირო არ არის. ის უნდა ესაუბროს ოქსანა სოტიევას და მაია ჯაბიევას (ინალ ჯაბიევის ცოლი და დედა) იმისთვის, რომ გადაწყდეს მათი საკითხი. როგორც კი ეს ხალხი მოედნიდან სახლში კმაყოფილი წავა, ჩვენ მაშინვე, იმავე წამს, მივდივართ სესიაზე. პრეზიდენტმა საუბარი დაიწყო პარლამენტის დაშლაზე, მაგრამ ჩვენ შევეცადეთ ეს ნორმა აღმოგვეჩინა ჩვენს კანონმდებლობაში. სამხრეთ ოსეთის კანონმდებლობაში საკონსტიტუციო სასამართლოს გარეშე როგორ უნდა გააკეთოს მან ეს? ანალოგიურად, ჩვენ ვერ შევძლებთ მის იმპიჩმენტს. რა თქმა უნდა, მისგან ყველაფერს შეიძლება ველოდოთ, რადგან მისთვის კანონის ეს დარღვევა, ანუ პარლამენტის დაშლა, იქნება კანონის კიდევ ერთი დარღვევა. ჩემთვის ძნელია იმის თქმა, თუ როგორ განხორციელდება ეს და რა მექანიზმი იქნება. ასევე საინტერესოა, თუ როგორ იმოქმედებს ხელისუფლება - ცესკო და სხვები, რა რეაქცია ექნებათ მათ. კანონში პირდაპირ იკრძალება რეფერენდუმზე იმ შეკითხვების გატანა, რომელშიც საუბარია პარლამენტის ან პრეზიდენტის ვადის შემცირებაზე ან გაზრდაზე“, - უთხრა დავით სანაკოევმა „ეხო კავკაზას“.

ცხინვალის ცენტრალურ მოედანზე საპროტესტო აქციას აგრძელებენ ინალ ჯაბიევის ოჯახის წევრები და მათი მხარდამჭერები. ძალოვანების მიერ მოკლულის ცოლი, ოქსანა სოტიევა, ამბობს, რომ მისთვის არაფერი შეიცვლება და საპროტესტო აქცია მანამდე გაგრძელდება, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

„ჩვენ ვაგრძელებთ მოედანზე დგომას, ჩვენი საპროტესტო აქცია გრძელდება და გაგრძელდება მანამ, სანამ ჩვენ მიერ გაცხადებული მოთხოვნები არ შესრულდება. ეს არის გენერალური პროკურორის გადადგომა, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, იგორ ნანიევის, სამართლებრივი პასუხისმგებლობა და ინალ ჯაბიევის საქმეზე სამართლიანი გამოძიება".

რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყარო გვატყობინებს, რომ ვითარება უკიდურესად რთულია და არც ერთი მხარე კომპრომისზე წასვლას არ აპირებს:

„ბიუჯეტი არ არის მიღებული. ბიბილოვმა ერთ კაცთან, ურუზმაგ ჯაგაევთან, მეგობრობას გადააყოლა მთელი სახელმწიფო და კრიზისი თავად შექმნა. პროკურორის გათავისუფლებით ინალ ჯაბიევის მომხრეებიც წავიდოდნენ სახლში და პარლამენტიც დაიწყებდა მუშაობას, მაგრამ ის ამაზე არ მიდის, კომპრომისი მას სისუსტედ მიაჩნია და კრიზისს უფრო აღრმავებს. დეპუტატებიც არ დათმობენ, რადგან ახლა თუ დათმეს, სულ ასე მოუწევთ შემდეგში ყოფნა. კონსტიტუციის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე პარლამენტის დათხოვნა შეუძლებელია, საკონსტიტუციო სასამართლო კი ჯერ არ გვაქვს. ამიტომ ბიბილოვის განცხადება, რომ ხალხს ჰკითხავს და მერე ისე დაშლის პარლამენტს, უკანონოა. რეფერენდუმზე თუ გაიტანა ეს საკითხი, ეს რეფერენდუმი თავიდანვე უკანონო იქნება. დეპუტატები უკვე რუსეთის ხელისუფლებას მიმართავენ, რომ ამ კრიზისის დაძლევაში დაეხმარონ, მაგრამ კრიზისის სათავე თავად ბიბილოვია და, როგორც ჩანს, მას კრემლიდან უნდა უთხრან ეს ყველაფერი. მოკლედ, წინ მძიმე დღეები გველის“.

ოსური მედიის ცნობით, დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი თებერვალში აპირებს ხალხს სიტყვით მიმართოს ე.წ. პარლამენტის დაშლასთან დაკავშირებით.

30 წლის ინალ ჯაბიევი 2020 წლის 28 აგვისტოს გარდაიცვალა ცხინვალის დროებითი იზოლატორიდან საავადმყოფოში მიყვანამდე. ჯაბიევი ეჭვმიტანილი იყო დე ფაქტო შს მინისტრ იგორ ნანიევის ავტომანქანაზე 17 აგვისტოს განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმაში. ინფორმაციას, რომ ინალ ჯაბიევის სიკვდილი, სავარაუდოდ, გამოიწვია იზოლატორში მისმა ცემამ და წამებამ, საპროტესტო აქციები მოჰყვა. მასობრივი მღელვარების გამო გადადგა დე ფაქტო მთავრობა, ადგილობრივი მილიციის რამდენიმე თანამშრომელი პასუხისგებაში მისცეს, თუმცა თანამდებობა შეინარჩუნა დე ფაქტო გენერალურმა პროკურორმა ურუზმაგ ჯაგაევმა. მის გადადგომას ე. წ. პარლამენტის წევრთა უმრავლესობა ამ დრომდე მოითხოვს.

თვე-ნახევრის წინ ინალ ჯაბიევის ოჯახის ორგანიზებით ცხინვალის ცენტრში საპროტესტო აქცია დაიწყო სამართლიანი გამოძიებისა და მკვლელობის თანამონაწილეთა დასჯის მოთხოვნით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG