Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ოცნება" გზაჯვარედინზე? არალეგიტიმური პარლამენტი თუ დარღვეული კონსტიტუცია


2 თებერვალს, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე კენჭს უყრიან ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების გაუქმების საკითხს. ამ გადაწყვეტილების მოლოდინშია 6 პარტიის 51 დეპუტატი, რომლებმაც საკანონმდებლო ორგანოს პირადი განცხადებებით დეკემბერში მიმართეს.

საკითხის გადადების ყველა შესაძლებლობა ამოიწურა და „ოცნება“ რთულ გზაგასაყართან აღმოჩნდა. კონსტიტუციონალისტების ლოგიკის თანახმად, თუკი ოპოზიციონერ დეპუტატებს მანდატები გაუუქმდებათ - კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება მე-10 მოწვევის პარლამენტის ლეგიტიმაცია, ხოლო თუ არ გაუუქმდებათ - მაშინ კონსტიტუცია დაირღვევა. საკითხს დილემად არ განიხილავენ „ქართულ ოცნებაში“ და თვლიან, რომ მანდატების გაუქმება-არგაუქმება პარლამენტარების გადასაწყვეტია.

თუკი ოპოზიციის მანდატები არ გაუქმდება

„თუკი პარლამენტი არ დააკმაყოფილებს ოპოზიციონერი დეპუტატების პირად განცხადებებს და მათ უფლებამოსილებას არ შეუწყვეტს, ამით კონსტიტუცია დაირღვევა“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი. მას არცკი წარმოუდგენია, თუ როგორ უნდა დაუშვან ეს „შეცდომა“ და „ძალიან ცუდი საქციელი“ „ქართულ ოცნებაში“ და როგორ უნდა აუხსნას მერე ეს ყველაფერი თავის სტუდენტებს, მაგალითად - „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

ავთანდილ დემეტრაშვილი გვეუბნება:

  • „კონსტიტუციის 39-ე მუხლში პირდაპირ არის დაფიქსირებული, რა შემთხვევაში უწყდება უფლებამოსილება პარლამენტის წევრს. ჩამოთვლილ საფუძვლებში ერთ-ერთია - პირადი განცხადება და აქვეა - გარდაცვალების შემთხვევა... წარმოიდგინეთ, რა კომიკური სიტუაცია შეიქმნებოდა - გარდაცვლილ ადამიანს რომ არ შეუწყვიტოს სადეპუტატო უფლებამოსილება პარლამენტმა. ასევე პირადი განცხადების დაწერის შემთხვევაშიც. ადამიანს არა აქვს სურვილი, რომ იმუშაოს და როგორ შეიძლება მისი ამ ნების იგნორირება?!"
  • „გულწრფელად ვამბობ, „ოცნებაში“ კონსტიტუციონალისტების კარგი გუნდია შეკრებილი - ირაკლი კობახიძე, გიორგი კახიანი, შალვა პაპუაშვილი ... ამიტომ ჩემთვის მოულოდნელი იქნება, რომ მათ ასეთი შეცდომა დაუშვან... ეს ძალიან ცუდი საქციელი იქნება „ოცნების“ მხრიდან და არ ვიცი, მერე ირაკლი კობახიძემ თავის სტუდენტებს როგორ უნდა შეხედოს თვალებში. ეს საკითხი აინტერესებდათ და მე ჩემს სტუდენტებთან ჩავატარე ერთგვარი გამოკითხვა - არცერთმა სტუდენტმა არ დაუშვა იმის შესაძლებლობა, რომ პარლამენტმა უარი უთხრას დეპუტატებს პირადი განცხადებების დაკმაყოფილებაზე“;
  • „ირაკლი კობახიძის ბოლო სახელმძღვანელოში შავით თეთრზეა დაფიქსირებული, რომ პარლამენტმა ცნობად უნდა მიიღოს განცხადება (დეპუტატის) უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე“.

ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შენარჩუნების შესაძლებლობებზე ირაკლი კობახიძემ ჯერ კიდევ დეკემბრის დასაწყისში დაიწყო ლაპარაკი. ის აცხადებდა, რომ ამ მხრივ კონსტიტუციაში გათვალისწინებული იყო სპეციალური მექანიზმი ოპოზიციის „საბოტაჟის საწინააღმდეგოდ“. შემდეგ მისი პოზიცია თითქოს შეიცვალა და 17 დეკემბერს განაცხადა, რომ მანდატების გაუქმება არ შეფერხდებოდა და დაახლოებით 10 დღეში გადაწყდებოდა. თუმცა შემდეგ ისევ ისმოდა განმარტებები „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლების მხრიდან, რომ მმართველი პარტია პოლიტიკური დიალოგისთვის წერტილის დასმას არ ჩქარობდა და, ფაქტია, რომ საკითხი საგაზაფხულო სესიამდე გადაიდო.

1 თებერვალს ბიუროს სხდომამ დაადგინა, რომ 2 თებერვალს, პარლამენტის სხდომაზე განსახილველი პირველი 51 საკითხი სწორედ 51 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას შეეხება. ამ სიაშია:

  • „ნაციონალური მოძრაობის“ ბლოკის 36 დეპუტატი;
  • „ევროპული საქართველოს“ 5 დეპუტატი;
  • ბლოკის „სტრატეგია აღმაშენებელი“ 4 დეპუტატი;
  • „ლელოს“ 4 დეპუტატი;
  • „გირჩის“ 1 დეპუტატი (ზურაბ ჯაფარიძე);
  • „ლეიბორისტული პარტიის“ 1 დეპუტატი.

1 თებერვალს „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა, რომელიც ერთ თანაპარტიელთან (ლევან იოსელიანთან) ერთად უკვე შევიდა პარლამენტში და 2 თებერვლის სხდომასაც დაესწრება, პირდაპირი პასუხი არ გასცა რადიო თავისუფლების შეკითხვას - დაუჭერენ თუ არა „მოქალაქეები“ მხარს ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების გაუქმების საკითხს. „ხვალ გაიგებთ“ - გვითხრა მან.

ცნობილია, რომ ამ საკითხის მხარდაჭერას არ გეგმავენ „ევროპელი სოციალისტები“. „პატრიოტთა ალიანსის“ სიით შესული 4 დეპუტატი მოუწოდებს ყველა კოლეგას, რომ „გამონახონ გამოსავალი არსებულ ვითარებაში და კონსტრუქციულ, ურთიერთშეთანხმების ფორმატში მიიღონ გადაწყვეტილება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“.

ოპოზიციის ძირითად ნაწილში თვლიან, რომ სადეპუტატო უფლებამოსილების საკითხის შეწყვეტა მათ გეგმებში არაფერს შეცვლის, რადგან უცვლელად რჩება რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა და მოქმედ პარლამენტში შესვლას ისინი ისედაც არ გეგმავდნენ.

„პირადად მე ვფიქრობ, რომ გაუჭირდება „ქართულ ოცნებას“ მანდატების შეწყვეტა, რადგან ეს ძნელი ასახსნელი იქნება შემდეგ, მათ შორის - დასავლელი პარტნიორებისთვისაც. თუმცა ჩვენთვის ეს არაფერს ცვლის.

ოპოზიციური პარტიების უდიდესი ნაწილის დღის წესრიგი უცვლელია, ეს არის: რეგიონებში გასვლა და მეტი კომუნიკაცია ამომრჩევლებთან, სხვადასხვა ფორმისა და ზომის აქციების გამართვა, პარტიებს შორის კოორდინაცია - თანამშრომლობა და დასავლელი პარტნიორების ინფორმირება. გუშინაც გვქონდა ჩართვა ევროკავშირის ელჩებთან. ჩვენი მიზანია წნეხი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარედან “ - უთხრა რადიო თავისუფლებას „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელმა, სერგო ჩიხლაძემ.

რას ფიქრობენ „ქართულ ოცნებაში“? დაირღვევა თუ არა კონსტიტუცია და კანონი - ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების არგაუქმების შემთხვევაში?

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი გვეუბნება, რომ პარლამენტის წევრებს შეუძლიათ როგორც მხარი დაუჭირონ, ასევე არ დაუჭირონ მოცემულ საკითხს:

„კანონში წერია, რომ საკითხი გადის პარლამენტის სხდომაზე. პარლამენტარი რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს მისი ნებაა. ის ამ შემთხვევაში კანონს არ არღვევს. თუ როგორი იქნება პარლამენტართა გადაწყვეტილება, ამას ვნახავთ კენჭისყრაზე. ამასთან დაკავშირებით მიღებულ იქნება კონსოლიდირებული გადაწყვეტილება უმრავლესობაში, ფრაქციაში...

ბევრნაირად ხდება ამ სიტუაციის განმარტება - სამართლებრივი კუთხითა თუ პოლიტიკური მიზანშეწონილობის მიხედვით. მრავალწახნაგოვანი საკითხია ეს.

საბოლოო ჯამში, ორი რამ დგას სასწორზე, ერთია კანონის მოთხოვნა და მეორეა - პოლიტიკური ნება. მათ შორის თავისი პოლიტიკური ნება შეიძლება გააჩნდეს უმრავლესობასაც. თუ ასეთი რამ მოხდა და პერსპექტივაში საბოლოო გადაწყვეტილება კოლიზიაში მოვიდა კანონთან, არსებობს გასაჩივრებისა და დავის სხვადასხვა საშუალება“.

ირაკლი ქადაგიშვილი არ გვიმხელს თავად რომელი პოზიციიდან უყურებს 2 თებერვლის კენჭისყრას. გვეუბნება, რომ კენჭისყრა ღია იქნება და ზუსტად გვეცოდინება, რომელი დეპუტატი როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს.

საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად:

  • პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ იგი: პარლამენტს მიმართავს პირადი განცხადებით უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ; იკავებს სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობას ან ეწევა შეუთავსებელ საქმიანობას; გარდაიცვალა; დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობა და სხვა.

კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ რადიო თავისუფლებას განუმარტა, რომ პარლამენტს დიდი არჩევანი არა აქვს, რადგან კონსტიტუციის ჩანაწერი - „შეუწყდება“ - „იმპერატიულად“ უნდა იქნას მიჩნეული.

ხმალაძე თვლის, რომ დეპუტატებისთვის პირადი განცხადების არდაკმაყოფილება, იქნება კონსტიტუციის არაკეთილსინდისიერი განმარტებადა, სულ მცირე, სადავო საკითხად იქცევა.

თუკი ოპოზიციის მანდატები გაუქმდება

თუკი 51 ოპოზიციონერ დეპუტატს მანდატები გაუუქმდებათ, ამჟამინდელ ვითარებაში, 150-წევრიან პარლამენტში ვერ შეიკრიბება 100 დეპუტატი (საერთო რაოდენობის 2/3), რაც კონსტიტუციისა და რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის სრული უფლებამოსილების განმსაზღვრელი აუცილებელი რაოდენობაა.

  • კონსტიტუციის 38-ე მუხლის თანახმად: ახალარჩეული პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა ორი მესამედის (100 დეპუტატის) უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან.
  • პარლამენტის რეგლამენტის 86-ე მუხლის თანახმად: თუ იმ პარლამენტის წევრთა რაოდენობა, რომელთა უფლებამოსილებაც ცნო პარლამენტმა, პარლამენტის სრული შემადგენლობის ორ მესამედზე (100 დეპუტატი) ნაკლებია, პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა წყდება.

როგორც კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, კონსტიტუციის 38-ე მუხლი „კატეგორიულ მოთხოვნას“ ასახავს და თუკი რომელიმე ეტაპზე პარლამენტში ვეღარ შეგროვდება 100 დეპუტატი, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება პარლამენტის ლეგიტიმაციის საკითხი.

დემეტრაშვილის თქმით:

  • „თუ პარლამენტში არ იქნება 2/3 (100 დეპუტატი), მას არ ექნება სრული უფლებამოსილება. ელემენტარულად ვერ გადაწყვეტს მთელ რიგ საკითხებს“;
  • ლეგიტიმაცია ციფრებში ძნელად გამოიხატება, მაგრამ მე და რამდენიმე ავტორიტეტული კონსტიტუციონალისტი ვთვლით, რომ თუ 100 დეპუტატი არ არის, არა თუ მხოლოდ ახალ არჩეულ პარლამენტში, არამედ შემდეგ ეტაპზეც, ეს პარლამენტი არ არის ლეგიტიმური“.

ავთანდილ დემეტრაშვილი გვეუბნება ასევე, რომ ეს ვითარება უხერხულობას შეუქმნის „ქართულ ოცნებას“, პირადად ირაკლი კობახიძესაც და მათ შორის - ევროსაბჭოშიც.

„ვიცნობ მე კარგად ირაკლი კობახიძეს. მასთან ერთად 3 სახელმძღვანელო მაქვს დაწერილი. მე მგონია, უხერხული იქნება მისთვის თუნდაც ალეკო ელისაშვილის პარტიასთან ერთად და კიდევ „პატრიოტთა ალიანსიდან“ პარლამენტში შესულ 4 ადამიანთან ერთად („ევროპელი სოციალისტები“) არასრულფასოვან პარლამენტში მუშაობა. მით უფრო, რომ ირაკლი კობახიძე არის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი და იქ ის ასეთ შემთხვევაში ცოტა უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდება“.

არსებობს თუ არა მექანიზმი დეპუტატების არასრული შემადგენლობის გამო არალეგიტიმურად ქცეული პარლამენტის დასაშლელად? ავთანდილ დემეტრაშვილი გვეუბნება, რომ არ არსებობს. თუმცა შესაძლოა საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდეს ეს საკითხი ანდა ასეთი პარლამენტის მიერ მიღებული კანონები თუ ნორმატიული აქტები.სხვა საკითხია, რას გადაწყვეტს საკონსტიტუციო სასამართლო და როგორია ნდობა მის მიმართ. ოპოზიცია მას არ ენდობა.

"ქართული ოცნების" წამომადგენლებმა სხვადასხვა დროს არაერთხელ უთხრეს რადიო თავისუფლებას, რომ პარლამენტი ოპოზიციური პარტიების გარეშეც შეძლებს მუშაობის გაგრძელებას; მიუხედავად იმისა, რომ ვერ შეძლებს მთელი რიგი გადაწყვეტილებების მიღებას.

რა შემთხვევაში იქნება პარლამენტში 100 დეპუტატი?

პარლამენტში დეპუტატების 2/3-ის ანუ 100 დეპუტატის შეგროვების ერთადერთი გზაა იაგო ხვიჩიას „გირჩის“ დეპუტატების შესვლა პარლამენტში. ამჟამად მათ სათვალავზე 3 მანდატია, მაგრამ თუკი ამ პარტიის სიით გასულ და შემდეგ მათგან გამიჯნულ ზურაბ ჯაფარიძეს მანდატი გაუუქმდება, იაგო ხვიჩიას პარტია ადგილმონაცვლეობის პრინციპით შეძლებს ჯაფარიძის შემცვლელის სახით კიდევ ერთი დეპუტატის შეყვანას პარლამენტში. „გირჩს“ პარტიული სია გაუქმებული არა აქვს და ეს შესაძლებლობა იაგო ხვიჩიამ ჩვენთან საუბარშიც დაადასტურა.

ასეთ შემთხვევაში პარლამენტში იქნებიან:

  • "ქართული ოცნების" 90 დეპუტატი;
  • "ევროპელი სოციალისტების" 4 დეპუტატი;
  • "მოქალაქეების" 2 დეპუტატი'
  • "გირჩის" 4 დეპუტატი.

თუმცა როგორც „გირჩის“ მიერ 1 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, თუკი ოპოზიციონერ დეპუტატებს 2 თებერვლის სხდომაზე მანდატები გაუუქმდებათ, მანდატებზე უარს ამ პარტიის დეპუტატებიც იტყვიან.

"თუ მიუხედავად ჩვენი გულწრფელი თხოვნისა, "ქართული ოცნება" მაინც შეუწყვეტს კოლეგებს უფლებამოსილებას, ამას მივიღებთ "ქართული ოცნების" მხრიდან მთელ ოპოზიციასთან მოლაპარაკების შეწყვეტის გააზრებულ გადაწყვეტილებად და "გირჩის" მოქმედი პარლამენტის წევრებიც დაუყოვნებლივ ჩააბარებენ უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებებს" - ვკითხულობთ იაგო ხვიჩიას „გირჩის“ მიერ 1 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG